ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორის (2010 და 2012 წწ.) ელენე გედევანიშვილის პირველმა გამოსვლამ სოჭში ოლიმპიადაზე მაყურებლების, სპეციალისტების და ჟურნალისტების დიდი სიმპათიები და მოწონება დაიმსახურა. 19 თებერვალს საღამოს სპორტკომპლექს ”აისბერგში” ელენეს მოთელვაზე გამოსვლისთანავე დარბაზი ტაშით და ოვაციებით აფეთქდა. მაყურებლებმა – მათ შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ, აგრეთვე იყვნენ ამერიკელები, გერმანელები, ბალტიის ქვეყნებისა და იაპონიის მოქალაქეები – ძალიან თბილად მიიღეს ელენე. პრეს-ლოჟის იმ ნაწილში ვიჯექი, რომლის ტრიბუნა მეოთხე სართულზე იყო და კარგად ვხედავდი რა ხდებოდა დარბაზში. ელენეს მიერ შესრულებელი ილეთების შემდეგ მაყურებელთა ნაწილი ყვიროდა: “ბრავო ელენა, ბრავი გრუზია, ჯორჯია!”, მისი გამოსვლის შემდეგ კი ყინულზე ყვავილები ისროლეს.
ჩემს გვერდით ამერიკელი ჟურნალისტები ისხდნენ, რომლებიც ელენეს გამოსვლით კმაყოფილებას ვერ მალავდნენ და ყოველივეს ჟესტით – ცერა თითის აწევით – გამოხატავდნენ. თავიდან ელენე ამ ეტაპისთვის მე-4 ადგილზე იყო, სხვა მოციგურავეების გამოსვლის შემდეგ კი მოკლე პროგრამაში მე-17 ადგილზე (30 მონაწილეთა შორის) გადაინაცვლა. პირველი დღის მინიმალური ამოცანა მიღწეულია- ელენე შემდეგ ეტაპზე გავიდა. მეორედ გედევანიშვილი ყინულზე დღეს გამოვა.
მაყურებლების ნაწილი და კოლეგების ერთი ჯგუფი ამბობდა, რომ თავისი ლამაზი გამოსვლით ელენე უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის.
მისი გამოსვლის შემდეგ სწრაფად ჩამოვედი პრეს-ლოჟიდან და სხვადასხვა დერეფნებით მივაგენი იმ გასასვლელს, საიდანაც ელენე უნდა გამოსულიყო. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ქურთუკი მეცვა წარწერით “ჯორჯია” და შესაძლოა, ამიტომ, შენობაში რამდენიმე ისეთ ადგილას შემიშვეს, რომ უკან დაბრუნებისას მოხალისეებს და დაცვას უკვირდა – იქ როგორ მოხვდითო?
მოკლედ, ელენე გედევანიშვილისა და გამცილებელი გოგონას პირისპირ აღმოვჩნდი. ელენე მშვიდად გამოიყურებოდა, გაუხარდა საქართველოს დროშიანი თანამემამულის დანახვა, ხელი ჩამოვართვი, კარგი გამოსვლისთვის შევაქე და წარმატებები ვუსურვე. რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდოდა, მაგრამ გამცილებელმა გოგონამ – ორგკომიტეტის მუშაკმა, ელენეს ანიშნა - წასვლაა საჭიროო და როგორც ეს პროცედურითაა გათვალისწინებული, სხვა მიმართულებით გაიყვანა.
ტრიბუნაზე შესვლისას ჩემთან ბევრი ქომაგი და კოლეგა მოვიდა. მთხოვეს, მოკითხვა და მათი სიმპათიები გადამეცა ელენესთვის. ისინი ამბობდნენ, რომ ელენე ძალიან ლამაზად გამოვიდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. ერთმა კოლეგამ კი მითხრა – ელენეს მაყურებელთა სიმპათიის სპეციალური პრიზი უნდა მისცენო.
წინა ოლიმპიადებზე – 2006 და 2010 წწ. – ელენე მე-10 და მე-14 ადგილებზე გავიდა.
თენგიზ პაჭკორია, ადლერი (სოჭი), სპეციალურად www.worldsport.ge –თვის