ლონდონის “ტოტენჰემის” უელსელი ნახევარმცველი გარეთ ბეილი, ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ წლის ფეხბურთელად აღიარა.
23 წლის გარემარბის უმთავრესი კონკურენტები იყვნენ მაიკლ კერიკი და რობინ ვან პერსი (ორივე - “მანჩესტერ იუნაიტედი”), ლუის სუარესი (“ლივერპული”) და ხუან მატა (“ჩელსი”). აღსანიშნავია, რომ გარეთი კარიერის განმავლობაში მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ბეილმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.
ბეილი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა. აქამდე ორივე ჯილდო ერთად მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (2007 წელს) და ენდი გრეის (1977 წელს) აქვთ მოპოვებული.
“ეს ჩემთვის დიდი პატივია და უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ გამოკითხვაში გავიმარჯვე. სიაში არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო, ჩემი გუნდის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. მიმდინარე სეზონში უწინდელზე ხშირად ვურტყამ კარში. ყველაზე მეტად “ნორვიჩითან” და “ვესტ ჰემთან” გატანილი გოლები მიყვარს”, - განაცხადა აღიარების შემდეგ Sky Sports-თან ბეილმა.
პროფესიული ფეხბურთის ასოციაციის მიერ შერჩეული სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), რიო ფერდინანდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), იან ვერტონგენი (“ტოტენჰემი”), პაბლო საბალეტა (“სიტი”), გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”), მაიკლ კერიკი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ხუან მატა (“ჩელსი”), ედენ აზარი (“ჩელსი”), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლუის სუარესი (“ლივერპული”).
www.worldsport.ge