ნამცხვრები ტირამისუ (ფოტორეცეპტი) 2013, 16 სექტემბერი, 21:35 ამჯერად შემოგთავაზებთ პოპულარული იტალიური დესერტის "ტირამისუს" მომზადებას. მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტებია იტალიური ნაღების ყველი "მასკარპონე" და ნამცხვარი "ქალის თითები" ან თუკი ხელი მიგიწვდებათ, უმჯობესია ნამცხვარი "სავოიარდი". შეიძლება მომზადდეს ბისკვიტზეც, მაგრამ ნამდვილი "ტირამისუსაგან" შორს იქნება. მაშ ასე, დავიწყოთ. ინგრედიენტები: ყველი "მასკარპონე" - 500 გრამი ნამცხვარი " სავოიარდი" - 200 გრამი კვერცხი -3-4 ცალი შაქრის პუდრა -100 გრამი მაგარი ნატურალური (უმჯობესია "ესპრესო") ან ხსნადი ყავა- ნახევარი ჩაის ჭიქა ყავის ლიქიორი- 2-3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი - 50 გრამი მომზადება: უწინარეს ყოვლისა, ყველი მასკარპონე უნდა შევინახოთ მაცივარში. ყველი უნდა იყოს ძალიან ცივი, რომ კრემი ნორმალური კონსისტენციის გამოვიდეს, თუმცა არა გაყინული. კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ავიღოთ კვერცხები და ერთმენეთისაგან დავაცილოთ გული და ცილა. გულები ჩავასხათ ჯამში და ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ შაქრის ნახევარი და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ გათეთრდება გოგლიმოგლი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად, სანამ არ გასქელდება და თქვეფა არ გაგვიჭირდება. გამოვიღოთ ყველი მაცივრიდან და შევურიოთ გოგლიმოგლს. ფრთხილად დავამატოთ ათქვეფილი ცილის მასა. სწრაფად მორევა არ შეიძლება, თორემ კრემი თხელი გამოვა. ავიღოთ თასში გაციებული ყავა და დავამატოთ ლიქიორი. ფართო ღრმა თასში დავიწყოთ ნამცხვრის ჩაწყობა. წამით ჩავდებთ თითოეულ ნამცხვარს ყავაში და ჩავდებთ თასში ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ. როცა ერთი ფენა ბოლომდე შეივსება, დავასხამთ კრემის ნახევარს და მოვაცრით კაკაოს ან მოვაყრით გახეხილ შოკოლადს. შემდეგ დავაწყობთ მეორე ფენა ნამცხვარს, დავასხამთ დარჩენილ კრემს და მოვაცრით თავზე კაკაოს. დავდოთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათი. კარგად გაციებული "ტირამისუ" დავჭრათ ნაჭრებად თასშივე და გადმოვიღოთ სპეციალური ნამცხვრის ასაღებით. იმედია გემრიელი "ტირამისუ " გამოგვივიდა. გემრიელად მიირთვით! 1646 12-ს მოსწონს
|