გამთენიას ევროპის ჩემპიონი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტიდან თბილისში დაბრუნდა. ევროპის უძლიერესი გუნდის დასახვედრად თბილისის აეროპორტში დაახლოებით 150 კაცი შეიკრიბა. ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრების გარდა დამხვდურთა შორის მრავლად იყვნენ მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები.
ვიდრე დელეგაციის წევრები ფოიეში გამოვიდოდნენ, “მსოფლიო სპორტისთვის” კომენტარები სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილმა მწვრთნელებმა, შოთა ხაბარელმა და ბორის ფირცხელიანმა გააკეთეს.
ლევან ყიფიანი:
“საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მიერ ევროპირველობაზე ნაჩვენები შედეგი რომ უდიდესი წარმატებაა, ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირის საწყის ორ დღეში მოპოვებული მედლებით უკვე სარეკორდო შედეგი აჩვენეს. შემდეგ კი ინდივიდუალური მედლების რაოდენობა ხომ კიდევ გაზარდეს, ამას საერთო გუნდურ ჩათვლაში ბრწყინვალედ გამოსვლა და მორიგი ოქრო დაუმატეს. ასეთი ერთ მუშტად შეკრული გუნდი დიდი ხანია არ მინახავს”.
შოთა ხაბარელი:
“ნაკრებმა ბრწყინვალედ იჭიდავა. ხარისხითაც და რაღა თქმა უნდა, შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი შიდა დაძაბულობის მოხსნაა. ნაკრები, როგორც იქნა, დამშვიდდა და ბიჭებს საშუალება მიეცათ, მხოლოდ თავიანთ საქმეზე იფიქრონ. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ გუნდმა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები გამოიყენა და წინა წლების მსგავსად, სულ ჰაერში არ უწევდა ყოფნა და რაც მთავარია, ნაკრებს ჰყავს მშვენიერი მწვრთნელი, რომელმაც შიდა ვითარების დაწმენდაში და სპორტსმენების კარგად მომზადებაში ლომის წვლილი შეიტანა. მადლობა ირაკლი უზნაძეს და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს”.
ბორის ფირცხელიანი:
“ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. ეს არის თაობა, რომელსაც დიდი შედეგის ჩვენება ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ შეეძლო, მაგრამ ქართულ ძიუდოში დატრიალებული სასირცხვილო ამბების თუ ათასი ექსპერიმენტის გამო წარმატებამ ცოტა დააგვიანა. ძალიან კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს შიდა დაძაბულობა მოიხსნა. ნაკრები კარგმა სპეციალისტებმა ჩაიბარეს, ირაკლი უზნაძის ხელმძღვანელობით და აგერ, შრომა დაუფასდათ კიდეც”.
ბარგის დაგვიანების გამო ნაკრების წევრები აეროპორტის ფოიეში ევროპის ჩემპიონ ამირან პაპინაშვილისა და ბრინჯაოს პრიზიორ ზებედა რეხვიაშვილის გარეშე გამოვიდნენ. ევროპის გუნდური ჩემპიონის თასი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა და ნაკრების დამრიგებელმა ირაკლი უზნაძემ გამოიტანეს.
დავით ქევხიშვილი:
“ძნელია სიტყვებით იმ სიხარულის გადმოცემა, ბუდაპეშტურ ევროპირველობაზე რომ განვიცადეთ. ნაკრები სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი ტურნირისთვის ბრწყინვალედ იყო მომზადებული და შედეგიც სახეზეა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ტურნირის ბოლო დღე გამოდგა – ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩავიდა და ამის გამო ცოტა ზედმეტ ზეწოლას განვიცდიდით, მაგრამ ბიჭებმა მორიგი ტიტულის მოსაგებად ყველაფერი გაიღეს”.
ლაშა შავდათუაშვილი:
“ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ ყოვლისა იმით, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ ის წარმატება შემთხვევითი არ იყო. ეს ევროპის ჩემპიონატი დიდხანს დამამახსოვრდება. ინდივიდუალურ პირველობაში მოგებული ოქროს მედლის სიხარულს კიდევ უფრო დიდი სიხარული დაემატა, გუნდურ ჩემპიონატზე. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და აბსოლუტურად ყველას, ვისაც ამ წარმატებაში წვლილი მიუძღვის”.
ავთანდილ ჭრიკიშვილი:
“ძლიერი ევროპირველობა იყო და სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებმა ასეთი შედეგი აჩვენა. ერთხელაც დავუმტკიცეთ ყველას ჩვენი ძალა. მოხარული ვარ, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც დევს. ჩემპიონატის წინ ტრავმა მაწუხებდა და მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი ვარჯიში გამიცდა, მაგრამ საბედნიეროდ ამ პრობლემამ მიზნის მიღწევაში ხელი ვერ შემიშალა”.
ირაკლი უზნაძე:
“ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კარგად მომზადებული შეხვდა და ბიჭებმა მშვენივრად იჭიდავეს, საერთო შედეგითაც, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ მაინც იყო ეპიზოდები, რომლებზეც გული მწყდება. მაგალითად, სულ ადვილად შეიძლებოდა, 73 ან 81 კილოგრამებში ქართული ფინალი ყოფილიყო. მადლობა ნაკრების ყველა წევრს, ძიუდოს ფედერაციისა და ქართული სპორტის ხელმძღვანელებს”.
დღეს, 13:30 საათზე საქართველოს ნაკრების წევრები სპორტის სამინისტროში მივლენ. შემდეგ კი მათ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge