მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მალტის ნაკრებთან სტუმრად ჩატარებული მატჩი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონისთვის იტალიის ეროვნულ გუნდში 126-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ის ლეგენდარულ მცველ პაოლო მალდინის გაუტოლდა.
თავად ბუფონს იმედი აქვს, რომ ფაბიო კანავაროს რეკორდს გააუმჯობესებს, რომელმაც “სკუადრა აძურას” ღირსება 135-ჯერ დაიცვა.
“იმედი მაქვს, რომ ფიზიკური ფორმა ამის საშუალებას მომცემს და უფრო მეტსაც გავაკეთებ. 30 წლის შემდეგ სპორტსმენი ძაღლივით ხდება – ერთი წელიწადი შვიდს უდრის. როდესაც დანიას ვეთამაშეთ, მილანში მალდინი ვნახე და მან მითხრა, რომ ნაკრებში 150 მატჩის ჩატარებაც შემიძლია. ეს ძალიან ოპტიმისტური განცხადებაა, მაგრამ თუ ღმერთმა ინება, ამ ამოცანას შევასრულებ”, – იუწყება ბუფონის ნათქვამს იტალიური პრესა.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრებმა მალტა სტუმრად 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი მარიო ბალოტელიმ გაიტანა. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ბუფონმა პენალტი მოიგერია.
წყარო: www.worldsport.ge