x
image
worldsport.ge
ეუსებიო

imageიმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც ეუსებიოს თამაშის შესახებ მხოლოდ წიგნებში თუ წაუკითხავს. ჯერ რადიოში მოსმენილი ფეხბურთი არ გაიშვას არსად და წიგნებში ამოკითხული ხომ საერთოდ... მაგრამ, უპირველს ყოვლისა რაც ამ მოზამბიკელ-პორტუგალიელ ბიძაკაცზე მახსენდება ისაა, რომ უკვლებლივ ყველა მისი თანამედროვე ჟურნალისტი, მწერალი თუ რიგითი გულშემატკივარი აღმერთებდა და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც ეუსებიოზე ძველი თაობის ქომაგებიდან ვინმეს რაიმე აუგი დასცდენოდეს.
ჩვენს მიერ აწუკვე ხსენებული ძველი თაობის ქომაგები ფეხბურთს ხშირად ზედმეტადაც რომ აიდიალებდნენ – ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ფეხბურთის გულშემატკივრისათვის “არა არს დაფარული”, ნათლად ვხედავთ თუ მართლაც რაოდენ დიდი ვარსკლავი იყო ეს კაცი და ნამდვილად არ იქნება გადამეტებული თუკი ვიტყვით, რომ მან იმ დროს ითამაშა უმაღლესი დონის ფეხბურთი, როდესაც მსოფლიოში უამრავი დიდი ვარსკვლავი თამაშობდა. დამერწმუნებით, მართლაც საოცარი ვინმე უნდა იყო, პელეს გარინჩას, ჩარლტონის და სხვათა და სხვათა ზეობის ხანაში მოგიწიოს თამაში და შენი კვალი ისე დატოვო, რომ პატარა საქართველოშიც კი უამრავი ქომაგი გყავდეს. ეუსებიოს პორტუგალიელობა ხომ საერთოდ ცალკე ამბავია...
ბევრი გულშემატკივარი ამბობს და მეც ვიზიარებ მათ აზრს, რომ პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები დღეს რომაა – ამ დონისა და შეძლების გუნდი ზღვისკიდეთის მკვიდრთ აქამდე არასოდეს ჰყოლიათ. პორტუგალიის ნაკრები თითქმის ყველა დიდ საფეხბურთო ფორუმზე ფავორიტთა შორისაა და ამ გუნდის განსაკუთრებეულობას ზურგს რასაკვირველია მართლაც უდიადესი ვარკვლავი – კრიშტიანუ რონალდუ უმაგრებს. მაგრამ, როდესაც პორტუგალიის ნაკრებზე საუბრობენ და ეს საუბარი ბუნებრივად რონალდუს განსაკუთრებულობამდე მიდის, უმალ წამოიჭრება ხოლმე ეუსებიოს საკითხიც და აქვე ისმება პორტუგალიაში და არა მხოლოდ პორტუგალიაში, უკანასკნელ ხანს გაჩენილი აქტუალური კითხვა: ეუსებიო თუ რონალდუ? რომელი იყო და არის მათ შორის უპირველესი?
ახლა, როდესაც ეუსებიო გარდაიცვალა და იმედი მაქვს, რომ ზეციურ პირინეაშიც ბურთს აგორებს, უფრო თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ (ცნობილი ამბავია, რომ მკვდარი კაცის ქება უფრო ადვილი საქმეა) ეუსებიომ იმ დროს ითამაშა, როდესაც სხვადასხვა მატჩების თუნდაც ტელეეკრანიდან ცქერა არათუ საბჭოელი ქომაგებისათვის, ევროპელთათვისაც კი დიდი ფუფუნება იყო. ეუსებიომ სულ რამდენიმე მატჩში შეძლო ის, რომ ადამიანები დღესაც მის ფინტებზე, მის ტექნიკაზე და გამორჩეულად გონივრულ პესებზე საუბრობენ. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ კაცს თანამედროვე ეპოქაში რომ ეგორებინა ბურთი, მისი ე.წ. ”პიარი” და შესაბამისად ცდნობადობაც სადამდე იქნებოდა წასული?!...
ეუსებიო - წარმოშობით მოზამბიკელი და საშინელ სიდუხჭირეში გაზრდილი კაცი, განსაკუთრებით ღარიბთა ფენაში იყო და დღესაც არის პოპულარული. პურტუგალიაში თურმე არსებობს გამოთქმა: ”ეუსებიო ღარიბთა კუმირია, რონალდუ კი მდიდრებს მოსწონსო”, რაც მთლიანობაში ალბათ არაა სწორი შეხედულება, მაგრამ ეუსებიომ თავისი განსაკუთრებული კვალი მართლაც იმ ადამიანების გულში დატოვა, რომელთათვისაც ამ კაცის ცხოვრება და დიდებული თამაში იყო მომავლის რწმენისა და იმედის გაჩენის წყარო. ”ეს ჩვენი კაცია. ისიც ჩვენსავით ქოხში იზრდებოდა. მან შეძლო. გამოდის, რომ ჩვენც შეგვიძლია!” – მე მესმის ამ ხალხის. მშვიდობით ეუსებიო. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანებს შენი სახელი არასოდეს დაავიწყდებათ!



ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0