x
image
worldsport.ge
გიორგი ონიანი მწვრთნელობას იწყებს: "29 წლის ასაკში კარიერის დასრულება ცუდია, მაგრამ..."

imageგეცოდინებათ, ერთი წლის წინ საქართველოს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" კინაღამ ტრაგედია მოხდა. ბოლსისის "სიონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" სათასო მატჩი სრულდებოდა, როცა სტუმართა მცველი გიორგი ონიანი საჰაერო ორთაბრძოლოს შემდეგ, პირით ხაზს იქით გადავარდა და ორ მეტრში რკინის ბოძს შეეჯახა. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველს კისრის მეხუთე მალის მოტეხილობა-ამოვარდნილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინეს.
ონიანს ორი ოპერაცია დასჭირდა: ერთი თბილისში, მეორე კი, გერმანიაში. საბედნიეროდ, გიორგის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება, თუმცა 3-4 წლის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვები არ შეიძლება. საფეხბურთო კარიერის გაგრძელება კი გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოირიცხა – ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს.
გიორგი ონიანი მწვრთნელობას აპირებს: რა თქმა უნდა, ჯერ ბავშვებში. კერძოდ კი, თბილისის "დინამოს აკადემიაში".
"მსოფლიო სპორტი" ონიანს ესაუბრა:
- 29 წლის ასაკში ფეხბურთისთვის თავის დანებება ძალიან ცუდია, მაგრამ მთავარი ჯანმრთელობაა. ღმერთის წყალობით, გადავრჩი და ნელ-ნელა შევეგუე იმას, რომ ვეღარ ვითამაშებ. უკვე აღარ მიჭირს შეგუების მხრივ. ასეთი ტრავმის შემდეგ, 95 პროცენტი ან ინვალიდი რჩება, ან სულაც იღუპება.
- პირველი ოპერაციის შემდეგ თითქოს იყო ვარაუდი, რომ თამაშს შეძლებდით. ინტერვიუშიც მითხარით, რომ კიდევ აპირებდით თამაშს.
- დიახ, მაგრამ პირველმა ოპერაციამ ჩივილები დამიტოვა. ეს ოპერაცია პირველადი დახმარების, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, თუმცა კისერს რომ ვხრიდი, ნერვებს აწვებოდა. გართულების გამო, მეორე ოპერაცია აუცილებელი გახდა და გერმანიაში გამიკეთეს. თანაც, ჩემი ბიძაშვილი გერმანიაში ქირურგად მუშაობს. სთხოვა ექიმებს, აუხსნა საქმის ვითარება.
- და მეორე ოპერაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ვეღარ ითამაშებდით?
- ასეა. არადა, 5-6 წელი კიდევ ვაპირებდი თამაშს. გერმანიაში მითხრეს, რომ თუ სიცოცხლე მინდოდა, თამაშისთვის თავი უნდა დამენებებინა. 3-4 წლის განმავლობაში ფიზიკურადაც ვერ დავიტვირთები, მაგალითად, სიმძიმეების აწევა არ შეიძლება და ასე შემდეგ.
- გერმანიაში ოპერაცია ვისი ხარჯით გაგიკეთეს?
- ოპერაციის თანხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაიხადა, ვიზა და ბილეთები კი "ტორპედო" ამიღო.
- მწვრთნელობას როდიდან იწყებთ?
- ჯერ ვსწავლობ, B ლიცენზიას ვიღებ. ახლა ბავშვთა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებიდან ანალიზს ვაკეთებ, ორშაბათიდან კი რომელიმე ბავშვთა გუნდს მიმამაგრებენ და სტაჟირებას გავივლი. "დინამოს აკადემიაში" ვიწყებ მწვრთნელობას.




ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

1
137
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
137
  
2014, 9 აპრილი, 20:54
წარმატებები ,ღმერთმა ხელი მოუმართოს ახალ საქმეში,მთავარია გადარჩა, ჯანმრთელობა უპირველესია,უფლის ნებაა ყველაფერი და მან ესე ინება.....
0 1 1