სხვა ბევრი რამ პომადის შესახებ 2012, 29 დეკემბერი, 0:50 დიდი ხანია ცნობილია, რომ მამაკაცი ცხოვრების განმავლობაში 4 კილოგრამამდე პომადას "ჭამს" ( შედარებისთვის, აქვე გეტყვით, რომ ქალბატონები საშუალოდ 6 კილომდე ტუჩის საცხს "მიირთმევენ").
ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ღირსეული მამაკაცები - მაგალითად ფრანგები - ერთ დროს ტუჩებს თავადაც იღებავდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ მათ ძალიან სურდათ, ულვაშები და წვერი ერთმანეთისგან გაემიჯნათ.
ფრანგებს არც გერმანელი დიდგვაროვნები ჩამოუვარდებოდნენ: ძლიერი სქესის წარმომადგენლები სიამოვნებით სარგებლობდნენ პომადითა და პუდრით, ხოლო ქალებს კოსმეტიკის გამოყენება ეკრძალებოდათ. უფრო მეტიც, 1779 წელს გერმანელებმა საგანგებო კანონიც მიიღეს: "თუ ქალმა კაცი აიძულა, ცოლად შეერთო და ამისთვის პომადა, მათეთრებელი და პარიკი გამოიყენა, რითიც მამაკაცი მოატყუა, სინამდვილეში კი მახინჯი აღმოჩნდა, ასეთი ქალი ჯადოქრობისთვის უნდა გასამართლდეს". თუმცა, როდესაც საქმე სილამაზეს ეხებოდა, ქალებს უმკაცრესი კანონებიც კი ვერასდროს აბრკოლებდნენ.
ამჟამად პომადის იმდენი სახეობა არსებობს, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ტუჩების დამარბილებელი პომადა, რომლის შემადგენლობაშიც გვირილის ექსტრაქტი, ავოკადოს და ქოქოსის ზეთი და სხვა ბუნებრივი დანამატები შედის. ასევე საპატიო ადგილი უჭირავს მკვებავ პომადას, რომელიც ტუჩებს დახეთქვისას და აქერცვლისგან იცავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ მდგრადი და სუპერმდგრადი პომადები, რომლებიც ტუჩებს 24 საათის განმავლობაში არ შორდება.
კოსმეტიკის სფეროს გამოცდილი ექსპერტები გირჩევენ, პომადის შერჩევას დიდი სერიოზულობით მოეკიდოთ. მაგალითად, თავდაპირველად საჭიროა პომადა დაყნოსოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ მას მეტისმეტად მძაფრი სუნი ხომ არ აქვს. კონსისტენციის მიხედვით, ტუჩის საცხი მყარი და ერთგვაროვანი უნდა იყოს, ყოველგვარი ბზარის გარეშე. მისგან ოდნავი სითხეც კი არ უნდა გადმოდიოდეს. ამასთანავე იგი ტუჩზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პომადის ფერი ფრჩხილების აქისა და "რუმიანას" ფერებს ეხამებოდეს. 117 6-ს მოსწონს
|