ფრანგული პსჟ-ს იტალიელი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ზაფხულში მადრიდის “რეალს” ჩაიბარებს. ამ ინფორმაციას იტალიური მედიაჰოლდინგი SportMediaset-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, 53 წლის სპეციალისტმა საკუთარი გადაწყვეტილება პარიზულ გრანდს უკვე აცნობა.
ანჩელოტი აპირებს, რომ ახალ გუნდში პსჟ-ს ბრაზილიელი მცველი ტიაგო სილვა გაიყოლოს, რომლის გადასვლას ესპანურ “ბარსელონაშიც” ვარაუდობენ.
“სამეფო კლუბის” ამჟამინდელი თავკაცი, პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით ლონდონის “ჩელსის” ჩაიბარებს. თავის მხრივ, კარლო ანჩელოტის შესაძლო შემცვლელად ჩილელი მანუელ პელეგრინი სახელდება, რომელმაც მიმდინარე სეზონში “მალაგა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. ერთ-ერთ კანდიდატად “ბორდოსა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლორან ბლანიც სახელდება.
ანჩელოტიმ სახელი ტურინის “იუვენტუსში”, “მილანსა” და ლონდონის “ჩელსიში” მუშაობით გაითქვა. პსჟ მან 2011 წელს ჩაიბარა, გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და ძალიან ახლოსაა ქვეყნის ჩემპიონობასთან. პარიზულმა კლუბმა ბოლოს ეს ტიტული 1994 წელს მოიპოვა.
www.worldsport.ge