x
image
ლელუ
ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში გამოსვლის ტექსტი

imageსაქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით წარსდგა. გთავაზობთ მოხსენების ტექსტს:


"მოგესალმებით, ბატონებო!

მინდა მოგილოცოთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა! ჩვენს ქვეყანაში ამის პრეცედენტი შეიქმნა.

პატივცემულო დეპუტატებო!

გილოცავთ ახალი, მე-8 მოწვევის პარლამენტის შეკრებას და გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.

მინდა მივულოცო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც 1-ელ ოქტომბერს დემოკრატიული არჩევნების გზით გამოხატა თავისი ნება და აირჩია ახალი ხელისუფლება.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს, ამ ცვლილებების მთავარ შემოქმედს, რომელმაც სამოქალაქო გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინა, თავისი ღირსეული სიტყვა თქვა და ხმა მისცა სიახლეს, რომლითაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.

მინდა შევეხმიანო იმ ადამიანებს, რომლებმაც განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს არჩევნებში, მაგრამ, მჯერა, რომ ისინი,
როგორც ამ ქვეყნის შვილები, მხარს დაუჭერენ საქართველოს წინსვლას და გაიხარებენ ჩვენთან ერთად. მათ მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის - საქართველოს - ხელისუფლება ვართ და ყველა ადამიანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, მიუხედავად მისი პოლიტიკური პოზიციისა, ძვირფასია ჩვენთვის! ამ ქვეყანაში
ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა ჩვენიანებად და სხვებად საკუთარი მოქალაქეების დაყოფა.

ყოველთვის ვაცხადებდით, და ახლაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით დევნას, ეს ამბავი საქართველოში ისტორიას ჩაბარდა!

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო
ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, საერთაშორისო თანამეგობრობის როლი, რომელიც მათ ჩვენი ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე შეასრულეს - პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს და ამით მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს.

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ თავისი არჩევანით მხარი დაუჭირა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელებას.

ასეთი დიდი ნდობა და ცვლილებების
მოლოდინი ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. მე და ჩემი გუნდი ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და თავდაუზოგავად ვიშრომოთ, რათა თავი დავაღწიოთ წარსულის მძიმე მემკვიდრეობას.

ჩვენმა ხალხმა მიაღწია თავისუფლებას, მაგრამ თავისუფლებასთან ერთად
ხალხმა კეთილდღეობაც უნდა იგრძნოს და რაც შეიძლება სწრაფად.

ჩვენი ხალხის უმრავლესობა
უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ჩვენ, პირველ რიგში, თავი უნდა დავაღწიოთ ამ გაჭირვებას.
ეს არის ჩვენი მთავრობის უპირველესი ამოცანა, რადგან სხვაგვარად ქვეყნის განვითარებაზე
ლაპარაკი ზედმეტია.

ჩვენი მთავრობისთვის მთავარი
ღირებულება არის ადამიანი, ჩვენი სამთავრობო პროგრამა სწორედ ამ პრინციპით არის შემუშავებული.
ჩვენ ვიზრუნებთ თითოეულ ადამიანზე, ყველა დანაპირებს შევასრულებთ და დავუმტკიცებთ ჩვენს ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ.


ჩვენ ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების რიგში.


ჩვენ დავამკვიდრებთ კანონის
უზენაესობას და აღვადგენთ სამართლიანობას ქვეყანაში. არც ერთი დანაშაული, თუ ის მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, არ დარჩება დაუსჯელი.


ყველა, ვისაც უკანონობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, პასუხს აგებს კანონის წინაშე, კიდევ ვიმეორებ - მხოლოდ კანონისა და სასამართლოს ძალით.


შესწავლილი იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება, აგრეთვე საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული „ელიტარული კორუფციის“ მასშტაბები და შემუშავდება
მათი აღმოფხვრის მექანიზმები.


***


ჩვენი მთავრობა განახორციელებს ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა სტრატეგიული მიმართულებით და ჩვენი პოლიტიკა დაეფუძნება საქართველოს მოსახლეობის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ინტერესებს.


მოქალაქეები აქტიურად იქნებიან ჩაბმული სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და სწორედ ეს გახდება ჩვენი მთავრობის მუშაობის უმთავრესი საფუძველი.


