x
image
worldsport.ge
საქართველოში დაბადებულთა ხვედრი

imageმე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე რიგითი ფეხბურთელი ვარ და კარგად ვუწყი, რომ იმ ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატში ვთამაშობ, სადაც ფულიც ნაკლებია, შესაძლებლობებიც და გაქანებაც. ისიც მშვენივრად ვიცი, მწვანე მინდორზე ვერც ლეო მესივით დავატრიალებ ქარიშხლებს და ვერც ზლატან იბრაჰიმოვიჩივით ავახმაურებ ნახევარ პლანეტას. მაგრამ, როდესაც ვარჯიშიდან დაქანცული ვბრუნდები და სახლში მისული ტანსაცმელგაუხდელად მივწვები საწოლზე, გულში მაინც გამკრავს ის განცდა, რომ მე, ისევე როგორც სხვა მილიონობით ჩემნაირი ადამიანი, უსამართლობის მსხვერპლნი ვართ. ჩვენი მთავარი “დანაშაული” ხომ მხოლოდ ისაა, რომ გაჭირვებულ ქვეყნებში დავიბადეთ და ლეო მესის ასეულობით მილიონიან ხელფასებს ვინ ჩივის, ყაზახეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ოდენობის ხელფასიც კი გვენატრება.
არ იფიქროთ რომ თავს ვიქებ, ან ვინმეს თავს ვაცოდებ... მაგრამ, დამერწმუნეთ, ვარჯიშებზე თავს ნამდვილად არ ვზოგავ. არც ჩემი მწვრთნელია ჟოზე მოურინიო და არც მე ვარ ანხელ დი მარია, ვარჯიშებზე რაიმე სასწაული რომ მოვიმოქმედოთ, მაგრამ განა ესა ჩვენი ბრალია? ჩემმა მწვრთნელმა რაც იცის, იმას მასწავლის, მეც როგორც შემიძლია თავს არ ვზოგავ და ვინდომებ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მაინც არაფერი იცვლება. ჩემი ხელფასი კვლავ მიზერულია და ყოველთვიურად კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე ვდგები.
როგორც გინდთ ისე გამიგეთ, მაგრამ, რატომღაც არ მგონია, რომ ევროპის წამყვან საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი ჩემზე მონდომებული იყოს. მაგრამ მათ გაუმართლათ. ისინი შეამჩნიეს, დაინახეს, კარგი აგენტები ჰყავდათ, იცოდნენ როგორ გაეყიდათ საკუთარი თავი... მე კი ერთი ჩვეულებრივი პროვინციელი ბიჭი ვარ, რომელმაც ფეხბურთის თამაში სკოლის ოღრო-ჩოღრო ეზოში დაიწყო და იმ ეზოს ბევრად არც ჩვენი გუნდის ახლანდელი სტადიონი ჯობია.
განა მარტო მე ვარ ასეთ დღეში... განა ჩვენი გუნდის ექიმია უტვინო და კაცი? განა ჩვენი გუნდის სხვა მოთამაშეები არიან შტერები და არაფრის მაქნისები? მაგრამ ეს ჩვენი ბედია, ჩვენ განსაკუთრებულად კარგი პირობების მოთხოვნის უფლებაც კი არ გვაქვს. მოვითხოვთ და სხვა ბევრის მსგავსად, ჩვენც გუნდიდან გაგვაპანღურებენ. მერე სხვა გუნდის მწვრთნელებს უნდა აეტუზო სახლთან და უნდა უმტკიცო, რომ შენი ხელფასის გაზრდის მოთხოვნა ფულის სიყვარულით კი არა, ელემენტარული პრობლემების მოგვარების სურვილით იყო ნაკარნახევი.
იცით როგორი გულსატკენია უცხოეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებთან ლაპარაკი?! შეიძლება შურიან კაცადაც ჩამთვალოთ, მაგრამ როდესაც ლეგიონერები იქაურ პირობებზე და იქაურ ხელფასებზე მელაპარაკებიან, არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა და როგორ უნდა გავამართლო ჩემი უიღბლობა და დღევანდელობა. ისინიც ფეხბურთელები არიან და მეც. ისინიც ჩემსავით ღვრიან სისხლსა და ოფლს მინდორზე და ისინიც ჩემსავით დარდობენ მიღებულ ტრავმებსა და გაცდენილ თამაშებზე. მაგრამ როდესაც ხელფასის აღების დღე დგება, ისინი რა თქმა უნდა არ ფიქრობენ მაღაზიის ვალებზე და შვილის მუსიკის მასწავლებისათვის მისაცემ თანხაზე. მათთვის ეს ყველაფერი უკან მოტოვებული წარსულია. მე კი, პრობლემებს ძველებურად უღელში შებმული ხარივით ვებრძვი. და განა მხოლოდ ახლაა ასე? სულ ასე იყო. სულ პრობლემებს ვეპაექრებოდი და სულ დარდიანი ვბრუნდებოდი ვარჯიშების მერე. ვითომ მართლა ესაა ჩემი ბედისწერა?
პატარაც აღარ ვარ. მომავალ თვეში 33 წლის გავხდები. 1-2 წელიც და საფეხბურთო კარიერის დასრულება მომიწევს. წარმოდგენაც კი არა მაქვს რა უნდა გავაკეთო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ. გამოვა კი ჩემგან მწვრთნელი? ანდა დავჭირდები საერთოდ ვინმეს? გაიგებს ვინმე ჩემს სადარდებელს?...


ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

1
261
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
261
  
2013, 18 აპრილი, 11:14
რომელი ფეხბურთელია ??? მესმის მისი და მე მგონია რომ ნაკრებზე ამდენ ლაპარაკს ჯობია თანხები ჩაიდოს ეროვნულ ჩემპიონატში და გავძლიერდეთ ამ მხრივ და მერე ნაკრებსაც ეშველება,სწორი მეთოდია საჭირო და არა უაზროდ ფლანგვა ფულების,ისეთი უნდა მოვიდეს ამ ყველაფრის სათავეში ვისაც ფეხბურთი ტკივა და არა საკუთარი ეკონომიური მდგომარეობა
0 1 1