ნამცხვრები უგემრიელესი ''ეკლერები" და "შუები"-ერთად გავიხსენოთ ბავშვობა 2013, 26 სექტემბერი, 22:35 ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, მე ისევ თქვენთან ვარ და ამ საღამოს შევეცადოთ ერთად გავიხსენოთ ბავშვობა, გავიხსენოთ ბავშვობის საყვარელი ნუგბარი:"ეკლერები" და "შუები". თუმცა გამოვტყდეთ, რომ არც დიდები ამბობენ უარს ამ უგემრიელეს ნამცხვარზე. ბევრმა თქვენთაგანმა ალბათ იცის კიდეც გამოცხობა და ხშირად ახარებს ოჯახის წევრებს ნაზი და გემრიელი "ეკლერებით". მინდა შემოგთავაზოთ ეკლერების ჩემეული რეცეპტი. ნახეთ, აუცილებლად მოსინჯეთ და დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებით. მაშ ასე, მოვამზადოთ მასალა ცომისათვის: კარაქი-250 გრამი წყალი-500 მილილიტრი ფქვილი- 350 გრამი კვერცხი- 9-10 ცალი მარილი, შაქარი- დანის წვერით მასალა კრემისათვის: რძე(2, 5%-იანი)- 1 ლიტრი კვერცხი- 5 ცალი შაქარი- 300 გრამი ფქვილი- 140 გრამი კარაქი- 200 გრამი ვანილი- გემოვნებით მასალა მინანქარისთვის: კარაქი-150 გრამი კაკაო ღია ფერის- 40 გრამი შაქარი- 120 გრამი რძე-3-4 სუფრის კოვზი მომზადება: სქელძირიან ქვაბში(თუჯიაში) ჩავაგდოთ კარაქი და დავასხათ ცივი წყალი, დავამატოთ მარილი და შაქარი დანის წვერით. დავახუროთ თავი და დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი რომ დადნება და წყალი ადუღდება, ჩავაყაროთ ფქვილი ერთბაშად და მაგრად ვურიოთ ხის კოვზით. დავაყოვნოთ ცეცხლზე, სანამ მასა კარგად არ დამრგვალდება და არ მოშორდება ქვაბის კედლებს. გადმოვდგათ გასაგრილებლად. მასა არ უნდა გაცივდეს, თორემ ცომი არ ამოვა. ოდნავ ცხელში სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები და თან მიქსერით სულ ვურიოთ. ცომი უნდა იყოს საკმაოდ სქელი. გადავიტანოთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და ცხიმმოსმულ თუნუქის ფურცელზე დავსვათ ეკლერები. გვახსოვდეს, რომ დაცილება აუცილებელია, რადგამ ცომი ცხობისას მოცულობაში იმატებს. დავდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში 200 გრადუსზე და ვაცხოთ ასე 15-20 წუთი. გამოვიღოთ და დავდგათ გასაციებლად. მოვამზადოთ კრემი: სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და ფქვილი, ავურიოთ ხის კოვზით, დავასხათ ცოტაოდენი რძე და ავზილოთ ცომივით. დავამატოთ კვერცხის გულები და კიდევ მოვურიოთ, რომ კარგად გაილესოს. დავასხათ დარჩენილი რძე და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ადუღებას რომ დაიწყებს, მივცეთ ვანილი ნახევარი ჩაის კოვზი, ვადუღოთ 2-3 წუთი და გადმოვგათ. გადმოვიღოთ ჯამზე და გავაციოთ. ავთქვიფოთ მიქსერით კარაქი გათეთრებამდე, შევურიოთ გაციებული კრემი, ვთქვიფოთ კიდევ 5 წუთი. კრემი მზადაა. გავჭრათ შუაზე ეკლერები ან შუები და გავავსოთ კრემით. შუებს თავზე დავაცრათ შაქრის პუდრა, ეკლერები კი ამოვავლოთ მინანქარში. იმედია გემრიელი ნუგბარი გამოგივიდათ და კიდევ ერთხელ გაახარებთ თქვენი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით პატარების გულებს. 353 12-ს მოსწონს
|