x
image
ლურჯი თოლია
რა ხდება დაკავებული ხალხის თავს, მას შემდეგ რაც მიზანში ამოიღებენ??
20 წლის სტუდენტის, ლაზარე მაღლაკელიძის მონათხრობიდან:
image
"როცა დამიჭირეს, პირველი რაც გავაკეთე, ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე. ძირს დაწოლილს რამდენიმე წიხლი მომხვდა, რაც რამე მქონდა ჯიბეებში, ყველაფერი ამომაცალეს, საფულე, ტელეფონი... ყველაფერი. ჩანთაც მეკეთა, რომელიც ვერ მომხსნეს და შემომახიეს - რომ გითხრა, იმ ჩანთაში რამე ღირებული მედო-თქო, უნდა მოგატყუო, შარვალი მედო, საწვიმარი, ჟაკეტი, წყალი, სასუსნავები, დამტენი, ტელეფონის ელემენტი. ამ ძარცვის მერე წამომაყენეს და გადამიყვანეს იქვე, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული.
გადაყვანის დროს ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჯერ არ დაარტყათ, კამერებიაო და ეძებდნენ იმ სამარშუტოებს, რომელიც საცემრად აქვთ - გეცოდინებათ, სკამების დიდი ნაწილი ამოცლილია, რომ სივრცე იყოს და შიგნით ხალხი ცემონ.
ეს არ არის რომელიმე სპეცრაზმელის სპონტანური გადაწყვეტილება ან უცბად ადგილზე გამოგონება: ყველა სპეცრაზმელმა იცის, რომ ვისაც დააკავებენ, იქ უნდა შეიყვანონ, ცემონ და ასე ვთქვათ "დაამუშავონ". ამას კითხულობდნენ, აბა, სად არის, ერთმანეთს უთითებენ, იქ მიიყვანე და დაელოდე, ყველა სპეცრაზმელმა იცის, რაც უნდა ქნას. [სპეცნაზელები] დაკავებულების ამბავს რო გაიგებენ ხორხოცი იწყება, გართობა -ახლა მოგიყვანთ ფორმაში, ...რაკში დუბინკას დაგიყენებთ, ამით გაგაუპატიურებთ და ასე შემდეგ.... შეურაცხყოფაზე და გინებაზე აღარც ვლაპარაკობ.
რომ მიმიყვანეს, ეტყობა ეს მანქანა დაკავებული იყო თუ რაღაც ჭირდა, ვერ მივხვდი და ჩემი ცემა დაიწყეს უფრო ადრე, სანამ იმ მანქანაში შემაგდებდნენ, ლოდინმა რომ მოუწიათ, ვეღარ მოითმინეს, გაიხედ-გამოიხედეს, კამერები არ იყო ჟურნალისტების და ჯერ ფეხებში მირტყამდნენ, მერე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი და უკვე ყველგან მირტყამდნენ.
ორი ტიპი მიჭერდა ხელებით და სახეში მირტყამდა. რამდენი და რამდენ ხანს მირტყამდა, ვერ გეტყვით, რაღაც მომენტში გონებაც დავკარგე.
მერე შემხვდა ერთი ბიჭი კლინიკაში, რომელიც თურმე იქაც ჩემთან ერთად იყო და მანქანაშიც და ის ამბობდა, რომ რაღაც მომენტში შენი სხეული უბრალოდ ეჭირათ და ყველა გამვლელი სპეცრაზმელი სახეში ფეხს, მუშტს და ხელს გირტყამდაო.
რაც მახსოვს, ის იყო, რომ გამოვფხიზლდი და ამ საწვიმარის გადახდას ვცდილობდი და თქვეს, უი, ეს გამოცოცხლდაო და ხელახლა დამიწყეს ცემა. ბოლოს მარშუტკაში შემაგდეს და იქ ჩემთან ერთად ორი კაცი შემოაგდეს - იქ ჯერ ერთი რაუნდი თან გვცემეს, თან მორალს გვიკითხავდნენ კაცობაზე და ადამიანებზე.
თქვენ რანაირი კაცები ხართ, თუ ომი გინდათ, წადით და უკრაინაში იომეთო. თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები, თქვენ ხომ ...რაკში ...ნაური გევასებათ და ახლა ნახეთ, რას გიზამთო - მთელი ღამე ვიღაც რაღაც საშინელებას გვეუბნებოდა, სტანდარტულ გინებაზე არ ვლაპარაკობ.
მერე გადაგვცეს პოლიციას - პატრულმა ფოტოები გადაგვიღო და თავიანთ უფროსებს გადაუგზავნა ალბათ იმის ნიშნად, რომ ლმობიერად არ მოგვქცევიან და კარგად ნაცემები ვიყავით უკვე.
ხელახლა გამიკეთა ხელბორკილები და თან მითხრა, ჩემი ნება რომ იყოს, ამას ისე მოგიჭერდით, ხელებს დაგამტვრევდითო და იქვე გადაწყვიტა, რომ თვითონ შეევსო დაკავების ოქმი იმი.
ოქმში ჩაწერა, რომ პოლიციელებს ქვას და ასაფეთქებლებს ვესროდი. ცხოვრებაში ასაფეთქებელი არ ამინთია და პოლიციელისთვის ქვა არ მისვრია, პოლიციელისთვის საერთოდ არასოდეს არაფერი არ მისვრია, ბოთლიც არ მისვრია. ეგ რომ ვუთხარი, მკითხა, აბა, პროსტა იყავი აქციაზეო?"
0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0