2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში სრულიად მახინჯი მმართველობა მოჰყვა და ამის შედეგებს ჩვენ ახლა ვიმკით. იმისათვის, რომ გამოირიცხოს ერთპიროვნული ან ერთპარტიული მმართველობა, ახლავე, ამ ეტაპზე საჭიროა კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და სახელმწიფო მმართველობის სათანადო მოდელის შემოღება.


თუმცა, ამ ცვლილებასაც და სამომავლოდ კონსტიტუციური მოწყობის საბოლოო გადაწყვეტილებასაც ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი განხილვისა და სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველა გონივრულ მოსაზრებასა და ინტერესს.


კონსტიტუციით იქნება დადგენილი ისეთი მმართველობის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს სტაბილურობას.


ამასთან ერთად, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მიეცემა ბერკეტები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს რეალურად გააკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა.


ჩვენი ხელისუფლება აამოქმედებს სახელმწიფო
ორგანოთა
დაბალანსებულ
და
გაწონასწორებულ
მოდელს, უზრუნველყოფს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის არსებობას.


პარტიების დაფინანსების სისტემა შეიცვლება ისე, რომ მათ შეძლონ პოლიტიკური
საქმიანობა და საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვა.





საქართველოში
განვითარდება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე
დაფუძნებული ინსტიტუტები.
ჩვენი მთავრობა უზრუნველყოფს ქვეყნის
უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს რეგიონალური პოზიციების
გამყარებას, გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და
ნატოსთან ინტეგრაციის
მიმართულებით.


დაიწყება და
შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი.
ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ამასთან
ერთად, ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებსა და
ოსებთან
სალაპარაკოდ.


ჩვენ საერთაშორისო
თანამეგობრობის
მხარდაჭერით
მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით.


***


ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტერიტორიულ თვითმმართველობას. ძლიერი თვითმმართველობის პირობებში ყველა მოქალაქეს ექნება იმის საშუალება, რომ საკუთარი ინტერესები გამოხატოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს მართვაში.


ამ დღეებში მოვისმინეთ პრეზიდენტის
ინიციატივა გუბერნატორების, მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევის შესახებ.


ახლა არ დავიწყებ ამ ინიციატივის
შეფასებას, თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა
წლების განმავლობაში სრულიად საპირისპიროდ მოქმედებდა და დეცენტრალიზაციის ნაცვლად
მკვეთრად ცენტრალიზებული მმართველობის ვერტიკალს ქმნიდა.


ჯერ კიდევ 2005 წელს საპარლამენტო
ოპოზიცია გამოვიდა დეცენტრალიზაციის ინიციატივით, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ
დაბლოკა ეს ინიციატივა.


ჩვენი გუნდის მიზანია
რეალური თვითმმართველობის ამოქმედება და ეს წინასაარჩევნო პროგრამაშიც არის ასახული.
ჩვენ თვითმმართველობის ამოქმედებას ეტაპობრივად ვგეგმავთ, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის მმართველობის
სრული დეცენტრალიზაციით დასრულდება.


თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემათ შესაბამისი უფლებამოსილება, ფინანსები და საკუთრება, მათ ეყოლებათ არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ყოველ თვითმმართველ ერთეულში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, რომელსაც ექნება მოქალაქისთვის საჯარო მომსახურების გაწევის ფუნქციები.


რამდენჯერმე გაიზრდება თვითმმართველობების საბიუჯეტო შემოსავლები. თვითმმართველ ერთეულებს საკუთრებაში გადაეცემათ ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება, მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არაპრივატიზებული როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დიდი ნაწილი.


პირველ ეტაპზე განისაზღვრება ყოველი დასახლების - სოფლის, დაბის, ქალაქის - იურიდიული სტატუსი. მათ საკუთრებაში გადაეცემათ არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი მიწა, წყალი და უძრავი ქონება. ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსახლეობასთან თანამშრომლობით შეიქმნება თემები.


ქალაქებსა და თემებში, სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით, შეიქმნება ადგილობრივი თვითმმართველობა პირდაპირი წესით არჩეული საკრებულოების, მერების და გამგებლების
სახით. თვითმმართველ თემებში შემავალ სოფლებს ეყოლებათ არა დანიშნული, არამედ მათ მიერ არჩეული მამასახლისი.


