x
image
worldsport.ge
ბელგიაში ქართველი ფეხბურთელების სანახავად ჰოლანდიელებიც ჩადიან

imageბელგიაში ევროპის 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები დიდ ინტერესს იწვევს არა მარტო ამ ქვეყანაში და ამ ჯგუფში მონაწილე გუნდების (ბელგია, ინგლისი, შოტლანდია და საქართველო) ქომაგებს შორის, არამედ რამდენიმე ევროპული ქვეყნის სპეციალისტებისა და საკლუბო გუნდების წარმომადგენლებს შორისაც. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს U-19 ნაკრების მატჩების სანახავად ბელგიაში აპირებენ ჩამოსვლას რამდენიმე ქვეყნის საფეხბურთო აგენტები და მენეჯერები. სანდო წყარომ მაცნობა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშის სანახავად ბელგიაში ჩამოსვლას აპირებენ ჰოლანდიის "ვითესის" წარმომადგენლები, მათ განსაკუთრებით აინტერესებთ ნაკრების ერთ-ერთი წევრის თამაში, თუმცა მის გვარს ამ ეტაპზე არ დავასახელებ, რათა არ მოხდეს ამ ჭაბუკის ზედმეტი ემოციური დაძაბვა მატჩების წინ.
ფაქტია, რომ ჰოლანდიელები და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დააკვირდებიან საქართველოს ნაკრების წევრებს და მოწონების შემთხვევაში, მიიწვევენ თავიანთ კლუბებში.imageბელგიაში მცხოვრებმა ქართველებმა და საქართველოში მყოფმა ჩემმა ახლობლებმა მკითხეს, ჩამოდის თუ არა ბელგიაში ჩვენი ნაკრების თამაშებზე "ვითესის" მფლობელი და პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. მე ტელეფონით ვესაუბრე ჰოლანდიაში მყოფ ბატონ მერაბს და მან მითხრა შემდეგი: "დიდი სურვილი მქონდა, რომ მენახა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მატჩები ინგლისთან და შოტლანდიასთან, მაგრამ ვერ ვახერხებ - 25 მაისს უნდა ვიყო ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და იქ მაქვს რამდენიმე შეხვედრა, თუმცა, ვაპირებ დავესწრო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მატჩს ბელგიასთან 29 მაისს".
საერთოდ, ელიტრაუნდის მატჩები იწვევს დიდ ინტერესს ბელგიაში მცხოვრებ ქართველებს შორის - გუშინდელ წერილში მოგიყევით ამის შესახებ. დღეს კი იმას დავუმატებ, რომ მე დამიკავშირდა ბელგიაში უკვე 15 წელი მცხოვრები ქართველი ფეხბურთელი, წარსულში თბილისის "დინამოს" და კიდევ რამდენიმე ქართული გუნდის თავდახსმელი და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი (1980-ანი წლების პირველი ნახევარი) გია ჭინჭარაული. ის ბელგიაში ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად, მისი 11 წლის ვაჟი საბა წარმატებით თამაშობს მეხელენის კლუბ "კვ მეხელენის" რიგებში, რომელიც ბელგიის ბავშვთა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. ბატონმა გიამ მითხრა, რომ ბევრი ქართველი დიდი ინტერესით ელის საქართველოს U-19 ნაკრების თამაშებს. "ჩვენ ძლიერი მეტოქეები გვყავს ჯგუფში, მაგრამ ბრძოლა მათთანაც შეიძლება და მინდა ბიჭებს ვუსურვო ბოლომდე ბრძოლა და წარმატება", - დასძინა 47 წლის ჭინჭარაულმა.image

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჭაბუკები პირველ შეხვედრას ჩაატარებენ 24 მაისს ანტვერპენთან ახლოს მდებარე ბორნემში. მატჩი დაიწყება ადგილობრივი დროით 18 საათზე. 25 მაისს ჩვენი გუნდი ვესტერლოს სტადიონზე ბელგიის დროით 15 საათზე ითამაშებს შოტლანდიის ნაკრებთან, 29 მაისს კი კვლავ ბორნემში, 18 საათზე შეხვდება ბელგიელ თანატოლებს.
საქართველოს ნაკრები 21 მაისს საღამოს სერბეთიდან ბრიუსელში ჩამოფრინდა და გაემგზავრა ანტვერპენში. 23 მაისს დღისით მე ჩავდივარ ანტვერპენში და შევეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი გუნდის მზადებასა და განწყობაზე.

თენგიზ პაჭკორია, ბრიუსელიდან სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის


www.worldsport.ge

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0