ნამცხვრები ნამცხვარი " ატამი" (ფოტორეცეპტი) 2013, 31 ოქტომბერი, 21:51 მოდით ერთად გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის საყვარელი ნამცხვარი "ატამი"-იოლად მოსამზადებელი, ლამაზი და გემრიელი ტკბილეული. ამ ნუგბარის გამოცხობას არც ბევრი მასალა სჭირდება და არც ზედმეტი ძალისხმევა. გააკეთეთ და გაახარეთ თქვენი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით პატარები.მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს. დასაწყისისათვის მოვიმზადოთ ინგრედიენტები: კვერცხი- 2 ცალი შაქარი- 300 გრამი კარაქი-100 გრამი არაჟანი-2 სუფროს კოვზი ფქვილი- 2 ჩაის ჭიქა მოხარშული შესქელებული რძე- 1 ქილა ვანილი, მარილი- გემოვნებით სოდა ან გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი ნიგოზი-100 გრამი სტაფილო-1 ცალი ჭარხალი-1 ცალი მომზადება: კვერცხისა და შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლიმოგლი. დავამატოთ არაჟანი და დარბილებული კარაქი, ავთქვიფოთ მიქსერით კარგად. ფქვილი ავურიოთ გამაფხვიერებელთან ან სოდასთან ერთად, დავამატოთ მარილი დანის წვერით და ცოტაოდენი ვანილი. მოვზილოთ ცომი და შევინახოთ მაცივარში 30 წუთი. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და ხელით გავაკეთოთ პატარა კაკლისტოლა ბურთები, დავაწყოთ ცხიმმოსმულ ჟარონაზე და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 15-20 წუთი. გავაციოთ ნამცხვარი, შემდეგ მჭრელი წვეტიანი დანით გამოვუღოთ გული, ჩავდოთ მასში მთელი ნიგვზის ლებანი და ამოვავსოთ მოხარშული რძით(სგუშონკით). შევაერთოთ ფრთხილად მსგავსი ნახევრები. მსხვილ სახეხზე გავხეხოთ სტაფილო და გამოვწუროთ წვენი, ანალოგიურად გავაკეთოთ წვენი ჭარხლისგანაც. ატმის ერთი ნახევარი ამოვსვაროთ სტაფილოს წვენში, ხოლო მეორე ჭარხლის წვენში, მთელი ატამი ამოვავლოთ შაქრის ფხვნილში და დავალაგოთ გასაშრობად. გემრიელად მიირთვით! 877 16-ს მოსწონს
|