x
image
worldsport.ge
ბაჩანა არაბული: "ასეთი მსაჯობა არავის უნახავს"

imageშოტლანდია-საქართველო 1:3. იმ ფონზე, რაც მოედანზე ხდებოდა, გია ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს. 9 კაცით გაუტანეს ორი გოლი ბრიტანელებს. გარდა ამისა, მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა ჩვენი გუნდი 1:0-ს იგებდა, მეკარე გაბრიელ თებიძემ პენალტი აიღო.
საქართველოს ელიტ-რაუნდის ჯგუფის ბოლო მატჩი დარჩა ბელგიასთან და ცეცაძის გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაშია: ბაჩანა არაბული, დავით მთივლიშვილი, ნიკა კაჭარავა, ავთო ენდელაძე, თემურ მარკოზაშვილი - ეს ფეხბურთელები დისკვალიფიკაციის გამო არ იქნებიან მასპინძლებთან. დარჩა მხოლოდ 13 მოთამაშე: 11 ძირითადის და 2 სათადარიგო, აქედან ერთი მეკარე...
"მსოფლიო სპორტი" ბელგიაში დაუკავშირდა ბაჩანა არაბულს, რომელიც ბრიტანელებთან გააძევეს, მანამდე კი, პირველ ტაიმში საგოლე პასი გააკეთა:
- ძალიან გახარებულები ვართ, შოტლანდიას ყველაფერში ვაჯობეთ და 9 კაცით გავიტანეთ 2 გოლი. ეგაა, ჩაგვმწარდა: ბელგიასთან 13 კაცით დავრჩით.
- მიმდინარეობას მივყვეთ. როგორ შეაფასებდით ამ თამაშს, როგორ დაიწყო და გაგრძელდა? საქართველოში ეს მატჩი ვერ ვნახეთ და მხოლოდ ოქმი გვაქვს.
- თავიდანვე კარგად დავიწყეთ. სანამ პირველ გოლს გავიტანდით, მომენტებიც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. როგორც იქნა, კაჭარავამ გაიტანა და დავწინაურდით, მერე კი დაიწყო... არ ვიცი, ასეთი მსაჯობა არავის უნახავს. ჯარიმაზე ყველა ყვითელ ბარათს იღებდა. ამას მოჰყვა მთივლიშვილის გაძევება. მეორე ტაიმის დასაწყისში კი უსამართლო პენალტი დანიშნა მსაჯმა. თებიძემ აიღო ეს პენალტი, რამაც ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა გუნდზე.
- ამ პენალტიდან რამდენიმე წუთში თქვენ გაგაძევეს მეორე გაფრთხილების გამო. რა მოხდა იმ ეპიზოდში?
- ვუტევდით, ფლანგიდან ჩაწოდება იყო, მცველმა ხელი მკრა და წავიქეცი. სიმულაციისთვის მომცა მეორე ყვითელი და მინდორზე 9 კაცი დარჩა.
- ასე აშკარად ემხრობოდა მსაჯი შოტლანდიას?
- აშკარად, თუმცა რეალურად ეს ვის აძლევდა ხელს, საკითხავია... შოტლანდიას შანსი ისედაც აღარ აქვს.
- 9 კაცით 2 გოლის გატანა მართლაც იშვიათია.
- ზივზივაძემ და ენდელაძემაც კონტრშეტევაზე დაიჭირეს შოტლანდიელები. ერთი-ერთზე გავიდნენ და ყველაფერი შესანიშნავად შეასრულეს. ცალკე უნდა ვთქვა დაცვის თამაშზე: განსაკუთრებით დიდი სამუშაო მცველებს დააწვათ. მათი დამსახურებაა, რომ 9 კაცითაც ისე გაგრძელდა თამაში, თითქოს 11-ნი ვყოფილიყავით.
- ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ხომ არ მომხდარა?
- არა, ამ მხრივ არაფერი იყო.
- ცეცაძემ რა გითხრათ თამაშის შემდეგ?
- კონკრეტული არაფერი, გამარჯვება მოგვილოცა. ალბათ, ხვალ იქნება გაანალიზება.
- გურამ სამუშიამ დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ბელგიასთან მწყობრში იქნება?
- დიახ, ითამაშებს.

და ერთიც: როგორც შევიტყვეთ, ქართული მხარე გასაჩივრებას აპირებს ყვითელი ბარათების გამო, თუმცა რამდენად რეალურია, რომ უეფამ ეს დააკმაყოფილოს, რთული სათქმელია. სიტუაცია მართლაც დამაფიქრებელია - 13 კაცით დარჩა გუნდი.
შეხსენებისთვის, ბოლო ტური 29 მაისს გაიმართება.
ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

1
507
4-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
507
  
2013, 27 მაისი, 11:59
ენდელაძეს ყვითელი წინა მატჩზეც ქონდა თუ რატო ტოვებს შემდეგ თამაშს
0 1 1