x
image
worldsport.ge
პარასკევი და კვირა

imageწინა კვირაში, პარასკევ დღეს დიდი ფეხბურთიდან კახი კალაძე ოფიციალურად გავაცილეთ. კვირა დღეს კი, ირლანდიაში თავი მოგვეჭრა. ეს ორი დღე გვინდა თუ არა, ერთმანეთს მაინც უკავშირდება, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის პოლიტიკაში გადაბარგების შემდეგ, ჩვენ “უბედურ” ნაკრებს სწორედ ის დაემართა (თუმცა არც მანამდე წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს) რაც უნდა დამართნოდა.
კახი კალაძის გაცილებაზე იმდენი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოვიდა, შეუძლებელია სუნთქვაშეკრულს არ გეცქირა როგორ ცდილობდა ფაბიო კანავარო ანდრეი შევჩენკოს აყვანას და როგორ თელავდა ჩვენი ეროვნული სტადიონის ბალახს 50 წლის ასაკს გადაცილებული ლეგენდარული პიეტრო ვერხოვოდი. პიეტრო ვერხოვოდი რასაკირველია არც გატუზოსავით პოპულარული ყოფილა და არც მალდინივით დაუმსახურებია საყოველთაო პატივისცემა, მაგრამ ეს არის კაცი, რომელიც იტალიური ფეხბურთის ძველი დიდების ჭეშმარიტი მემატეანეა და სწორედ პიეტროს ჯეელობისას იყო სერია “ა” ის ტურნირი, სადაც თამაშზე დიდ-დიდი ვარსკვლავები ოცნებობდნენ.
ფეხბურთის ქართველმა ქომაგებმა კახი კალაძის გაცილების მატჩზე ალბათ ნამდილად დიდი სიამოვნება მიიღეს. განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც კახის გამო, ანდა სულაც იქამდე სანამ კალაძე იტალიაში ჩავიდოდა სათამაშოდ – ”მილანს” გულშემატკივრობდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო, “მილანისა” და “კალაძის მეგობრების” სიმბოლური მატჩის ბოლო, დასკვნითი კადრები, როდესაც ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა სტადიონს ჯერ საპატო წრე დაარტყა, შემდეგ კი გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა. მე თუ მკითხავთ, მსგავსი ტიპის გაცილების მატჩებს სხვადასხვა, დიდი თუ მცირე კალიბრის ფეხბურთელები სწორედ იმიტომ აწყობენ, რომ ბოლოს თავიანთი სათქმელი სიტყვა თქვან და როგორც წესი, ყველაზე ემოციური სწორედ საბოლოო სიტყვაა ხოლმე. კახი კალაძის შემთხვევაშიც ასე იყო.
კახი კალაძე წლების მანძილზე იყო ქართული ფეხბურთის ნამდვილი სახე და იმის იმედი, რომ საკლუბო ფეხბურთში მისი უდიდესი წარმატებები ადრე თუ გვიან ჩვენ იავარქმნილ ნაკრებსაც გადაედებოდა. სამწუხაროდ, კახი კალაძის ფეხბურთელობის დროს, ჩვენი ნაკრები არათუ ვერც ერთ მნიშვნელოვანი ტურნირის დასკვნით ეტაპზე ვერ გავიდა, არამედ ძნელია ხშირ შემთხვევაში ფეხბურთი უწოდო იმას, რასაც ჩვენი გუნდი თამაშობდა. ამის მიუხედავად, როდესაც კალაძე საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაშობდა, არსებობდა თუნდაც მცირე იმედი იმისა, რომ რაღაც შეიძლება გამოგვსვლოდა, თუმცა არავინ იცოდა რა იყო ეს “რაღაც” და არც ის ვიცოდით, როგორ უნდა გამოგვსვლოდა, როდესაც ყველას გააზრებული გვქონდა და ალბათ დღესაც ვიაზრებთ, რომ ჩვენ ვართ იმ ქვეყნის შვილები, სადაც სიზარმაცე თავის მართლების საშუალებად ითვლება.
კახი კალაძე უამრავი სხვა ქართველი ფეხბურთელისგან და ზოგადად ჩვენებურების უმეტესობისგან განსხვავებით, ზარმაცი არასოდეს ყოფილა. პირიქით, მან რასაც მიაღწია პირველ რიგში საკუთარი შრომით, მონდომებითა და დაუზარებლობით მიაღწია და ეს სწორედ ის თვისებებია, რაც ქართველებს ყველაზე მეტად გვაკლია. საქართველოში არსებული ჩემის აზრით უსაშინლესი გამოთქმა: “ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი”, კახი კალაძემ ნამდვილად დააყენა დიდი კითხვის ქვეშ, რადგან ვინც თავის არაფრისმაქნისობას სიზარმაცით ამართლებს, ის ბევრად უფრო ცუდი ადამიანია, ვიდრე ის, რომელიც სულ ცდილობს, სულ უნდა რამე გააკეთოს, მაგრამ არაფერი გამოსდის...
მე არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდით საქართველოს დღევანდელ საფეხბურთო ნაკრებს. თავის გამართლების საშუალება და მიზეზი რა თქმა უნდა მათ ამჯერადაც ექნებათ და იტყვიან, რომ მე-20 წუთზე მეკარის გაძევებას საქართველოს უბედური ნაკრები კი არა, ბევრი დიდი გუნდიც კი გაუტეხავს წელში. მაგრამ, ერთია, როდესაც ირლანდიასთან 4:0 აგებ და მეორეა, როდესაც მთელი თამაშის მანძილზე გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტი იმაზე მცირე იყო, ვიდრე კალაძის გაცილებისას 50-წელს გადაცილებული პიეტრო ვერხოვოდისა. და იცით რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? კახი კალაძის გაცილების მატჩს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები ალბათ სტადიონიდან თუ ვერ ადევნებდნენ თვალს, ტელევიზორში მაინც უყურეს და არ გაუჩნდათ სურვილი, რომ როდესაც ფეხბურთიდან წავლენ, მათაც ასეთი გაცილება მოუწყონ... და თუ გაუჩნდათ ამის სურვილი, მერე რა დაასკვნეს? იმსახურებენ?....


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0