პრაქტიკულად ყველა ქართველს უყვარს იაპონია და ჩვენ ქვეყანაში ხშირად მოისმენთ, რომ იაპონიას უნდა მივბაძოთ და მათსავით დავაბალანსოთ წარსულის სიყვარული და პროგრესისაკენ ლტოლვა. თუმცა, ქართული იაპონოფილია სიტყვებსა და ოცნებებს პრაქტიკულად არასოდეს გასცდენია და როგორც ერთი ქართველი პოეტი იტყოდა: ”გვინდა, სულ გვინდა, მაგრამ არ ვიცით რა!”.
კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა და არცთუ გულმისავალი თამაში ყველაზე სწორად და ღირსეულად იაპონელმა ქომაგებმა, ნაკრების სპონსორებმა და ფეხბურთის სპეციალისტებმა შეაფასეს. იაპონია მოგეხსენებათ ეკონიმიკურად წელგამართული ქვეყანაა და იაპონური ფეხბურთის მამებს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისგან განსხვავებით, სპონსორების გამუდმებული ძებნა არ უწევთ. უფრო მეტიც – იაპონურ ფეხბურთს სულ მსხვილ-მსხვილი ცნობილი იაპონური ფირმები და კომპანიები აფინანსებენ და ეს ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა იაპონიის ნაკრების კონფედერაციის თასზე უხეირო გამოსვლა.
ორი დღის წინ, იაპონურ ფეხბურთში ფულის ჩამდები ფულიანი ბიძები შეიკრიბნენ და იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის სახელზე წერილი შეადგინეს. წერილში წერია, რომ მათ კარგად ესმით რეალობა და არავინ მოელის იაპონიის ნაკრებისაგან მსოფლიოს გრანდების ძლევას, მაგრამ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ ტურნირზე ზედიზედ 3 მარცხის გამო და ნაკრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასპონსორებენ, თუკი გუნდის მწვრთნელი და ზოგადად საფეხბურთო ჩინოსნები დეტალურად ახსნიან და განმარტავენ კრახის მიზეზებს. წერილში გამოყოფილია იტალიის ნაკრებთან იაპონელთათვის სამწუხარო მარცხი და საუბარია იმაზე, რომ იაპონელი ხალხის ხასაითში არ ზის გადამწყვეტ მომენტში მარცხი და იტალიასთან ერთი შეხედვით ღირსეული მარცხი სასიხარულო კი არა, გულსატკენია.
მოკლედ რომ ვთქვათ, იაპონელები ჩვენთვის ესოდენ ნაცნობ ფრაზას - “ღირსეულ მარცხს” თავის გამართლების საშუალებად არ მიიჩნევენ და მათთვის იტალიასთან სამ გოლზე გატანაზე მნიშვნელოვანი, აღებული ქულებია.
მოდით, ახლა წარმოვიდგინოთ რა მოხდებოდა საქართველოში ჩვენ ნაკრებს იტალიისათვის სამი გოლი რომ გაეტანა და მატჩი მხოლოდ და მხოლოდ უიღბლო შემთხვევითობის გამო რომ წაეგო. პირველ რიგში ფეხბურთელები და მწვრთნელი გაიჯგიმებოდნენ სიამაყით და აუცილებლად იტყოდნენ: ”ეს იტალიაა ძმებო. ჩვენ ხომ ნახეთ რა მაგრად ვეთამაშეთ. მეტი რაღა გვექნა?! იტალიასთან მოგებას გვთხოვთ?!”. მათ კვერს არაერთი ქართველი საფეხბურთო ექსპერტი და ვაიექსპერტი დაუკრავდა. გამოჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც იტალიასთან ღირსეულად დამარცხებას “ქართული ფეხბურთის აღორძინების დასაწყისად” შერაცხავდნენ და იქნებოდა ერთი ტაში და გუნდრუკის კმევა. ქართულ პრესაში დაიწერებოდა გულისგამნგმირავი ტექსტები: ”ჩვენმა ბიჭებმა მსოფლიოს ქართული ძალა აჩვენეს”, “მომავალი ჩვენია”, ”აბა რა ეგონათ იტალიელებს?!” და მისთანანი... და რა თქმა უნდა ძალიან ცოტა ადამიანი იტყოდა, რომ მარცხი ყოველთვის მარცხია და დამარცხებული გუნდისათვის ტაშის დაკვრა ღირსეულ ხალხს არ ეკადრება. თუმცა, ეს ხომ საქართველოა, აქ ხომ ბევრი რამ უკუღმართად ესმით...
არ ვიცი საიდან დაიწყო ჩვენში ეს “მარცხისმოყვარეობა”, მარამ ის კი ნამდვილი ფაქტია, რომ არა მხოლოდ სპორტში, ხშირად ომში მარცხსაც საქართველოში არასწორად და ყოვლად უცნაურად აფასებდნენ. მაგალითად, მე ვიცნობ ქართველ ისტორიკოსს, რომელიც კრწანისის ბრძოლას ”საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ და საამაყო ბრძოლად” აფასებს და მიიჩნევს, რომ “ქართველები ლამაზად დამარცხდნენ”. ამ დროს რასაკვირველია არასოდეს აღიარებს, რომ ტოტლებენისათვის ყოვლად უსაფუძლო ნდობის გამოცხადებამ და ბრძოლის წინ ჩირგვებში შემალულმა ათიათასობით ქართველმა ”ვაჟკაცმა” ნათლად წარმოაჩინა ყველა ის უბედურება, რაც გვჭირს და სამწუხაროდ ვერაფრით ვერ დავძლიეთ.
იაპონელები მოგვწონს და გვინდა, რომ ჩვენც მათსავით ვიცხოვროთ, მაგრამ უბედურება ისაა, რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებთ ამის მისაღწევად...
ლევან სეფისკვერაძე
www.worldsport.ge