***


ჩვენი მთავრობა იქნება
გარანტი
იმისა, რომ მოქალაქეების
კონსტიტუციური
უფლებები იქნება
ხელშეუხებელი, დამკვიდრდება კანონის უზენაესობა,
გარდაუვალი გახდება დანაშაულისათვის სასჯელი და
ბოლო მოეღება პოლიტიკური
ნიშნით
დევნას.


ჩვენი ხელისუფლება გაატარებს სასამართლო რეფორმას, სასამართლო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენისაგან. მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ამოქმედდება ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმები.


ჩვენ მივაღწევთ სასამართლოს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, სასამართლოს ფინანსური დამოუკიდებლობითაც. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებაა სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი პროცესის საჯაროობა
და ჩვენ შევქმნით ამის პირობებს.


ჩვენი ხელისუფლების პიროებებში გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება და შეიქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი.


ჩვენ რეალურად განვახორციელბთ სამართლიანი სასჯელის პოლიტიკას. გამოირიცხება დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნა მხოლოდ შეკრების წესით და გათვალისწინებული იქნება სამართლიანი სასჯელის დანიშვნის საუკეთესო მოდელები.


დადგინდება სასჯელად გამოყენებული ფულადი ჯარიმის ზედა ზღვარი. სასჯელის მოხდის რეჟიმი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და სრულად იქნება დაცული ადამიანის უფლებები.


ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,
რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი გახდება სამართლიანი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული დაზარალებულის ინტერესები.


ჩვენი გუნდის პოლიტიკური
ნებაა შეიზღუდოს პროკურატურის განუსაზღვრელი უფლებამოსილება, გაძლიერდეს ადვოკატურის ინსტიტუტი, ბოლო მოეღოს პროკურორის დიქტატს და ათასობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის დარღვეული უფლებების აღსადგენად გონივრულ ვადებში გადაისინჯოს მათი საქმეები.


პროკურატურის ფუნქცია იქნება დაიცვას საზოგადოება დანაშაულისაგან, დაიცვას ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერი უფლებები.


ჩვენი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნის საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მას სამოქალაქო სამსახურად ჩამოაყალიბებს. აუცილებელად ავამოქმედებთ პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმს.


პოლიციელები გათავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან და
ისინი სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში ჩადგებიან. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ პოლიცია
ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში ისევ ხალხის დაშინებისა და ძალადობის იარაღად
იქცეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნება ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით, სტრუქტურითა და ფორმით. ამ სამსახურის საქმიანობა უნდა იყოს საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია. სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება არ უნდა იყოს.


***


ჩვენ შევქმნით საჯარო სამსახურის ისეთ მოდელს, როდესაც საჯარო მოხელის დასაქმება და გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში
არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკაზე. კანონით განმტკიცდება პროფესიული საჯარო მოხელის საქმიანობის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა უვადოდ დანიშვნა, კარიერის პრინციპი, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის ვალდებულება, სამსახურიდან თვითნებური გათავისუფლებისაგან დაცვა და სხვა
სოციალური გარანტიები. ხელისუფლების შეცვლა აღარ გამოიწვევს საჯარო სამსახურიდან კადრების დათხოვნას.


***


ჩვენი
პოლიტიკური გუნდის გაცხადებული პრიორიტეტია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და ნატოში ინტეგრაცია.


ჩვენ
კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში და თავისი წვლილი შეიტანოს
მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში. ჩვენ ამ მონაწილეობას განვიხილავთ როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს.


საქართველოს მთავარ მოკავშირესთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად. ქარტიას საქართველო განიხილავს როგორც საკუთარი საზოგადოების წინაშე ვალდებულებას.


ჩვენ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავიწყებთ დიალოგს რუსეთთან, რაც
დაგვეხმარება არსებული კრიზისის ეტაპობრივად დაძლევაში.


დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ სომხეთთან, აზერბაიჯანსა
და თურქეთთან.


დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარების პროცესის წარმატებას.


