ტკბილეული უგემრიელესი დესერტი "ნანაიმო" 2014, 30 იანვარი, 16:54 ეს არის ძალიან გემრიელი სამფენოვანი დესერტი, რომელიც კანადელმა კონდიტერება შექმნეს( "ნანაიმო"-ქალაქია კანადაში). მისი მომზადება საკმაოდ იოლია, თუმცა დიდ დროს მოითხოვს. დესერტის მომზადება წინასწარ შეიძლება, რადგან გაყინვას ადვილად ექვემდებარება და ცივი გაცილებით გემრიელია. ინგრედიენტები: კარაქი-250 გრამი შაქარი-50 გრამი კაკაო-3 სუფრის კოვზი კვერცხი-1 ცალი(ოდნავ ათქვეფილი) ვანილიანი შაქარი-1 ჩაის კოვზი ვაფლის ნამსხვრევები-1, 5 ჭიქა ქოქოსის ბურბუშელა-1 ჭიქა ნიგოზი ან თხილი-0.5 ჭიქა რძე-50 გრამი შაქრის პუდრა-2, 5 ჭიქა შავი შოკოლადი-200 გრამი ვანილის პუდინგის ფხვნილი-3 სუფრის კოვზი მომზადება: გავადნოთ 100 გრამი კარაქი, დავუმატოთ შაქარი და კაკაო და მოვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხი და ვანილიანი შაქარი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.დავამატოთ ვაფლის ნამსხვრევები(შეიძლება მის მაგივრად გამოვიყენოთ დამსხვრეული შოკოლადის კრეკერები), ქოქოსის ბურბუშელა, ნიგოზი(წვრილად დაჭრილი) და კარგად მოვურიოთ. მიღებული მასა გადმოვიღოთ კარაქწასმულ კვადრატულ ფორმაში და ზედაპირი კარგად გადავასწოროთ. დავდგათ მაცივარში 20 წუთით. ახლა მოვამზადოთ კრემის ფენა: 70 გრამი რბილი კარაქი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ რძე და ვანილის პუდინგის ფხვნილი. თანდათანობით დავამატოთ შაქრის პუდრა.მიღებული კრემი დავასხათ ჩვენს მიერ მაცივარში შენახულ პირველ ფენას და ისევ დავდგათ მაცივარში. ახლა მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი:დარჩენილი კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. გადავასხათ მინანქარი ჩვენს დესერტს და ისევ დავდგათ მაცივარში ცოტა ხნით, სანამ შოკოლადი გამაგრდება. დესერტი დავჭრათ ცხელი დანით, რომ ლამაზი ნაჭრები გამოგვივიდეს. შევინახოთ საყინულეში და საჭიროების შემთხვევაში ნახევარი საათით ადრე გამოვიღოთ საყინულიდან. მიირთვით გემრიელად! 2260 9-ს მოსწონს
|