x
image
worldsport.ge
სოჭის საკითხს სესია გადაწყვეტს

imageსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას 2 მაისს მიიღებს. დღეს სეოკ-ის ოფისში აღმასკომის წევრები შეიკრიბნენ და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის სოჭის ოლიმპიური თამაშების შესახებაც.
“საბოლოო პასუხის დაფიქსირების ბოლო ვადა 7 მაისია. ჩვენ კი 5 დღით ადრე შევიკრიბებით – 2 მაისს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესია გაიმართება და 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე კენჭისყრას ჩავატარებთ. მასში მონაწილეობას 59 დელეგატი მიიღებს”, – განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
აღმასკომის სხდომის დღის წესრიგში შემავალი პირველი საკითხი თებერვალში რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში გამართული ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის შეჯამება იყო. ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა დამსწრეთ ქართველი სპორტსმენების მიერ ნაჩვენები მოკრძალებული შედეგები შეახსენა და იქვე დასძინა, ამ ეტაპზე ზამთრის სახეობებში მედლების მოპოვებას არც ვგეგმავდითო.
ივლისში ქართული სპორტული დელეგაცია უკვე ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ჩაერთვება, რომელსაც ჰოლანდიის ქალაქი უტრეხტი უმასპინძლებს. სეოკ-ის გენერალური მდივნის, ემზარ ზენაიშვილის განცხადებით, ქართველები 9 სახეობიდან 6-ში მიიღებენ მონაწილეობას და ამათგან ყველაზე შედეგიან გამოსვლას ძიუდოისტებისგან ელის. შეგახსენებთ, უტრეხტის შემდეგ, ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2015 წელს თბილისში გაიმართება.
სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ორ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღმასკომის წევრებს აუწყა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა აღადგინა ჟურნალი “ოლიმპიელი”, რომლის გამოცემაც 2009 წელს შეწყდა. მთავარი რედაქტორი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი იქნება. ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოვა. პირველი ნომრის პრეზენტაცია კი 2 მაისის სესიაზე შედგება.
ბერიშვილისვე განცხადებით, 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საინტერესო სპორტული ღონისძიებების გამართვა იგეგმება, რომლებშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
დაბოლოს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს მომავალში აღიარების თაობაზე საქართველოს სქვოშის ფედერაციის მოთხოვნას განიხილავს და დიდი ალბათობით, მას მხარსაც დაუჭერს. შეგახსენებთ, სქვოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების კანდიდატ სპორტის სახეობათა ჩამონათვალშია შეტანილი.



ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0