კონფლიქტების მოგვარების საკითხი მთავრობის საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


ჩვენ
გზას გავუხსნით სახალხო დიპლომატიას, ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ბიზნესპროექტებს. წახალისდება ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა.


მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა პოლიტიკური ექსპერტების დიალოგს, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, ფერმერების, ეკოლოგების, მედიცინის მუშაკების, სტუდენტებისა და სხვა “ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას.


***


საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და წარმართავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას დასავლური სტანდარტებისა და მეთოდების შესაბამისად.


დაიხვეწება სამხედრო ძალების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი. სავალდებულო გახდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან პარლამენტისათვის საჯარო ანგარიშების წარდგენა, მათ შორის, ფინანსურ საკითხებზე.


ჩვენი მთავარი ამოცანაა თავდაცვის სამინისტროს სრული დეპოლიტიზება. ჩამოყალიბდება მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები შესაბამისი კონკრეტული ფუნქციებითა და მოვალეობებით.


ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ფართო პოლიტიკური სპექტრი, რადგან თავდაცვა და უსაფრთხოება არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალისა თუ პარტიის ვიწრო ვალდებულება ან ინტერესი.


შემუშავდება სამოქალაქო თავდაცვის ეფექტიანი სისტემა, რომელიც მთლიანად ქვეყნის თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი იქნება.


შეიქმნება სამხედრო-საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, გადაიხედება სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ყველა საქმე, გადაისინჯება პრეტენზიები პენსიების დანიშვნის კანონიერების საკითხებზე.


ნატოში ინტეგრაციის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, გაგრძელდება და გაღრმავდება პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა.


***


საქართველოს მთავრობა
ხელს შეუწყობს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურად ჩაბმას
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; აგრეთვე ეროვნული უმცირესობების კულტურის, ენის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვასა და პოპულარიზაციას.


***


***


საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ემყარება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო პრინციპებს და იმ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოს როლს სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების საქმეში.


საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის მოხდება ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზება. განხორციელდება ექსპორტის სტიმულირება და იმპორტის ჩანაცვლება.


სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.


ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის
შედეგად გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს სტაბილურ შემოსავალს მოუტანს, გაზრდის საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს.


მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან, შეამცირებს უმუშევრობას, ხელს შეუწყობს
სიღარიბის დაძლევას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას.


საჯარო ფინანსების მართვაში დამკვიდრდება ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის თანამედროვე სტანდარტები. მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადები დაიხარჯება მიზნობრივად და გამჭვირვალედ. დაიძლევა შემოსავლების განაწილებაში არსებული მაღალი უთანაბრობა და ყველა ოჯახი საკუთარ თავზე იგრძნობს ეკონომიკურ წინსვლას.


საქართველოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ისეთი საბაზრო სისტემის ჩამოყალიბება,
სადაც გამორიცხული იქნება მონოპოლიების არსებობა.


ჩვენი
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო მეწარმეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი წარმოება, აგრეთვე სოციალური სფეროში - საპენსიო რეფორმა, ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა და უმწეო მდგომარეობაში მყოფთა დახმარების სისტემის მოწესრიგება.


ჩვენ შევქმნით ხელსაყრელ გარემოს შიდა და უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც გულისხმობს ინვესტიციების დაცულობას, სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნას.


საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის კუთხით საქართველოს მთავრობისათვის პრიორიტეტულია საექსპორტო საბაზრო არეალების მნიშვნელოვანი გაფართოება, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ამოქმედება, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა.


მთავრობის მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკის შედეგად შესაძლებელი გახდება საკუთარი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისი სამუშაო ადგილის მოძიება, ცოდნისა და უნარის გამოყენება. ეს კი, შეამცირებს საზღვარგარეთ მოსახლეობის მასობრივ გასვლას, აგრეთვე სოციალური გაჭირვების ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულობათა რიცხვს და გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მაჩვენებელს.


მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა ამ ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.


კომუნალური ტარიფები დაეფუძნება რეალურ გათვლებს და იქნება ქვეყნის მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი. შესაბამისად, უმოკლეს ვადებში განხორციელდება ტარიფების ხელახალი და სამართლიანი გადაანგარიშება. დაკანონდება შეღავათები მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის.


