საქართველო ბაჩო ახალაიას ოჯახის მიმართვა საზოგადოებისადმი. 2012, 11 ნოემბერი, 19:01 შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის-ბაჩო ახალაიას ოჯახი ავრცელებს მიმართვას, რომლის ადრესატი ქართველი ხალხი და საზოგადოებაა.გთავაზობთ უცვლელად ამონარიდს მიმართვის ტექსტიდან:"ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს მართლმსაჯულების განხორციელება არ არის. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში, დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ. "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი. ცხადია, დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე იმ მტკივნეული და შეურამცხყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს. ამ ვითარებაში ჩვენი ოჯახის ყველა წევრი უღრმესი პატივისცემით, უდიდესი მადლიერებით და გულწრფელი სიყვარულით მოგმართავთ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც არ დაიჯერეთ ბინძური შავი პიარის, რომელიც მიზნად ისახავს ბაჩო ახალაიას, როგორც პიროვნების და მოქალაქის განადგურებას და ადამიანური სიკეთისაგან სრულიად დაცლილად მის წარმოჩენას. მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ჩვენ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. მადლობა თქვენ, რომლებიც ბაჩოსადმი კეთილგანწყობამ მოგიყვანათ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორი თუ ახლო მანძილიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (თუმცა დარბაზმა ვერ დაგიტიათ), და რომელთა შორის უმეტესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი სახეები იყავით. უღრმესი მადლობა იმ უცნობ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ უცხოეთიდან გვეხმიანებიან და გვამხნევებენ, გაძლებისკენ მოგვიწოდებენ, გვაიმედებენ, რომ სამართალი და სიმართლე, სამშობლოს ინტერესებისათვის თავგანწირვა, საბოლოოდ მაინც არ დაიმალება. გულწრფელი მადლობა თქვენ და თქვენს კეთილშობილებას, თქვენს ჰუმანურობასა და ადამიანურობას, რადგან სწორედ თქვენი თანადგომა, შეძახილი და გამხნევება აღმოჩნდა ის ძალა, რამაც ამ დღეების სიმძიმე დაგვაძლევინა და გვაგრძნობინა, რომ თუ ყველა არა, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთვის უცნობი საზოგადოებისაც კი ხვდება, რომ ჩვენს ოჯახში შვილები სამშობლოს, მოყვასისა და სამართლიანობის ერთგულებითა და უღალატობის პრინციპებზე გაიზარდნენ და ვფიქრობთ, გაბედულ ვაჟკაცებადაც ჩამოყალიბდნენ, რაც ბაჩოს სამშობლოში დაბრუნებამაც, ალბათ, კიდევ ერთხელ დაადასტურა. 204 3-ს მოსწონს
|