"სერბეთთან პირველ თამაშში ფეხბურთი არ ყოფილა".
"მასპინძლებმა ხრიკები გამოიყენეს. როცა აწყობდათ ჩვენი მოგება, მინდორი გაწმინდეს თოვლისგან, როცა არა - გვათამაშეს საშინელ მოედანზე".
"ამ ნაკრების მჯერა. აგერ მე, აგერ თქვენ, ამ ნაკრებიდან რამდენი მოხვდება მალე 19-წლამდელებში, შემდეგ 21-წლამდელებში და ეროვნულშიც".
"ავსტრიასთან ბოლო წუთებზე ხარიხას მოვარტყით ბურთი. გოლი რომ გასულიყო, გმირს დამიძახებდნენ და რადგან ხარიხას მოხვდა, უცოდინარი ვარ? ერთი ხარიხით არ ფასდება მწვრთნელის მუშაობა".
"ვკითხულობ სხვადასხვა ღვარძლიან კომენტარებს. არ ვიცი, ეს ხალხი ვინ არის და რა გაუკეთებიათ ქართულ ფეხბურთში".
ეს ამონარიდებია გიორგი დევდარიანის ინტერვიუდან. "მსოფლიო სპორტი" საქართველოს 17-წლამდელთა მწვრთნელს ესაუბრა ავსტრიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩებზე.
როგორც იცით, ქართველმა ჭაბუკებმა სერბეთთან 0:2 წააგეს, შემდეგ ირლანდიას 3:0 სძლიეს და ბოლო ტურში ავსტრიასთან 1:2 დამარცხდნენ. ავსტრიასთან შეხვედრა 2:2, ან სულაც 1:1 რომ დასრულებულიყო, საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა და 8-გუნდიან ფინალურ ეტაპზე გავიდოდა.
- ჯგუფური ეტაპის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.
- ძალიან დამწყდა გული. დიდი დარტყმა იყო ჩემთვის და ბიჭებისთვისაც. სერბეთთან პირველი თამაში რა მოედანზეც ვითამაშეთ, თავადაც ნახეთ. ეს მოედანი არ იყო. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თამაში დილის 11 საათზე იყო. ვთხოვე, მინდორი გაწმინდეთ და ცოტა გვიან დავიწყოთ-მეთქი, მაგრამ არ გააკეთეს.
მეორე მატჩში ირლანდიას ვხვდებოდით და ავსტრიელებს ჩვენი გამარჯვება აწყობდათ, რადგან პირველ ტურში ირლანდიასთან წაგებული ჰქონდათ. სასტუმროში მოვიდნენ ავსტრიელთა ოფიციალური პირები და გვითხრეს, მინდორს გავწმენდთო. ახლა უკვე აწყობდათ, რომ კარგ მოედანზე გვეთამაშა, რადგან კარგად იცოდნენ - ჩვენი კოზირი ტექნიკა იყო. გაწმინდეს, 3:0 მოვიგეთ და სანამ ირლანდიელებს ორ კაცს გაუგდებდნენ, მანამდეც დიდი უპირატესობა გვქონდა.
რაც შეეხება ავსტრიასთან ბოლო თამაშს, ფოტოებით შესაძლოა არ ჩანს, მაგრამ საშინელ მდგომარეობაში იყო მინდორი. მძიმე გრუნტი იყო და ტალახიც. ამის მიუხედავად, ავსტრიასთან პირველ ტაიმში უდიდესი უპირატესობა გვქონდა და როგორ გავუშვით ის ორი გოლი დასაწყისში, ჩემთვის აუხსნელია. ბავშვური შეცდომები იყო. პირველი ტაიმის ბოლოს ლუკა ზარანდიამ ერთი ბურთი გაქვითა და წინ 40 წუთი იყო, ბოლოს ხარიხასაც მოვარტყით ბურთი. 2:2-ზე ჩვენ გავიდოდით პირველ ადგილზე.
- წინასწარ, პირველ საკვალიფიკაციოზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, სერბეთი თითქოს ყველაზე ძლიერი გუნდი ჩანდა. პირველ ტაიმში მათთან უპირატესობა გქონდათ, მაგრამ 0:0 დაასრულეთ და მეორე ტაიმში წააგეთ...
- სერბეთთან ფეხბურთი არ ყოფილა. თამაში მინდორზე არ ყოფილა და როგორ იქნებოდა... ფეხბურთი კი არა, ხელჩართული ჩხუბი იყო. ველოდი კიდეც, რომ ასეთ მოედანზე მომენტები სტანდარტული სიტუაციიდან თუ შეიქმნებოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ყველაფერი ავსტრიელების ხელში იყო: რაც უნდა მოგეთხოვა, თუ არ უნდოდათ, არ გაწმენდდნენ მოედანს. აი, როგორც მე ვნახე სამივე მეტოქის თამაში ბევრჯერ და ყველა დეტალი გათვალისწინებული მქონდა, მათაც ზედმიწევნით კარგად ვყავდით შესწავლილები და იცოდნენ, რომ თოვლში, ან ტალახში კოზირებს ვერ გამოვიყენებდით. I საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოში რომ ჩატარდა, ჩვენც შეგვეძლო, მეტოქეებისთვის არახელსაყრელი პირობები შეგვექმნა, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, 16-17 წლის ბავშვები სპეციალურად ანტიფეხბურთის სათამაშოდ გაიყვანო.
