ტკბილეული როგორ დავხატოთ პორტრეტი შოკოლადით ტორტის გასაფორმებლად (მასტერ-კლასი) 2013, 11 ივლისი, 11:36 შოკოლადი უნიკალური პროდუქტია, რომელიც გარდა იმისა, რომ უგემრიელესია, მანიპულირების ძალიან კარგ შესაძლებლობებს იძლევა. დღეისთვის შემოგთავაზებთ შოკოლადით ხატვის ძალიან მარტივ ტექნიკას, რომლის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ როგორც ახლობლებისა თუ საკუთარი თავის პორტრეტი, ასევე ნებისმიერი სახის ნახატი: მულტფილმის გმირები, პეიზაჟი, ნატურმორტი და ა.შ. რასაც შემდეგ მარტივად გამოიყენებთ ტორტის დეკორაციისთვის.
ამჯერად წარმოგიდგენთ შავ-თეთრი პორტრეტის დახატვის ტექნიკას. 1. აირჩიეთ პორტრეტი, რომლის დახატვაც გსურთ. ფოტოშოპის საშუალებით ფერადი პორტრეტი გახადეთ შავ-თეთრი და ამობეჭდეთ ქაღალდზე. გაითვალისწინეთ, საბოლოო ვარიანტი გამოვა 180 გრადუსით შებრუნებული. ამიტომ, თუ ასეთი რამ თავიდან გინდათ აიცილოთ, შეგიძლიათ ისევ ფოტოშოპის საშუალებით წინასწარ შეატრიალოთ სურათი. 2. ამობეჭდილი სურათი ჩადეთ პოლიეთილენის ფაილში ან დააფარეთ კალკა, რომელსაც კარგად დაამაგრებთ სკოჩით. 3. გაალღვეთ შავი შოკოლადი წყლის აბაზანაზე. ჩაასხით პატარა საკონდიტრო ჩანთაში, რომელსაც ძალიან წვრილი წვერი ექნება. დაიწყეთ ხატვა ყველაზე მუქი დეტალებიდან. ძალიან წვრილი დეტალებისთვის გამოიყენეთ კბილის ჩხირი. თუ შოკოლადი გამყარდა, ისევ შეალღვეთ. როდესაც მუქ დეტალებს დაასრულებთ, შედეთ გასამაგრებლად მაცივარში. 4. შემდეგ გადადით ნახევარტონებზე. ამისთვის ერთმანეთს შეურიეთ შავი და თეთრი შოკოლადი, გაალღვეთ და იგივე ტექნიკით დახატეთ შედარებით ღია დეტალები. ამ დროს მუქ დეტალებზე ღია ფერის შოკოლადი თუ გადაგესვათ სანერვიულო არაფერია, საბოლოო ვარიანტში ეს არ გამოჩნდება. ისევ შედეთ მაცივარში გასამაგრებლად. 5. ბოლოს, გაალღვეთ თეთრი შოკოლადი და გარშემო კონტური შემოავლეთ ნახატს. შემდეგ კი უბრალოდ მთლიანად დაფარეთ ნახატი თეთრი შოკოლადით. მთავარია, შოკოლადი ძალიან ცხელი არ იყოს რომ უკვე დახატული პორტრეტი არ გაალღოს. 6. შედეთ მაცივარში სანამ მთლიანად არ გამაგრდება. გამოიღეთ და ფრთხილად მოაცილეთ პოლიეთილენის ფაილი. პორტრეტი მზადაა. პორტრეტი შეგიძლიათ მოვათავსოთ ტორტის შუაგულში, კიდეები კი კრემით მორთოთ სურვილისამებრ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძების დეკორაციისთვის ან უბრალოდ ასევე მიირთვათ. ამ ტექნიკით შეიძლება ფერადი ნახატების შესრულებაც. ამისთვის თეთრ შოკოლადს გალღობისას შეურიეთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი (უმჯობესია ჟელატინიანი თხევადი საღებავი). დამთანხმებით, ასეთი შოკოლადის ნახატები საჩუქრადაც მშვენივრად გამოდგება. მთავარია ნერვებმა არ გიმტყუნოთ. ასეთი ხატვა დიდ ნებისყოფას და დროს მოითხოვს. მაგრამ შედეგი ამად ღირს! 457 8-ს მოსწონს
|