საქართველოს მთავრობა
უმნიშვნელოვანეს რეფორმას განახორციელებს ჯანდაცვის სისტემაში. ამ რეფორმის პირველსავე ეტაპზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტი.


ასეთივე
მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება საპენსიო სისტემაში. ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება ექნება პენსია მიიღოს საკუთარი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრებიდან.


საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის ახალი სისტემა, რომლითაც ქვეყანა თანდათანობით გახდება ევროპის სოციალური სივრცის ორგანული შემადგენელი ნაწილი. ეს სისტემა დაეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ პრინციპებს, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა.


ის პენსიონერები, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე საპენსიო ასაკის
არიან ან მიაღწევენ ამ ასაკს, სახელმწიფოსგან მიიღებენ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული.


საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტიკურ რეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია.


აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება დღეს მოქმედი ნორმატივების საფუძველზე.


უკიდურესად გაჭირვებულთათვის გაორმაგდება სოციალური დახმარების ოდენობა. გაიზრდება დახმარების მიმღებთა რაოდენობა.


სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწესებულებები - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები და სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები.


ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს,
რომ დევნილთა გაუსაძლისი ყოფა შემსუბუქდეს. სადაც ამის საშუალება იქნება, მათ დავუკანონებთ
საცხოვრებელ ფართობს, ამით ისინი მოახერხებენ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვას და მიეცემათ
ღირსეული ცხოვრების საშუალება.


ჩვენი მთავრობა იმის პირობებსაც
შექმნის, რომ სამშობლოდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ოჯახების სარჩენად
მთელს მსოფლიოში არიან მიმოფანტული და დამამცირებელ სამუშაოს ეწევიან, დაბრუნდნენ და
საკუთარ ქვეყანაში შეძლონ თავისი შრომით ოჯახების გამოკვება.





***



საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება.


სოფლის მეურნეობის დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ცალკეული დონორი ქვეყნების მიერ გაცემული სესხები და გრანტები, ადგილობრივი და უცხოური კერძო ინვესტიციები. შეიქმნება „სოფლის მეურნეობის განვითარების“ 1-მილიარდიანი ფონდი.


ამ პოლიტიკის შედეგად, უახლოეს წლებში, აგროსასურსათო სექტორში შეიქმნება რამდენიმე ათეული ათასი სამუშაო ადგილი; გაიზრდება თვითდასაქმებულთა კეთილდღეობა, მათი შემოსავლები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს საარსებო მინიმუმს, შემცირდება ფარული უმუშევრობა სოფლად.


მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა არის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. საქართველოს მთავრობა წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესს და ამით ხელს
შეუწყობს კერძო სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას.


შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. კარტელური შეთანხმებების მაქსიმალურად
აღმოფხრით შეიქმნება კონკურენტული გარემო, გამარტივდება საგადასახადო პროცედურები.


საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იხმარს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება ძირითადად დაეფუძნოს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და დანაზოგების სტიმულირებას.


****


საკუთრების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბდება სამართლიანი, დეპოლიტიზებული, დამოუკიდებელი სასამართლო. შეიქმნება ისეთი პირობები, როდესაც შეუძლებელი იქნება სამართლიანად მოპოვებული საკუთრების ჩამორთმევა.


ქვეყანაში შეიქმნება ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც დაემყარება სამართლიანობის პრინციპს და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.


ჯანსაღი კონკურენციის შედეგად მოხდება საწვავის, ფარმაცევტული პროდუქციისა და სხვა საქონლის ფასების კლება.


გამჭვირვალე გახდება ბიზნესსექტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რაც დადებითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე. საკვები პროდუქტები აღარ იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში. მნიშვნელოვნად შემცირდება მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები.


მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დაბეგვრის მექანიზმებს. ყოველწლიურად დაადგინდება საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც არ იქნება საარსებო მინიმუმზე ნაკლები.


განისაზღვრება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. ხელი შეეწყობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაზრდას. ეროვნული ბანკი გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისაგან და ხელი შეეწყობა კომერციულ ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.


