x
image
worldsport.ge
მოხუცი და მინდორი

imageთავს ვერ დავდებ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ თემურ ქეცბაიას ხასიათიდან გამომდინარე, მგონი, სიმართლე უნდა იყოს: როდესაც აგებს, იმ საღამოს არავის ენახვება, ოთახში მარტო რჩება და მთელი ღამე არ (ვერ) იძინებს.
ეს გაგონილი მაქვს ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ადამიანებისგან.
ამაში გასაკვირი არაფერია. ბევრი ფეხბურთელიც ასეა, ღამე თვალს ვერ ხუჭავს და განვლილი მატჩის პერიპეტიებს იხსენებს - ეს "ასე" კი არა, "ისე" უნდა მექნა. და მაინც, მწვრთნელის მდგომარეობა უფრო რთულია, რადგან მეტი საფიქრალი აქვს: ფეხბურთელი მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, მწვრთნელი კი მინდორზე იმ დღეს გამოსული 14 (შემცვლელებიანად) მოთამაშის ავ-კარგს წონის და ბუნებრივია, სათადარიგოებზე და განაცხადს მიღმა დარჩენილებზეც ფიქრობს.
მწვრთნელობაში, როგორც ბევრი სხვა პროფესიაში, ადრენალინი გარდაუვალია. მაგალითად, დავით მუჯირმა მითხრა, როგორც დამწყებმა სპეციალისტმა, "ზესტაფონის" აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის ბიოგრაფია მოვიძიე და მათზე მაქსიმალურად ყველა დეტალის შესწავლა დავიწყეო. ის ეცნობოდა თითოეული ფეხბურთელის ცხოვრებას, ხვდებოდა მათ მამებს, აინტერესებდა ბიჭების გატაცებები, ასევე, როგორი მეგობრები ჰყავდა და ასე შემდეგ. მწვრთნელის საქმე მხოლოდ ტაქტიკა და იმის მითითება არაა, რომელ მეტოქესთან რა დისტანციაზე ითამაშოს, ფლანგიდან მაღალი ჩააწოდოს თუ დაბალი...
დაინტერესებული, საქმეზე შეყვარებული მწვრთნელი ყოველთვის დეტალებს სწავლობს. ზოგჯერ სულ მცირე დეტალი იგებს თამაშს.
მაგალითად, ტელე სანტანას აქვს ნათქვამი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, შევცდი, საფრანგეთთან ზიკოსთვის არ უნდა მიმეცა პენალტის დარტყმის უფლებაო. ეს ბრაზილია-საფრანგეთის ბრწყინვალე მეოთხედფინალში,
რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებში "სამფეროვნებმა" იმარჯვეს.
ზიკო შეცვლაზე შევიდა, სამ წუთში სუპერპასით ბრანკო პირისპირ გაიყვანა და ის წააქციეს. "თეთრ პელედ" წოდებულმა დაარტყა და მეკარემ აუღო. მას შემდეგ ხშირად გაგვიგია, შეცვლაზე ახალშესულმა კაცმა პენალტი არ უნდა დაარტყასო. ალბათ, ამაში გარკვეული ლოგიკაც არის.
კიდევ რამდენი ასეთი დეტალია. აი, თუნდაც ცხოვრებისეული: გამიგია, მწვრთნელებს უთქვამთ, თუ ფეხბურთელს სასიყვარულო ამბებში არეულობა აქვს, მინდორზე უცებ ეტყობაო.
დეტალები წყვეტს. ამასწინათ უეინ რუნის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა ქართულ ენაზე, რომელშიც მანკუნიანელთა ვარსკვლავი წერს:
"მანჩესტერში მისვლიდან რამდენიმე დღეში ქუჩაში შემთხვევით შევხვდი ჩემს მშობლებს, მათთან ერთად კაფეში შევიარე. იმავე საღამოს სერ ალექს ფერგიუსონი მეკითხება: "უეინ, რა გინდოდა კაფეში?". წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაიგო".
ამ ყველაფრის გაკონტროლებას ხომ დრო და ნერვები მიაქვს. და აი, სწორედ ამიტომ - მწვრთნელი მალე ბერდება. ჩვეულებრივზე მალე.
როი კინს აქვს ნათქვამი, მწვრთნელის ბედნიერება ძალიან ხანმოკლეა, მხოლოდ თამაშის შემდეგ 5-10 წუთიან მონაკვეთშიო.
შემდეგ ისევ იწყება ფიქრი.
არ ვიცი, შესაძლოა, ბევრია ასეთი, მაგრამ მწვრთნელის მალე დაბერების ყველაზე ნათელ მაგალითად არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი მიმაჩნია.
ეს კაცი ამჟამად 57 წლისაა და უბრალოდ, შევხედოთ მის ფოტოებს. სახე მთლად დანაოჭებული აქვს და მხოლოდ ახლა კი არა, რამდენი წელიწადია, ასეა. ეგაა, ბოლო პერიოდში ძალიან შეეტყო...
თანაც, კუპერი იმ სპეციალისტთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ. ის შინაგანად ემოციური კაცია.
რა თქმა უნდა, მისი დაბერება დიდწილად წაგებული ფინალების ბრალია, თუმცა ოტმარ ჰიტცფელდსაც უთქვამს - "დორტმუნდში" როცა მუშაობა დავიწყე, ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი, ორ თვეში კი კეფაზე თმა გამცვივდაო. ვინ იცის, კიდევ რამდენს დაუჩივლია.
ასეა, ხალხის სიყვარული და დიდი ხელფასი მსხვერპლსაც მოითხოვს.


ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
181
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0