მე ვარ სიმღერის ნაცნობი ბგერა
მაგრამ ამოთქმა სულყველას გიჭირთ
მე მადლიანი მიწის ბელტი ვარ
გრუნტს მოწყვეტილი, ბარით და კირკით.
მე თქვენს ნამუსში ჩაკეტილი პატიმარი ვარ
და ყოველ კართან უცრემლოდ ვტირი
მთელი ცხოვრება დღიდან-დღემდე და წლიდან-წლამდე
მე თქვენს ძარღვებში ვდუღარ და ვიწვი.
მე სანუკვარი, ტკბილი ლუკმა ვარ
და ვგრძნობ ჩამყლაპავს ვინმე უცხო, გადამთიელი,
მე თქვენს პატარებს ადამიდან სიკეთით ვკვებავ
და თვითონ დავრჩი მე დღეს მშიერი.
მე მარიამის უწმინდესი ცრემლები მომრწყავს
და ჭავჭავაძე გამაცილებს ბნელ საფლავისკენ
როცა თქვენს მკერდში არ დარჩება ჩემი ადგილი.
როცა მე თქვენი სიძულვილი ბოლომდე მომკლავს
მე შემოდგომის ალისფერი განთიადიც ვარ
და ვიცი მალე გადამფარავს მუქი ღრუბელი
მხოლოდ ერთობას შეუძლია კვლავ გამაცოცხლოს
და დამიბრუნოს მადლით სავსე წუთისოფელი.