x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
"გაჩენის დღიდან, თითქოს, ყველაფერს ამ ერთი დღისთვის ითმენდი"- ოთარ ჭილაძე

image



”ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”


მხატვრული შემოქმედება ხშირად გამონაგონს გულისხმობს და ეფუძნება. მწერალი რეალურ სამყაროს ირეალურსაც უმატებს და ისე აწვდის მკითხველს, მაგრამ ამ ადამიანის ლექსებში გამონაგონს ვერ შევხვდებით. ყველაფერი მწერლის მიერ განცდილი და ნაგრძნობია.


“მე ჯერ ვცხოვრობდი და მერე ვწერდი,
როგორც ვცხოვრობდი – კარგად თუ ცუდად”.
დიახ, ეს ოთარ ჭილაძეა, ადამიანი, რომელსაც არც თითიდან გამოუწოვია თავისი ხატები და არც ტვინი უჭყლეტია. წერდა ისე, როგორც ხედავდა, ხოლო ხედავდა ისე, თითქოს სხვა ბროლი ედგა თვალში.



ოთარ ივანეს ძე ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში დაიბადა. მამამისი – ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ - ეკონომიური და იურიდიული განათლებით. დედა – თამარ მათეშვილი – საკმაოდ შეძლებული, მაგრამ ოციან წლებში ერთბაშად გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი.


1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე - ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.
მსახურობდა ჟურნალ “მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.
დაოჯახდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მეულე – ნანა თოფაძე. ჰყავს ორი შვილი – ზაზა და თაკო – და ოთხი შვილიშვილი .


ჭილაძის შემოქმედებისთვის უცხოა პათეტიკა. მას ახასიათებს ფილოსოფიური განსჯა, ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა, უბერებელ პრობლემათა დღევანდელი ფეთქვის შეგრძნება. თბილისი ჭილაძის პოეტური ხედვის, მსოფლშეგრძნების განმაპირობებელია, რადგან იგი მთლიანად ურბანისტული სულის მწერალია. იგი უფრო ღამის თბილისის მოყვარულია, რადგან მისთვის ლექსი არის ფიქრის, განსჯის, თვითჩაღრმავების საშუალება .


“ცხოვრება” – რას გულისხმობს ეს ცნება? ცხოვრება ტკივილია, ცხოვრება სიხარულია. ცხოვრებაა ყველაფერი: მარტოობა და სევდა, მხიარულება და ღიმილი, პატარა ქოხი სოფლის შარაზე, რომელშიც ვიზრდებით, ან დიდი ქალაქი, რომელშიც მთელი სიცოცხლე დავბორიალობთ, მაგრამ ცხოვრება, პირველ რიგში, სიყვარულია.
“ფრთხილად, ცხოვრება იწყება ასე!”


დიახ, ცხოვრება სიყვარულით იწყება, სიყვარული კი გრძნობათა და განცდათა ჯადოსნური ნაზავია. პოეტი უდიდეს ძალას გრძნობს საკუთარ თავში, სასიცოცხლო ძალას, რომელიც სიყვარულის ჩასახვისას იბადება ადამიანში და მისი დამთავრებისთანავე ქრება.


“ჩემში იქნება დევების ძალა,
სანამ მიყვარხარ და მეყვარები,
სანამ გრძელდება და ფეთქავს კვალი
და სასწაულად გთვლიან თვალები . . .”



მას სურს ორმხრივი სიყვარული, ორმხრივი განცდა ბედნიერებისა.
“და ნუ მთხოვ ძმობას, მე მინდა ქალი,
თუ ჩემი ნეკნი ქცეული ქალად.”



ამ სიტყვებში დიდი სიყვარულია ჩაქსოვილი, სიყვარული, რომელსაც ძალიან უფრთხილდება ოთარ ჭილაძე, რომლის დაკარგვისაც ეშინია.
“თუ გამითავდა შენზე ფიქრები,
როგორც გადამწყვეტ წუთში ვაზნები.”



საოცარი შედარებაა, სიყვარულის დაკარგვა სწორედ გადამწყვეტ წუთში ვაზნების გათავებას ჰგავს, ვაზნების გათავებას მაშინ, როდესაც სიცოცხლისთვის იბრძვი.
საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენას საოცარი მხატვრული სახით გადმოგვცემს პოეტი:

“გესმის, უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს.”


სადამდე შეილება მივიდეს სიყვარული! თურმე შეიძლება, ვიღაცის გამო საკუთარ ფიქრებზც უარი თქვა, დათმო საკუთარი პრინციპებიც-კი იმისთვის, რომ უბრალოდ გიყვარდეს.

“ვერ დაგივიწყებ და ალბათ ხვალვე
მომენატრები კვლავ მთელი ძალით.”‘


პოეტის შიმშილს, წყურვილს, სიცივეს, მხოლოდ ერთი პიროვნება დააკმაყოფილებს, პიროვნება, რომლის დავიწყებაც უნდა, მაგრამ ეს ადვილი არ არის. სიყვარული ისეთი ძლიერი გრძნობაა, რომ მისგან თავდახსნა შეუძლებელია, რადგან მთელი ცხოვრების წამებას გადაწონის ერთი წუთი, ერთი დღე, მომენტი, როდესაც ადამიანი ბედნიერია,

როცა შეუძლია თქვას:


“გაჩენის დღიდან თითქოს ყველაფერს
მხოლოდ ამ ერთი დღისთვის ითმენდი.”


მწერალი თავის ტკივილებს აშიშვლებს მკითხველის წინაშე, მაგრამ შეცოდებასა და თანაგრძნობას არ ითხოვს, მას მოსმენა და თანაგანცდა სჭირდება. მოდით, ვიყოთ მისი მსმენელები და ფრთხილად მივუგდოთ ყური, რადგან იოლი არ არის გულის გადაშლა და განდობა, იოლი არ არის საკუთარ ტკივილზე საუბარი.

0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:xatuna
xatuna
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0