x
image
worldsport.ge
ევროშეჯამება და მსოფლიოს სამზადისი

imageბუდაპეშტში 20-22 სექტემბერს ჩატარებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, პრესკონფერენციაზე შეჯამდა. შეგახსენებთ, გია გუგავას გაწვრთნილმა გუნდმა, ევროპირველობა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
მედალოსნებსა და ნაკრების მწვრთნელებს, უნგრული წარმატება სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ მიულოცა და კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია გუგავამ, გუნდის სახელით სამინისტროს ხელმძღვანელობას უთხრა მადლობა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში შექმნილი კომფორტისთვის.
“სამი შეკრება გავიარეთ და ევროპის ჩემპიონატს კარგად მომზადებულები შევხვდით. მიხარია, რომ ეს, შედეგზეც აისახა. გუნდის გამოსვლით, ცხადია, კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეგვეძლო. მძიმე წონაში ქართული ფინალი უნდა ჩატარებულიყო, რომ არა გიორგი ზაქარიაძისა და რუსი კრივობოკოვის ნახევარფინალში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები. ძალიან დასანანი იყო მძიმე წონის ფინალში ლევან მატიაშვილის წაგებაც. დარწმუნებული ვარ, რევანშს მსოფლიოს ჩემპიონატზე ავიღებთ”, – განაცხადა გია გუგავამ.
ნაკრების თავკაცი, სეზონის დასკვნითი შეჯიბრებისთვის, ევროპირველობის შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს.
“მსოფლიოს ჩემპიონატი 23-27 ოქტომბერს, სლოვენიაში გაიმართება და მასზე მედლები გუნდურ ჩათვლაშიც გათამაშდება. ეს, ჩვენი გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა. შევეცდებით, ეროვნული ნაკრების მიერ დაწესებულ ტრადიციას არც ახალგაზრდულმა გუნდმა უღალატოს და გულშემატკივრები ოქროს მედლით გავახაროთ. სლოვენიაში გამგზავრებამდე, განაცხადში რამდენიმე ცვლილებას შევიტანთ, რათა გუნდურ ჩემპიონატსაც მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ”, – დასძინა გუგავამ.
მოკლე კომენტარები ევროპის ჩემპიონებმა, ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმაც (100 კგ) გააკეთეს. ღვინიაშვილმა თქვა, რომ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გუნდში არსებული კარგი ატმოსფეროა და მისი ოქროს მედალი მთლიანად გუნდს ეკუთვნის. ამასთან, მწვრთნელების გარჯაც არ დაივიწყა და გია გუგავას, გურამ მოდებაძესა და ბიძინა მოხევიშვილს მადლობა გადაუხადა. თუშიშვილმა კი აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, გამარჯვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და გულშემატკივრებისგან თბილი სიტყვების მოსმენაა.
დაბოლოს, შეგახსენებთ, ღვინიაშვილისა და თუშიშვილის გარდა, ბუდაპეშტში კვარცხლბეკზე ლევან გუგავა, ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძეც ავიდნენ - გუგავა და მატიაშვილი მეორე საფეხურზე, ხოლო ზაქარიაძე – მესამეზე.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0