საქართველოს ახალ პარლამენტში კარებს ვერ აღებენ...
საქართველოს პარლამენტის ახალ შენობას ქუთაისში, სერიოზული ტექნიკური პრობლემები აქვს. როგორც ცნობილი ხდება, დეპუტატებს და პარლამენტის სხვა თანამშრომლებს, ასევე, ჟურნალისტებს, უამრავი ტექნიკური ხასიათის პრობლემა ექმნებათ, რაც სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, შენობაში სათათბირო დარბაზის კარის გაღების მცდელობამ კურიოზული სიტუაცია შექმნა და დიდი აურზაურიც გამოიწვია. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად მისულ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს, დავით ნარმანიას დარბაზის კარი დაკეტილი დახვდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, კარის გაღება საკუთარი და თანმხლებთა ძალებით კანდიდატმა ვერაფრით მოახერხა და იძულებული გახდა, სპეციალური ტექნიკური ჯგუფი გამოეძახა. ჯგუფმა დავალებას წარმატებით გაართვა თავი და შესაბამისად, ნარმანიამაც დარბაზში შესვლა შეძლო.
როგორც ცნობილია, პარლამენტის პირველი სხდომის დროს
შენობა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაათვალიერა და დაიწუნა. კერძოდ, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ზაფხულში ამ მოცულობის შენობის ვენტილაცია გაჭირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ახალ ქუთაისურ პარლამენტს კიდევ სხვა კიდევ უამრავი ხარვეზი აქვს. სათათბირო დარბაზის გარდა, პრობლემა ექმნება საკონფერენციო დარბაზის კარსაც, რომელიც იკეტება და შემდეგ მისი გაღება ძალიან რთულდება. ძალისმიერი გზით გაღების მცდელობისას კი, კარებს სახელურები სძვრება.