სხვა "სიტყვის შემსრულებელი" ბებია და საფლავის გაწბილებული ქურდები 2012, 19 ნოემბერი, 21:33 ბებიაჩემს იმდენი ოქროს სამკაული ჰქონდა, ლიტრიან ქილაში ინახავდა. თითო-თითი ნივთი თავის ქალიშვილსა და რძალს მისცა, დანარჩენებზე კი ანდერძად დაიბარა - ვინც კუბოში არ ჩამატანოს, უკან მომეწიოსო. ბებია ქუთაისში ცხოვრობდა და როცა გარდაიცვალა, ქუთაისელმა ქურდებმა იმავე დღეს ნახეს მესაფლავე - ღრმად არ გათხაროთ საფლავი, კუბოს ამოღება გაგვიჭირდებაო. ისიც უნდა გენახათ, ჩვენს სახლთან უცხო ადამიანები რომ ირეოდნენ. ბებიის ანდერძის აღსრულებას ოჯახის უახლოესი წევრები ესწრებოდნენ. მისმა შვილებმა გული თან გააყოლეს ბებიის განძს, მაგრამ მისი ანდერძის შეცვლა ვერავინ გაბედა, ცხონებულმა ისეთი წყევლა იცოდა, სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე ცხადდებოდა, ამიტომ ოქროსთვის თავის ხიფათში ჩაგდება ვერავინ გაბედა. მოკლედ, როგორც კი დამთავრდა დაკრძალვის ცერემონია. სასახლეს მიწა მოვაყარეთ და წამოვედით. მესამე დღესვე მოგვიტანეს ამბავი, სასაფლაო გაქურდესო. საქმეში პოლიცია ჩაერთო, თუმცა მალე ისიც გავიგეთ, რომ ქურდებს სასახლე ცარიელი დახვდათ, შიგ ოქრო აღარ იყო. ამ ინფორმაციას არ დავიჯერებდი, ბებიის საფლავი მეორედაც არ გაეხსნათ. ალბათ ვიღაცამ ჩათვალა, რომ ქურდების პირველმა ნაკადმა ოქრო ვერ იპოვა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო, რადგან სამკაულები ბებიას გულზე დავაწყვეთ. როგორც ვიცი, მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ბებიას სიცოცხლეში ვეხუმრებოდით, ოქროიანად მოგიპარავენო, - როგორც აქ მივხედე, ისე იქაც მოვუვლიო. მან თავისი სიტყვა შეასრულა, თუმცა როგორ? ამაზე რომ ვფიქრობ, ცოტა არ იყოს მეშინია. თუ ვინმეს მსგავსი ამბავი გსმენიათ, იქნებ გამომეხმაუროთ და დამამშვიდოთ, თორემ სადაც წავალ, სულ ამ სასწაულზე ვფიქრობ და გარდაცვლილი ბებიას სახე მელანდება. 3541 9-ს მოსწონს
|