x
image
ლურჯი თოლია
"გურჯი ხათუნი" - თამარ მეფის შვილიშილი პრინცესა თამარი, რომელიც რუმის სასულთნოს დედოფალი გახდა და მისი ცხოვრების ტრაგიკული ისტორია

გურჯი ხათუნი

თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდან მეფის ქალიშვილი თამარი - 1236 წელს, 13 წლის სელჯუკთა სულთანს, ყაისედინ (ყიას ედ-დინ) ქეი ხუსვე მეორეს მიათხოვეს. ახალგაზრდა მბრძანებელს თავდავიწყებით შეუყვარდა ლამაზი და სათნო მეუღლე, რომელსაც სიყვარულით "გურჯი-ხათუნი" შეარქვა. 1238 წელს მშეეძნა ერთადერთი ვაჟი - Kayqubad II

დანარჩენ ორ ცოლთან შედარებით სულთანი თამარს აშკარა უპირატესობას ანიჭებდა. ეჭვით შეპყრობილმა პირველმა ცოლმა "გურჯი-ხათუნის" მოწამვლა გადაწყვიტა. თამარი კი გადარჩა, მაგრამ სულთანმა ეჭვიანი ცოლი არ დაინდო და სიკვდილით დასაჯა.

თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად შეყვარებულმა ყაისედინმა 1236 წელს გამოცემულ ახალ სახელმწიფო მონეტაზე ფაფარაყრილ ლომთან ერთად სხივოსანი მზე ამოატვიფრინა, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა "მზე და ლომი" ("შირ-უ-ხურში").

გონიერებით, მტკიცე ხასიათით, დიდსულოვნებით, უბიწოებითა და ქველმოქმედებით გამორჩეულმა ქრისტიანმა ქართველმა ქალმა ისლამურ სამყაროში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. გურჯი ხათუნი უამრავი პოეტისა და მხატვრის მუზა იყო. ამბობენ, რომ ცნობილი მოხეტიალე და მოარაკე – მოლა ნასრედინიც უზომოდ იყო გურჯ ხათუნზე შეყვარებული, რის გამოც იგი სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინა. თამარ არასდროს დავიწყებია სამშობლო მუდამ ენატრებოდა ის და მოგზაურებსა თუ ვაჭრებს გამუდმებით ეკითხებოდა საქართველოს შესახებ...

სულთანი ყაისედინი მოკლეს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სულთანი თამარზე შეყვარებულმა ვეზირმა, სულეიმან ფერვანამ მოკლა. ასეა თუ ისე, ტრადიციის თანახმად, ქვეყნის განმგებელი სწორედ ფერვანა გახდა და დედოფალი თამარიც ცოლად შეირთო.

პირველის მსგავსად მეორე ქმარსაც თავდავიწყებით უყვარდა თამარ დედოფალი და მის ყველა სურვილს ასრულებდა. ასევე დიდ პატივს სცემდა დედოფლის სულიერ მამას - ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელსაც გურჯი ხათუნი დიდ პატივს სცემდა და მფარველობდა.

როცა რუმის სელჩუკთა სასულთნოს მონღოლები შემოესივნენ, თამარი იძულებული გახდა თავის ვაჟთან ერთად კონია დაეტოვებინა, თუმცა ლტოლვილობაში ბედი თამარს ყველაზე დიდ უბედურებას უმზადებდა...
მისი და ყაისედინის შვილი 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ჭაბუკის სიკვდილი ნახევარძმების შეკვეთილი იყო, რადგან სიკვდილამდე ყაისედინმა თავის მემკვიდრედ სწორედ თამართან შეძენილი შვილი აღიარა.
ამის შემდეგ გურჯი ხათუნის კვალი ისტორიაში იკარგება და ბებიის მსგავსად მისი საფლავიც კი უცნობი რჩება...
ბევრი ლეგენდა დადის აღმოსავლეთში თამარ დედოფლის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, სახელოვანი, მაგრამ უბედური გურჯი ხათუნი ზღვის ტალღებს სამშობლოსკენ გაჰყოლია...

2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზრუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს. გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.

0
138
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0