საქართველოს მთავრობა გაზრდის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანობას, აუცილებლად გააუქმებს არამიზნობრივ ხარჯებს, ადმინისტრაციული ხარჯებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების გზით მოიძიებს ბიუჯეტში მნიშვნელოვან თანხებს, რომლითაც დაფინანსდება პრიორიტეტული მიმართულებები - ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სოფლის მეურნეობა.


საქართველოს კონტროლის პალატა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური) რეალურად მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში. მისი ძირითადი საქმიანობა იქნება ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის კონტროლი.


გარემოსდაცვითი სფერო იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.


შემუშავდება გარემოსდაცვითი სტანდარტები და სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად.


დაინერგება ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდები, აიკრძალება გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალის იმპორტი, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება, ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებას და ბიომეურნეობების განვითარებას.


***


ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ მედია იყოს დამოუკიდებელი, ხოლო მისი დაფინანსება - გამჭვირვალე. მოხდება სარეკლამო ბაზრის დემონოპოლიზაცია. სახელმწიფო ხელს შეუწყობს პრესის გავრცელებას, განსაკუთრებით - რეგიონებში.


განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. განათლების სისტემა მთლიანად გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან და მოხდება ამ სისტემის დეპოლიტიზება. განათლების სისტემა დაეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ, თანამედროვე სტანდარტებს.


ყველა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა აკადემიური, ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიის გარანტია.


შეიცვლება
მანდატურის ინსტიტუტის შინაარსი. მანდატური იქნება სკოლის თანამშრომელი, რომელიც დაიცავს სკოლის უსაფრთხოებას. იგი ვერ ჩაერევა დირექტორისა და მასწავლებლის საქმიანობაში და მისი უფლება-მოვალეობა განსაზღვრული იქნება სკოლის დებულებისა და ადმინისტრაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით.


შეიქმნება განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმები. განათლების სისტემის მართვა იქნება თანამიმდევრული და შედეგებზე ორიენტირებული. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად შეიქმნება ობიექტური, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები.


დაცული იქნება მასწავლებლის, პროფესორის, მეცნიერის შრომის უფლება - მათ ვერავინ გაათავისუფლებს და გადაირჩევს პირადი თუ პოლიტიკური მოტივების გამო.


მშობლები მონაწილეობას
მიიღებენ სკოლის ცხოვრებაში, სკოლის საქმიანობის ანგარიშის განხილვასა და შეფასებაში.


შეიქმნება განათლების დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმები. გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა. ამაღლდება განათლების ხარისხი. ამაღლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალი.


შემუშავდება სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის კუთხით. მეცნიერება გახდება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის სა­ფუძ­ველი. მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით მნიშვნელოვნად გაიზრდება მეცნიერების დაფინანსება.


საქართველოს მთავრობა
ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდობის ჩაბმას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ქვეყ­ნის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად გამოცხადდება ნიჭიერი ახალგაზრდე­ბის მეცნიერებაში მოზიდვა.


კულტურის სფეროში გატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველო თანამედროვე სამყაროს ღირსეული წევრი გახდება. ამ მიზნით შემუშავდება კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა. დაცული იქნება კულტურის სფეროში მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობა და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპი. კატეგორიულად გამორიცხული იქნება ხელისუფლების წარმომადგენლების
მხრიდან კულტურის სფეროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.


ხელი შეეწყობა ქართული კულტურული სივრცის მსოფლიოს კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას. კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.


საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა.


ქართული სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის პირველ რიგში სპორტი
გათავისუფლდება პოლიტიკური ზეგავლენისაგან და მოხდება მისი დეცენტრალიზაცია. ჩვენ შევქმნით იმის პირობებს, რომ სპორტში ჩაბმა ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობის ყველა ფენისათვის; განხორციელდება სპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები.


***


აი, ასეთი გახლავთ მოკლედ ის კონცეპტუალური ხედვა, რომელიც ჩვენს სამთავრობო
პროგრამაშია წარმოდგენილი და რომლის სრული ვერსიაც თქვენ ხელთ გაქვთ.


