ძალიან რთულია წერო ადამიანზე, რომელიც უკვე აღარ არის ჩვენს შორის და წერო ისე, თითქოს მასთან დაკავშირებული ამბები გუშინ მომხდარიყოს. კიდევ უფრო რთულია წერო კაცზე, რომელთანაც ბავშვობის მრავალი წელი და მოგონება გაკავშირებს. გელა ბანძელაძე - უზომოდ ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, ამ სამაშაბათს მიაბარეს მიწას. გელა იყო ადამიანი, რომელსაც მრავალი რამ აინტერესებდა და უყვარდა - ფილოსოფიით დაწყებული და ისტორიით დამთავრებული. მაგრამ, რაკი ეს ჩვენი ბლოგ-სვეტი სპორტული შინაარსისაა, გელასთან დაკავშირებული ფეხბურთის ამბები მინდა გიამბოთ.
ბავშვობიდან მოყოლებული, გელას მომეტებულად უყვარდა იტალიის საფეხბურთო ნაკრები და ტურინის “იუვენტუსი”. ისე ძალიან უყვარდა, რომ ბავშვობაში ალესანდრო დელ პიეროს პლაკატი საწოლის თავთან ეკიდა, მოსისხლე “ინტერის” ბრაზილიელი ფორვარდის – რონალდოს პლაკატი კი, სადღაც ოთახის კუნჭულში მინაწერით: “ამაზე უკეთეს ადგილს არ იმსახურებ!”. გელას ჰქონდა დიდი რვეულები, სადაც იტალიის ჩემპიონატის ყველა ტურის თამაშებს იწერდა და ამ რვეულში წააწყდებოდით ასეთ ჩანაწერებსაც: ”უხ, კრესპო მე შენი...”, “იუვენტუსმა” კიდევ წააგო. გაუჭირდებოდათ...”, ”მაზილა” ინძაგის, სადაც დავიჭერ იქ...”...
იმ პერიოდში, როდესაც თბილისში არც დენი იყო, არც გაზი და არც წყალი, გელა იყო იმ ბედნიერთაგან, რომელსაც თავის ოთახში ჰქონდა უზარმაზარი ძველი აკუმულატორი, რომელზეც მიერთებულ ერთ ციცქნა შავ-თეთრ ტელევიზორში მინახავს მრავალი ისეთი თამაში, დღეს მამები საკუთარ შვილებს რომ უყვებიან სიამაყით – დიდი თამაშები გვაქვს ნანახიო. ტელეკომპანია ”საქართველოს ხმას” მიერ გადმოცემულ პირატულ საფეხბურთო რეპორტაჟების მოლოდინში, ხშირად ღამეებიც კი გვიტეხია და იყო შემთხვევები, როდესაც ნანატრი თამაში მაინც არ უჩვენებიათ. იმ ლეგენდარულ ტელევიზორში ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის კლასიკად მიჩნეული ”ბაიერნი”-“მანჩესტერ იუნაიტედის” ფინალური მატჩი, რომლის დასრულებისას, მიწაზე გართხმული სამუელ კუფურის დანახვისას ისეთი ხმით ვჟივილხივილობდით, ლამის მთელი სანზონის დასახლება გამოვაღვიძეთ. ჩვენ გვიყვარდა და ამასთან ერთად, გვძულდა კარლო ანჩელოტი, რომელსაც გელა “ხისთავიანს” ეძახდა, რადგან მისი აზრით, “პაპა კარლოს”, გამომეტყველება სწორედ ასეთი ყაიდის კაცისა ჰქონდა.
გელას დიდი ოცნება იყო, რომ ”იუვენტუსის” მაისურზე მესამე ვარსკვლავის დამატებას მოსწრებოდა, რომელიც ტურინელების იტალიის ჩემპიონატში 30-ჯერ ჩემპიონობის გამომხატველი იქნებოდა. კარგად ხატავდა გელა და როდესაც ”იუვენტუსის” ღერბს ხატავდა, ხშირად მესამე ვარსკვლავსაც ამატებდა წარწერით: ”ბუდუშიაში”. ბედნიერი ვარ, რომ გელა ამ ვარსკვლავის დამატებას თავის სიცოცხლეში მოესწრო.
განსაკუთრებით და გამორჩეულად ”რეალს”, “ბარსელონას”, მილანის “ინტერს” და ბრაზილიის ნაკრებს ემტერებოდა. თუკი, ზემოთჩამოთვლილი გუნდების თამაშებს ვუყურებდით, გელა ”ტკბილ-ტკბილ” გამონათქვამებს არ იშურებდა მათ მიმართ. ამ გამონათქვამებით, ერთი კაი დიდი წიგნი შეიძლება დაიწეროს, სხვათა შორის, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გელას, უკვე დაწერილი და გამოქვეყნებული ჰქონდა წიგნი სახელწოდებით: “ევროპული ფეხბურთის ტრიუმფი”, სადაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობა იყო განხილული. წლების შემდეგ, გელამ მითხრა, რომ ”ევროპული ფეხბურთის ტრიუმფი” ბავშვური წიგნი იყო და მერე და მერე ძალიან ხალისობდა ამ წიგნში გამოთქმულ აზრებსა და შეფასებებზე. არადა, გუშინ კიდევ ერთხელ გადავფურცლე გელას წიგნი და თუ დამიჯერებთ, დღევანდელ ბევრ “საფეხბურთო ექსპერტზე” ხოშიანად და დალაგებულად აქვს მატჩების შინაარსი და მიმდინარეობა გადმოცემული.
დღეს, როდესაც გელა ჩვენს გვერდით აღარ არის, მართლაც განსაკუთრებულად რთულია მასზე ემოციის გარეშე ისაუბრო. ისაუბრო 30 წლის ასაკში გარდავლილ კაცზე, რომელიც ჭეშმარიტად დააკლდა ჩვენს ქალაქსაც და მთელს ქვეყანასაც! ნათელში იყოს შენი სული, გელა!
ლევან სეფისკვერაძე
www.worldsport.ge