- ავსტრიასთან მეორე ტაიმი გადამწყვეტი იყო. ერთი გოლი გვჭირდებოდა. ხარიხის გარდა, შანსები გვქონდა?
- როგორც უკვე ვთქვი, პირველ ტაიმში გვქონდა დიდი უპირატესობა, მეორეში კი ეს უპირატესობა გაქრა. მათი მოედანი იყო, ავსტრიელებს სულ მოუხეშავი, ჯანიანი ბიჭები ჰყავდათ. მიუხედავად ამისა, შანსები იყო.
- რამდენად დაეტყო ნაკრებს კერძევაძის არყოფნა?
- საწყენია, რომ ავსტრიასთან გვაკლდა გაფრთხილებების გამო. კერძევაძე პირველ ორ მატჩში კარგად თამაშობდა.
- ზარანდიაზე ცალკე გკითხავთ. ის გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ჩანს, შესარჩევში 5 გოლიც მოუგროვდა...
- ერთს ვიტყვი: რაც ამ ნაკრებთან ერთად ვმუშაობ, შესარჩევშიც და ამხანაგურებშიც, მასზე კარგად არავის უთამაშია. შევხვდით გრანდებს, მათ შორის, გერმანიასა და ბელგიას, მაგრამ ზარანდიაზე კარგი მოთამაშე არავის ჰყოლია.
- ავსტრიაში კარგად მომზადებულები წახვედით?
- დიახ. აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვი, ფედერაციამ კარგი შეკრებები მოგვიწყო და ძლიერ მეტოქეებსაც შევხვდით. ცუდი შედეგიც არ გვქონია, გერმანიასთან 1:4-ს თუ არ ჩავთვლით.
- ტექნიკა ახსენეთ და იყო ამ ტურნირზე ისეთი კომპონენტები, რაშიც აშკარად გვჯობდნენ?
- მსგავსი არაფერი ყოფილა. წონაში და სიმაღლეში იყო განსხვავება. სელექციისას ვარჩედი იმ ჭაბუკებს, რომლებსაც ფეხბურთის თამაში სხვებზე უკეთ შეეძლოთ.
- ამ ნაკრებს, 1996 წელს დაბადებულებს, 2014 წლის შემოდგომამდე აღარ ექნებათ შესარჩევის მატჩები - 19-წლამდელებში გადადიან. მანამდე რას აპირებთ?
- იანვრამდე მაქვს კონტრაქტი. იმედია, ამ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებს დაუგეგმავენ. იანვრის შემდეგ კი, არ ვიცი. ფეხბურთში რომ ვიქნები, ეს ვიცი.
- 17-წლამდელთა საკმაოდ ძლიერი და ლამაზად მოთამაშე ნაკრები გყავდათ სამი წლის წინათ - 1993 წელს დაბადებულები. შეგიძლიათ, მაშინდელი და ახლანდელი 17-წლამდელები შეადაროთ?
- სამწუხაროდ, ახლა ავსტრიაში ტრავმების გამო ვერ წავიყვანეთ ორი კარგი ჭაბუკი: მესხი და ხორხელი. მათი ძალა და ენერგია ვერ გამოვიყენეთ. 1993 წელს დაბადებულთა ნაკრები შეტევის ხაზში უკეთესი იყო: ჭანტურია, სხირტლაძე და ყაზაიშვილი თამაშობდნენ. თანაც, იმ ბირთვთან ერთად დიდი ხანი ვმუშაობდი, ამ ნაკრების მწვრთნელობა კი 9 თვის წინ დავიწყე. მიუხედავად ამისა, დღევანდელ 17-წლამდელებში, როგორც უკვე ვთქვი, არიან ფეხბურთელები, რომლებიც, მჯერა, მალე გადავლენ უფროსი ასაკის ნაკრებში.
ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩასაფრებულ მიდგომას კარგი არაფერი მოუტანია ქართველებისთვის. ეს სენი ვერ მოვიშორეთ. ჩამოვდივარ თბილისში და ვკითხულობ სხვადასხვა ღვარძლიან კომენტარებს. არ ვიცი, ეს ხალხი ვინ არის და რა გაუკეთებიათ ქართულ ფეხბურთში. ავსტრიასთან ბოლო წუთებზე ხარიხას მოვარტყით ბურთი. გოლი რომ გასულიყო, გმირს დამიძახებდნენ და რადგან ხარიხას მოხვდა, უცოდინარი ვარ? ერთი ხარიხით არ ფასდება მწვრთნელის მუშაობა.
გერმანია საკუთარ მოედანზე ატარებდა ელიტ-რაუნდის მატჩებს და უკრაინამ 10 კაცით მოუგო. თავი უნდა მოიკლას გერმანელთა მწვრთნელმა? ესპანეთი ვერ გავიდა და კიდევ რამდენი ძლიერი ნაკრები დარჩა ფინალური ეტაპის მიღმა. ყველაფერს ვეცადე, არაფერი დამიკლია.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge