x
image
მანჩო 777
უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი (საკუთარი რეცეპტი)
image
საღამო მშვიდობის, ჩემო ხელმარჯვე დიასახლისებო. მინდა შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი ვაშლის პეროგის რეცეპტი. სცადეთ გამოცხობა...ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით და გაახარებთ თქვენი ოჯახის წევრებს.

მასალა ცომისათვის:

კვერცხი-3 ცალი

შაქარი-1, 5 ჭიქა


კარაქი- 250 გრამი

არაჟანი-100 გრამი

სოდა ძმრით-1 ჩაის კოვზი

ფქვილი- 450 გრამი

ვანილი, მარილი-გემოვნებით

მასალა გულსართისათვის:

მწვანე ვაშლი-4 ცალი

კარაქი-50 გრამი

შაქარი-1 ჩაის ჭიქა

შინდის ჯემი-4 სუფრის კოვზი


მომზადება:

კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ დარბილებული კარაქი, ავთქვიფოთ კიდევ 5 წუთი, ჩავასხათ არაჟანი, დავამატოთ მარილი, ვანილი, სოდა ძმრით და ისევ ავთქვიფოთ 1-2 წუთი. შემდეგ დავამატოთ ფქვილი ცოტ-ცოტა და მოვზილოთ ცომი(მიქსერი აღარ უნდა). ცომი უნდა იყოს საკმაოდ სქელი, რომ ხელით გავაბრტყელოთ. დავდოთ ცომი 30 წუთი მაცივარში.

მოვამზადოთ გულსართი: მწვანე ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ პატარა კუბიკებად, დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე, დავამატოთ შაქარი და კარაქი, დავახუროთ ტაფას თავი და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დროდადრო მოვურიოთ ხის კოვზით. თუ სურვილი გაქვთ, დაუმატეთ დარიჩინი დანის წვერით.

როცა ვაშლი დარბილდება(არ უნდა ჩაიშალოს), გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავყაროთ საწურზე, რომ წვენისაგან კარგად დაიწრიტოს.

გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, ავიღოთ მისი 1/3 ნაწილი და გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელით მრგვალ ფორმაში(მე ვიყენებ წითელი თურქული ღუმელის მრგვალ ფორმას). გვერდები ოდნავ ამოვიყვანოთ ხელით. ცომზე წავუსვათ ცოცხალი შინდის ჯემი, ზემოდან გავშალოთ მოშუშული ვაშლი, გადავასწოროთ ხელით.

დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ ფქვილიან ფიცარზე და ზემოდან გადავაფაროთ ვაშლის ფენას. შევუკეცოთ ლამაზად გვერდები და ზემოდან დავხაზოთ ვაშლისაგან დარჩენილი წვენში დასველებული ჩანგლით.

შევდგათ ღუმელში 150 გრადუსზე და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი მოწითალო შეფერილობის მიღებამდე.

მიირთვით გემრიელად!

image

13
1599
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1599
  
2013, 2 დეკემბერი, 23:10
ჩვეულებრივი
შიგნით რამე შიგთავსით,ქიშმიში და ასეთებით
2013, 2 დეკემბერი, 20:21
აუცილებლად მოგაწვდით კექსის რეცეპტსაც. სამარხვო გინდათ თუ ჩვეულებრივი?:?)
2013, 2 დეკემბერი, 20:19
მადლობა, აუცილებლად მოვსინჯავ და ნახელავს ფოტოს სახით განახებთ :*
2013, 2 დეკემბერი, 20:17
ახლავე დაგიწერ:
ავიღოთ თასზე 1 ცალი დარბილებულიმარგარინი "ვიტამი", დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ მიქსერით კარგად. დავამატოთ 200 გრამი სამარხვო მაიონეზი (უკეთესია "ლასკა") , კიდევ ავთქვიფოთ კარგად. ავიღოთ 1 ჩაის კოვზი სოდა , დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა, დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და ჩავასხათ ცომში, დავამატოთ ცოტა მარილი და ვანილი. ჩავაყაროთ ფქვილი დაახლოებით 450 გრამი, თან ვზილოთ ხელით. ცომი საკმაოდ მაგარი უნდა იყოს და ფხვიერი. შევინახოთ ცომი მაცივარში 30 წუთი და შემდეგ ჩვეულებრივ ზემოთ აღწერილი წესით გავაკეთოთ პეროგი.:) თუ რაიმე ვერ გაიგო, მკითხე.:)
2013, 2 დეკემბერი, 20:13
მანჩო კექსის ფორმა ვიყიდე და მინდა რამე გემრიელი გამოვაცხო ბევრი ვნახე და შენეული რეცეპტოც მაინტერესებს რამე ხელმისაწვდომი და გერიელი კექსის რეცეპტი დაწერე რა
2013, 2 დეკემბერი, 20:08
კვერცხიც გამოვრიცხოთ და უკვერცხოთ არ ამოდის ხოლმე მაინცდამაინც თორემ ჩემებურ ვერსიებს კი ვაცხობ ხოლმე რაღაცეებს.
2013, 2 დეკემბერი, 20:04
ასე მომზადებული ვაშლი ძალიან გემრიელია, პეროგის გარეშეც კარგია, ვისაც უყვარს:)
2013, 2 დეკემბერი, 20:00
წარმნოვიდგინე რა გემრიელი იქნება და პირი ამიწკლაპუნდა,კარგი იქნება უშაქრო ჩაისთან და ყავასთან ერთად.მომეწონა:))
2013, 2 დეკემბერი, 19:59
მაკა, აქვე დაგიწერ ცომს, კარგი? შიგთავსი ზუსტად იგივეა, ოღონდ კარაქის მაგივრად "დაჩა " გამოიყენე.:)
2013, 2 დეკემბერი, 19:59
მართლა ძალიან გემრიელია. ხრაშუნა და არომატული.:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10