დიეტოლოგია ციტრუსის დეტოქს დიეტა: ორგანიზმის გენერალური წმენდა 27 ნოემბერი, 18:07 მუდმივი დაღლილობა, ჭარბი წონა, თავის ტკივილი - ორგანიზმი თავად განიშნებთ, როდის სჭირდება განტვირთვა. დეტოქს დიეტა ორგანიზმს წიდებისგან და ტოქსინებისგან წმენდს. შედეგად, თვითგაწმენდის მექანიზმი აქტიურდება, ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება და წონა იკლებს.
დეტოქ დიეტის დაცვამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის გავლა, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ წარიმართოს.
როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი სწორად 1. ხანგრძლივობა. დეტოქს დიეტა მაქსიმუმ 3-4 დღე შეიძლება გაგრძელდეს. უფრო ხანგრძლივი წმენდა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. განმეორებითი წმენდა მხოლოდ 3-6 თვის შემდეგ შეგიძლიათ ჩაიტაროთ. დეტოქს დიეტა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის უკუნაჩვენებია, ასევე ქრონიკული დაავადებების დროს. 2. ულუფების შემცირება. დესერტის თეფშიდან ან პატარა ფიალიდან მიირთვით. საკვები ნელა და საფუძვლიანად დაღეჭეთ. გახსოვდეთ, რომ საჭმლის მონელების პროცესი პირის ღრუში იწყება. 3. აკრძალვები. უარი თქვით ალკოჰოლზე, ყავაზე, შავ ჩაიზე და გაზიან სასმელებზე. გამორიცხეთ ტკბილი, მარილიანი და ცხარე საკვები. თუ ეწევით, სასურველია, თამბაქოზე უარი თქვით. 4. დეტოქს პროდუქტები. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან დაგროვილ ნაგავს. ამ სიაში საპატიო ადგილს იკავებს გრეიპფრუტი და ლიმონი, რომლებიც არა მხოლოდ გამოდევნის ტოქსინებს, არამედ ტკბილეულისკენ ლტოლვას ამცირებს. მათ არ ჩამორჩება ვაშლი, ბანანი და ყურძენი (ამ უკანასკნელის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ თესლის მქონე ჯიშებს. ასეთი ხილი შეიცავს მეტ პოლიფენოლს, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს). ორგანიზმს კარგად წმენდს ბადრიჯანი, ისპანახი, წიწმატი, ბროკოლი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი, ხორბლის ყლორტები. სტაფილო და ჭარხალი ღვიძლს აღადგენს, სატაცური და ნიახური - თირკმლებს. 5. წყალი. დღის განმავლობაში დალიეთ თბილი წყალი, ლიმონის წვენით. სითხე უნდა დალიოთ მცირე ყლუპებით. 6. მასაჟი. ჭამიდან 1 საათში მუცელი დაიზილეთ წრიული მოძრაობით, ნელა იმოძრავეთ საათის ისრის მიმართულებით. დაახლოებით 5 წუთი შეასრულეთ. ასე ხელს შეუწყობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. 7. აბაზანა. საღამოს მიიღეთ აბაზანა ზღვის მარილით. თუ შესაძლებელია, საუნაში წადით. 8. დეტოქს დიეტიდან გამოსვლა. გამორიცხული პროდუქტები რაციონში თანდათან ჩართეთ, ყოველ ორ დღეში ერთი ახალი პროდუქტი დაამატეთ. ფქვილის ნაწარმი რაციონში სულ ბოლოს ჩართეთ. გამწმენდი დიეტიდან ნელა გამოსვლით ჯანმრთელობას, სილამაზეს და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. ციტრუსის დეტოქს დიეტა ციტრუსი შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, Р, А, В1, В2, С ვიტამინებს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, ხელს უწყობს გლუკოზის შეწოვას და აჩქარებს ცხიმის წვას. 100 გრამი გრეიპფრუტის ენერგეტიკული ღირებულებაა 33 კკალ, ფორთოხალი - 37 კკალ, ლიმონი - 18 კკალ. ციტრუსის დიეტის მენიუ 3 დღეზე გათვლილია. წონის კლება - 2-3 კგ. პირველი დღე პირველი საუზმე: ¼ გრეიპფრუტი, ½ ვაშლი, ნესვის ნაჭერი, 200-250 მლ ასკილის ნახარში. მეორე საუზმე: ბოსტნეულის და ხილის სალათა (დაჭრილი თეთრი კომბოსტო, პომიდორი, წვრილად გახეხილი გოგრა, სტაფილო, ვაშლი, შეკაზმული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან მცენარეული ზეთით), 200-250 გრამი სტაფილოს წვენი. სადილი: 100 გრამი ორთქლზე მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, 70 გრამი მოხარშული ქათმის გულმკერდი კანის გარეშე, 70 გრამი ჩაშუშული ბოსტნეულის ნარევი (ბადრიჯანი, სტაფილო, პომიდორი), 200-250 მლ მწვანე ჩაი. სამხარი: ¼ გრეიპფრუტი, ½ ბანანი, კივი, 200-250 მლ პიტნის ჩაი. ვახშამი: 300 მლ კეფირი.მეორე დღე პირველი საუზმე: ½ ფორთოხალი, ½ ვაშლი, რამდენიმე ნაჭერი ანანასი, 200-250 მლ ყურძნის წვენი. მეორე საუზმე: 150 გრამი შვრიის ფაფა, (წყალზე მოხარშული, უშაქროდ. ცოტა თაფლი და მცენარეული ზეთი დასაშვებია), 200-250 მლ ცაცხვის ჩაი. სადილი: 2-3 ცალი გამომცხვარი ან მოხარშული კარტოფილი, 80 გრამი ჩაშუშული თევზი, პატარა პომიდორი, 200-250 მლ მწვანე ჩაი. სამხარი: 1 ბანანი, ¼ გრეიპფრუტი, 200-250 მლ ბაბუაწვერას ნახარში. ვახშამი: 1 კივი, 250-300 მლ სასმელი იოგურტი.მესამე დღე პირველი საუზმე: ¼ გრეიპფრუტი, ½ ფორთოხალი, პატარა ვაშლი, 200-250 მლ მწვანე ჩაი. მეორე საუზმე: ბოსტნეულის და ხილის სალათა, 200-250 მლ პომიდვრის წვენი. სადილი: 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 70 გრამი მოხარშული თევზი, 70 გრამი ჩაშუშული ბოსტნეული (სატაცური, სტაფილო, პომიდორი), 200-250 მლ მწვანე ჩაი. სამხარი: ½ ბანანი, კივი, ¼ გრეიპფრუტი, 200-250 მლ პიტნის ჩაი. ვახშამი: 300 მლ კეფირი.ასევე დაგაინტერესებთ: დიეტოლოგმა დაასახელა სანელებელი, რომელიც წვავს ცხიმს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ვარსკვლავების 9 უცნაური დიეტა, რომელიც საინტერესოდ ჟღერს, მაგრამ მისი გამოცდა მაინც არ ღირს ტრანსცხიმებს მოერიდეთ: დიეტოლოგმა ვისცერალური ცხიმის დაწვა მასწავლა როგორ მოქმედებს სხვადასხვა დიეტა ჩვენს კბილებზე - სტომატოლოგის აზრი დღეში 5 წუთით ქუსლებზე დავდივარ: თავს კარგად ვგრძნობ და წონაში ვიკლებ 19 შეფასება არ არის |