ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა "IDS Borjomi"-ს საკონტროლო პაკეტი რუსულ "ალფა-გრუპს" მიჰყიდეს, - ამის შესახებ რუსული საინფორმაციო პორტალი 1Прайм.ru-ი პატარკაციშვილის ქვრივზე, ინა გუდავაძეზე დაყრდნობით წერს.
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა IDS Borjomi რუსულ კომპანიას მიჰყიდა
მასალაში მოყვანილია ინა გუდავაძის წერილობითი კომენტარი, სადაც ის ადასტურებს, რომ გარიგება დასრულებულია. მისივე ინფორმაციით, გარიგების პირობები კონფიდენციალურია. "თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქციების პაკეტის მოცულობა, რომელიც ოჯახს დარჩა, აქტივების მართვაში მონაწილეობას განსაზღვრავს", - წერს პატარკაციშვილის ქვრივი.
"ფორბსის" მონაცემებით, კომპანიის 100%-იანი წილი შეფასებული იყო 500 მილიონ დოლარამდე. ზემოაღნიშნულ გარიგებამდე, საკონტროლო პაკეტის 87%-ის მფლობელი სწორედ პატარკაციშვილის ოჯახი იყო.
დღევანდელი მონაცემებით IDS Borjomi International-ში შედიან კომპანიები: IDS Borjomi Georgia, IDS Group Ukraine, IDS Borjomi Russia, IDS Borjomi Azerbaijan, IDS Borjomi Belarus და IDS Borjomi Europe.