ჯანმრთელი კვება როგორ შევამციროთ შაქარი ბავშვის რაციონში 2013, 11 აგვისტო, 18:51 „არ იტირო, დედი, და შოკოლადს მოგცემ...“ „აბა, მიდი, აალაგე შენი სათამაშოები და კამფეტებს გიყიდი...“ ყველა დედისთვის ნაცნობი ეს, ერთი შეხედვით უვნებელი ფრაზები, შეიძლება ძალზე საზიანო აღმოჩნდეს თქვენი პატარასთვის, მითუმეტეს თუ დანაპირებს სისრულეში მოიყვანთ და ყოველი ჭირვეულობის დროს ტკბილეულს მართლა შესთავაზებთ. არ არსებობს პატარა, ტკბილეული რომ არ უყვარდეს და ეს ბუნებრივიცაა: პირველი საკვები, რომელსაც ბავშვი დაბადებისთანავე იღებს - დედის რძე - ხომ ტკბილია! შესაბამისად, პირველი გემოც, რომელსაც პატარა ამ სამყაროში მოვლენის შემდეგ ეცნობა - ტკბილია! აქედან გამომდინარე, ტკბილის სიყვარული თანდაყოლილია. გარკვეული დოზით შაქარი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ მის ჭარბ მოხმარებას, მითუმეტეს მცირე ასაკში, სერიოზული უკუჩვენებები აქვს: ტკბილეულის ხშირი მიღების შედეგად: ბავშვი აღარ ჭამს სხვა საჭმელს, რომელიც აუცილებელია პატარას ზრდისა და განვითარებისთვის; ჩნდება კარიესის საფრთხე; ჩნდება კალციუმის დეფიციტი და აქედან გამომდინარე ოსტეოპოროზის საფრთხე. დიდი ალბათობაა სიმსუქნით დაავადების; არის საშიშროება დიაბეტით დაავადების; არის რისკი ჩამოყალიბდეს შაქრისადმი დამოკიდებულება. გარდა ამისა, მეცნიერულად დამტკიცეებულია, რომ ბავშვობაში გამომუშავებული მიდრეკილებები მოზრდილ ასაკში ჩვევებად ყალიბდება: თუ ბავშვი დიდი რაოდენობით იღებს კარკვეული ტიპისა თუ გემოს საკვებს, ხშირ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც სწორედ ამგვარი გემოს მიმართ ექნება მიდრეკილება. ამიტომ არ შეიძლეება შევეგუოთ ჩვენი პატარას „მსუნაგობას“ იმ იმედით, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტკბილეულსაც თავს დაანებებს, და რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა შევეცადოთ შევზღუდოთ შაქარი მის რაციონში. ეს კი არც ისე რთული იქნება, რამდენიმე რჩევას თუ გავითვალისწინებთ. 1. არამც და არამც არ აუკრძალოთ პატარას ტკბილეული. საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ აკრძალული ხილი ყველაზე სასურველია! ამით მის მიდრეკილებას ტკბილეულის მიმართ კიდევ უფრო გაზრდით და ბავშვი, თქვენგან ფარულად, ყველა შემთხვევას გამოიყენებს, რათა სასურველი „სასუსნავი“ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღოს. შესთავაზეთ ბავშვს ნამცხვარი, შოკოლადი თუ კამფეტი დროგამოშვებით, მცირე რაოდენობით: ჯიბეების გავსების მაგივრად მიეცით ერთი ცალი შოკოლადი თუ კამფეტი. 2. ნუ შეპირდებით ბავშვს ტკბილეულს გარკვეული საქციელის საზღაურად. „მიალაგე შენი სათამაშოები და კამფეტს მოგცემ“ შეცვალეთ ფრაზებით: „მიალაგე და ეზოში გაგასეირნებ / სტუმრად წაგიყვან / ახალ ზღაპარს წაგიკითხავ / სათამაშოს ან გასაფერადებელ ჟურნალს გიყიდი“... ან სულაც: „მიალაგე შენი სათამაშოები და ჩემი ყოჩაღი ბიჭი იქნები.“ თავი შეიკავეთ კამფეტების შეთავაზებისგან მაშინაც, როცა ბავშვი მოწყენილია: ამ დროს მშობლის მოფერება, ზღაპრის მოყოლა ან საინტერესო თამაშის მოფიქრება საუკეთესო გამოსავალია. 3. შეცვალეთ კონცენტრირებული წვენები და გაზიანი სასმელები ჩვეულებრივი სასმელი წყლით, ძროხის რძით, მცირე რაოდენობით ახლად გამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენით (უმჯობესია წყალგარეული!), სახლში დამზადებული ხილის უშაქრო კოქტეილით. ამით თქვენს პატარას თავიდან ააცილებთ ჭარბი შაქრის მიღებას და, ამასთანავე, სასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარ სასმელს შესთავაზებთ. 4. შეცვალეთ ტკბილეული ახალი ან გაყინული ხილით, ჩირით, თხილეულით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პატარა ალერგიულია). ბავშვებს ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ! 5. სთხოვეთ ახლობლებს, სტუმრად მოსვლისას ნუ მოუტანენ ბავშვებს ტკბილეულს. შეცვალონ იგი ხილით ან სათამაშოთი. ნუ შეგეშინდებათ, ახლობლები გაგიგებენ! 6. ჩაანაცვლეთ ნაყიდი ტკბილეული თუ იოგურტი სახლში დამზადებულით. ამგვარად, თქვენ თავად აკონტროლებთ მასში შაქრის რაოდენობას. შეეცადეთ ნამცხვრის გამოცხობისას რეცეპტში მითითებულზე ნაკლები რაოდენობით შაქარი გამოიყენოთ. იოგურტის დამზადებისას კი შეურიეთ მაწონს, კეფირს, ხაჭოს თუ არაჟანს ახალი ან გაყინული ხილი შაქრის დამატების გარეშე. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენი პატარა სიამოვნებით მიირთმევს მას! 7. სახლში ტკბილეულის (და არა მხოლოდ ტკბილეულის) მზადების პროცესში ჩართეთ ბავშვი. ეს, ერთი მხრივ, გაუღვიძებს ინტერესს გარკვეული საქმიანობის მიმართ, მეორე მხრივ, საკუთარი ხელით მომზადებულის მირთმევა უფრო მოეწონება, თუნდაც ნაკლებად ტკბილი იყოს. 8. არამც და არამც არ შეაჩვიოთ ბავშვი ტელევიზორის ან კომპიუტერის ყურების დროს ტკბილეულის (და არა მხოლოდ ტკბილეულის) ჭამას! ამგვარი ჩვევა მოზრდილობაშიც გადაყვება, რასაც ჯანმრთელობის გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. 9. შეძლებისდაგვარად შეუზღუდეთ ტელევიზორთან გადატრებული საათები, რითაც თავდან ააცილებთ ათასგვარი ტკბილეულის სარეკლამო რგოლების ყურებას, რაც განსაკუთრებით იზიდავს პატარას. 10. დაბოლოს, ყველაზე მთავარი! ყურადღება მიაქციეთ, რას მიირთმევთ თავად, რადგან ბავშვი მაგალითს იღებს ოჯახის წევრებისგან! დაიმახსოვრეთ, არასდროს არის გვიან შეცვალოთ საკუთარი მავნე ჩვევები! 118 6-ს მოსწონს
|