მე ბურთი მქვია. ზუსტად არავინ იცის, პირველად სად მომამრგვალეს და სად ამომარტყეს ჭიტლაყი. ხან რომაელ ლეგიონერთა ფეხქვეშ ვგორავდი და ხან ხალათმოსხმული ჩინელები დამატარებდნენ წაღმა-უკუღმა. მერე ბრიტთა მიწაზე კოპლები გამიკეთეს და მეზღვაურებისა და მეშახტეების მთავარი გასართობი ვიყავი. ბრიტანელებმავე მომცეს სრულყოფილი ფორმა და მათვე შემიყვარეს როგორც ძმა და მოკეთე.
მერე ლათინურ ამერიკაში ამაგდეს ზემოთ შავტუხა ბიჭებმა და დაბლა დღემდე აღარ ჩამოვუგდივარ. აფრიკაც მოვიარე და აზიაც, ავსტრალიამდე გავიდგი ფესვი და თვით პამპასების ინდიელთა შთამომავლებმაც კი გამისინჯეს სილბო და ძალა. ვეწვიე ყველა პორტსა და სადგურს, ყველა ფუნდუკსა და ბაზარს. ვწოლილვარ საჩუქრით გახარებული აფრიკელი ბავშვების საწოლში და არგენტინელი პატარა ფეხბურთელების მკერდზეც მიძინია.
ჩემით იშოვა ფული უამრავმა მეფსონემ და ჩემით დაინგრა მათი ოჯახები. სწორედ მე ვიყავი ის, ვინც მრავალი არაფრის მაქნისი გაქნილი გაიძვერა გაამდიდრა და მევე გავხდი მიზეზი მათ მიერ ქვემძრომობით ნაშოვნი მილიონების გაფლანგვისა. მე შემირიგებია უამრავი ნაჩხუბარი შეყვარებული და მე დამიშორებია ისინი. მე ბურთი ვარ და ჩემი ისტორიით ვცხოვრობ. მე საღამოობით მილიონობით ადამიანს ვახარებ და სხვა მილიონებს კი ცრემლს ვადენ დედამიწის ოთხივე კუთხეში.
ბევრი უცნაურობა გადამხდენია თავს, მაგრამ ალბათ ვერავინ ვერ ახსნის ასე ძალიან რატომ შემიყვარეს ქვეყანაში, რომლის სახელწოდებაც “მიწათმოქმედთა ქვეყანაა”. იმის ნაცვლად, რომ წინაპრების მსგავსად მათაც მიწა დაემუშავებინათ, ლახტი ეთამაშათ და ყოველ საღამოს ერთმანეთს ცხენებით შეჯიბრებოდნენ, მაინცა და მაინც მე ამომიჩემეს მრავალ ბურთს შორის და ვერც ჩოგბურთის, ვერც კალათბურთის, ვერც ხელბურთის, ვერც წყალბურთის და თვით ვერც რაგბის ბურთმა ვერ შეძლო მათი სული დაპყრობა ისე, როგორც ეს მე შევძელი.
ამ უცნაურ ქვეყანაში ზღვით შემოვედი. ზღვით, რომელიც ისე სძულთ მიწათმოქმედ ხალხს, რომ მთელი ათასწლეულების მანძილზე ფლოტი არასოდეს ჰყოლიათ. ეს ხალხი როდესაც ზღვას უყურებს, სულ იმის შიშშია, რომ მორიგი დამპყრობლის გემი მოადგება ნაპირს. ეს ასეც ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. დამდეს თუ არა მიწადმოქმედთა ქვეყნის მიწაზე, იმის შემდეგ ვისაც კი არ დაეზარა ყველა მე მატარებდა აქეთ-იქით. ზოგს კარგად გამოსდიოდა ეს და ზოგს ცუდად. ზოგს საერთოდ ”ფეხბურთი კარუზოც” კი უწოდეს. მაგრამ მოვიდა აგერ 21-ე საუკუნის ათიანი წლები და თითქოს ფეხებთან ერთად, სულიც დაუბლაგვდათო, მე თვითონ მეკუმშება გული, როდესაც მათ საცოდაობას ვუყურებ.
როდესაც ქართველი ფეხბურთელი ჩემსკენ მოდის, უკვე ვხვდები, რომ ჯერ კიდევ ვერ მოუფიქრებია რა უნდა გააკეთოს და საითკენ მომცეს გეზი. ხან ფეხები ებლანდებათ, ხან წესიერად ვერ მაჩერებენ, ხან რა და ხან რა... სულ ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როდესაც პენალტის დარტყმის დროს, მათ ქვეყანაში რის ვაივაგლახით ჩამოყვანილმა პირინელმა მობურთალმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის დროს, ავტომანქანის საბურავივით მიმაგორა მეკარისაკენ.
ღმერთს არ მოუცია ჩემთვის აქეთ-იქით ხტომაზე მეტი ფუნქცია, თორემ მე რომ ტრაექტორიის შეცვლა შემეძლოს, უამრავ მეკარეს ავუფართხალდებოდი ხელში და უამრავ საფეხბურთო უსამართლობას მოვაგვარებდი სულ მარტივად. მაგრამ რას ვიზამთ, მე ხომ მხოლოდ ფეხბურთის ბურთი ვარ და ჩემს შიგნით ჩატუმბულ ჰაერსა ვფიცავ, ყოველთვის ნეიტრალურად დავქროდი ახასხასებულ თუ გადახრიოკებულ მინდვრებზე და პირობას ვდებ, რომ მომავალშიც ასე იქნება. წესიერად ვინც ვერ მირტყამს, იმან იდარდოს თორემ... ასევე იდარდოს ამ ტექსტის დამწერმაც, რომელმაც ორი თურქი მწერლის მობაძვით ჩამოარაკრაკა ეს სიტყვები. მიბაძვაში იცოცხლე, მაგრები არიან ქართველები. ერთი ფეხბურთში ვერ ბაძავენ ევროპას...
ლევან სეფისკვერაძე
www.worldsport.ge