რაც შეეხება იმას, თითქოს ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა და სამთავრობო პროგრამა
აცდენილია ერთმანეთს, ეს მეტი რომ არ ვთქვათ, არასწორია, რადგან წინასაარჩევნო პროგრამაში უფრო დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის დებულება,
რომელიც შემჭიდროებული სახით მოხვდა სამთავრობო პროგრამაში.


რაც შეეხება შენიშვნებს კონკრეტულ ციფრებსა და ვადებთან დაკავშირებით, ყოველივე ამას პარლამენტს წარვუდგენთ ბიუჯეტის პროექტთან
ერთად.


***


ჩვენი გუნდი შესანიშნავი
სასტარტო პირობებით მოდის ხელისუფლებაში. ეს არის უდიდესი ნდობა, რომელიც ქართველმა
ხალხმა ჩვენ გამოგვიცხადა.


ასეთი დიდი ნდობა არც წინა
ხელისუფლებას აკლდა, მაგრამ მათ გაფლანგეს ეს კაპიტალი, მეტიც, ბოროტად ისარგებლეს
ამ ნდობით და ხალხის უკიდურესი უნდობლობა და რისხვა დაიმსახურეს.


ჩვენს გუნდს აღარა აქვს ასეთი
უპატიებელი შეცდომების დაშვების უფლება, ჩვენი ქვეყანა ამას ვეღარ გაუძლებს, ამას ხალხი
აღარავის აპატიებს.


აი, ამ შეგნებით, ამ სულისკვეთებით
მივუდექი მთავრობის ფორმირებას, როდესაც მინისტრობის კანდიდატებს ვარჩევდი.


სწორედ ამიტომ, გთავაზობთ
პატიოსნების, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის ნიშნით შერჩეულ კანდიდატებს და მჯერა,
რომ მათი თავდაუზოგავი შრომით ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას და რეალურად
შეძლებს იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რასაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჰქვია.



დღეს მთელს ჩვენს გუნდს ეძლევა
უნიკალური შანსი, რომ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს და გარდამტეხ ეტაპზე, პატიოსანი
შრომით და თავდადებით ემსახუროს თავის სამშობლოსა და ხალხს და ეს დიდი პატივია ყველა
ადამიანისათვის.


ჩემ მიერ წარმოდგენილ მთავრობას კარგად აქვს გაცნობიერებული ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მას დაეკისრება ქვეყნისა და ხალხის წინაშე.


მთავრობის თითოეული წევრი პარლამენტთან იქნება
ანგარიშვალდებული და წინა ხელისუფლების მავნე ტრადიცია, როდესაც მინისტრები არაფრად აგდებდნენ პარლამენტს, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.


ჩემი მხრივ, მე გაძლევთ პირობას, რომ მთავრობის ნებისმიერი წევრისათვის მინისტრობა იქნება უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა. ჩვენ
არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმე
თავისი თანამდებობითა და ძალაუფლებით ტკბობას მიეცეს, არ დავუშვებთ არც ერთ გადაცდომას და გამორიცხული იქნება პრინციპი - „ჯერ ვაცადოთ“.



ჩვენ ვერავის ვერ დავაცდით,
ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანას აღარა აქვს. ჩვენ მაშინვე მოვახდენთ რეაქციას თითოეული
მინისტრის გადაცდომაზე, თუ ასეთი შემთხვევა იქნება და ვერავინ ისარგებლებს რამენაირი პრივილეგიით.


მაგრამ, მე მტკიცედ მჯერა,
რომ იმ გუნდს, რომლისთვისაც ნდობის გამოცხადებას ახლა გთავაზობთ, ასეთი განსაცდელი
არ ემუქრება.


თუ მხარს დაუჭერთ ჩემ მიერ წარმოდგენილ მთავრობის პროგრამას და შემადგენლობას, ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთებთ შესაძლებლის მაქსიმუმს და იმედი მაქვს, გავამართლებთ ამ დიდ ნდობას.


გმადლობთ ყურადღებისთვის.


3
236
2-ს მოსწონს
ავტორი:ლელუ
ლელუ
236
  
2012, 26 ოქტომბერი, 21:18
გაიხარეთ ბიძინა ბატონო .. თქვენ ამას უეჭველი შეძლებთ
2012, 25 ოქტომბერი, 20:48
++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 25 ოქტომბერი, 13:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3