საზოგადოება დავით აღმაშენებლის ორი ცოლი 7 მარტი, 16:56 დავით აღმაშენებელი ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინების შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციაა შემონახული. ტახტზე ასვლისას სავარაუდოთ მას უკვე ჰყავდა ცოლი, ან მალე დაქორწინდა. ქორწინება პოლიტიკური იყო სომეხ მოკავშირეებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით. მისი პირველი ცოლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა. ზოგიერთი წყარო მას რუსუდანად მოიხსენიებს, ზოგგან ელენედ, თუმცა არც ერთი არაა დადასტურებული. დავითს მისგან შეეძინა სამი შვილი: უფროსი თამარი, ვაჟი - დემეტრე (მოგვიანებით საქართველოს მეფე), რომელიც დაიბადა დაახლოებით, 1093 წელს და ქალიშვილი - კატაი. თამარი 1105-1106 წლებში შირვანში გაათხოვეს აფრიდუნ შირვანშაჰის ძე მანუჩარზე. კატაი გათხოვილი იყო ბიზანტიის იმპერატორის, ალექსი კომნენოსის უმცროს ვაჟზე - ისააკზე და დედოფლობისას ეწოდა ირინა. მოგვიანებით, დავითი ასევე პოლიტიკური მიზეზით იძულებული გახდა, დაქორწინებულიყო მეორედ. ამიტომ გაშორდა პირველ ცოლს, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა. უცნობია მისი გარდაცვალების თარიღი. დავით აღმაშენებელს მეორე მეუღლე იყო ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი, რომელთან ქორწინება პოლიტიკური იყო და შედგა დაახლოებით 1107 წელს. ქორწინებიდან დაიბადა ვაჟი — ვახტანგი (1112-1138). გურანდუხტ დედოფალს ქალიშვილებიც შესძენია, ერთ-ერთი თამარ მრწემი და მეორეს სახელი უცნობია, სავარაუდოდ - რუსუდანი. ისინი მეფის ანდერძში მოიხსენიებიან. თამარ მეფის დროინდელი ისტორიკოსის თქმით, დავითის ერთი ასული, რომელიც სწორედ გურანდუხტ დედოფლისაგან უნდა შესძენოდა მეფეს, გათხოვილი ყოფილა ოსეთში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, გურანდუხტს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა გიორგი, რომელიც მცირე ასაკში დაიღუპა. დავითის გარდაცვალების და დემეტრეს ტახტზე ასვლის შემდეგ გურანდუხტმა სასახლე დატოვა. უცნობია, როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და როდის გარდაიცვალა. ძლიერი მმართველი მეუღლის ფონზე დედოფლების ძალაუფლება ნომინალური იყო და ძირითადად შვილების აღზრდით შემოიფარგლებოდა. მათი სურათები ან ფრესკები არ არის შემორჩენილი. 190 1-ს მოსწონს
|