დღეს, 19:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” უეფას ფუტსალის თასის წილისყრა გაიმართება. თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში ფუტსალის თასის საპატიო ელჩის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ შოთა და არჩილ არველაძეები.
წილისყრის შედეგად, ტურნირზე მონაწილე ოთხი კლუბი ნახევარფინალურ ეტაპზე დაწყვილდება. თბილისის სპორტის სასახლეში, უეფას ფუტსალის თასის ნახევარფინალური მატჩები 25 აპრილს გაიმართება. მატჩი მესამე ადგილისათვის და საჩემპიონო დაპირისპირება კი 27 აპრილს შედგება.
პრესტიჟული ტურნირის თასის მოსაპოვებლად დედაქალაქში, კატალონიის “ბარსელონა”, მოსკოვის “დინამო”, ალმაატის “კაირათი” და თბილისის “იბერია სტარი” იბრძოლებენ.
უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალი თბილისში პირველად ჩატარდება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, თბილისში, ამ რანგის შეჯიბრის გამართვის გადაწყვეტილება 2012 წლის დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიიღო.
დღეს, 19:00 საათიდან, გულშემატკივრებს წილისყრის ნახვა uefa.com-ზე შეეძლებათ.
წყარო: www.worldsport.ge