ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პასუხისგებაში მისცეს. იგი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითური გზით დაუფლებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაშია ეჭვმიტანილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "არტესმა", სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" დაკვეთით, თბილისში, 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალოუბნის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოები, რა დროსაც, "არტესის" დამფუძნებელმა ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, საბიუჯეტო თანხების დაუფლების მიზნით, "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" მაშინდელი ხელძღვანელის, სერგო ქავთარაძის დახმარებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ხარჯთაღრიცხვაში ფიქტიურად გაზარდეს ამ გზით, თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 4 052 108 ლარი მიითვისეს.
გია ნაცვლიშვილი დღეს დაკითხეს, ზაზა კაპანაძეს კი, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს - იგი საქართველოში არაა.
ნაცვლიშვილმა საგამოძიებო სამსახურის შენობა უკვე დატოვა და ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა. ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. ჭაბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გია ნაცვლიშვილი “არტესის” დამფუძნებელი არ ყოფილა და კომპანიაში მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა.
ჯერჯერობით უცნობია, მიმართავს თუ არა უწყება სასამართლოს, ნაცვლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge