x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"- ვისაც არ უყვარს კახელი…იმას შ …… ცხრახელიო”….- მომიმღერა და კარები გაიხურა
imageღეს, 23 ოქტომბერს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა ქართველი ავტორ-შემსრულებლს და პოეტს ოთარ რამიშვილს .თბილისის კოლორიტს თავის სიცოცხლის განმავლობაში 500-მდე სიმღერა და 1000-მდე ლექსი აქვს დაწერილი, რომელთა დიდი ნაწილს ქართული საზოგადოება დღემდე არ იცნობს, თუმცა ისეთი სიმღერები, როგორიცაა "მითხარ რად ხარ მოწყენილი"„ფუტკარი“, „რიჟრაჟი“, „ბულბულის სტვენა“, "ფიქრების ზღვა", "მხატვარი"„მარტის თვეა შენი“"თუთის ხესთან"და სხვა სამუდამოდ ჩაიწერა ქართული პოპულარული მუსიკის ოქროს ფონდში.ამის გარდა ოთარ რამიშვილს გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "იების თოვლი", "იების თოვლი –2", "ფიქრების ზღვა" და სხვა.


დღეს ოთარ რამიშვილს გაიხსენებს მისი მოწაფე ლიგია მუშკუდიანი:




“დღეს ბატონ ოთარ რამიშვილის დაბადების დღეა!

არ ვიცი გაგიგიათ თუ არა ქალის და კაცის ძმაკაცობა, მაგრამ ჩვენ მართლა ძმაკაცები ვიყავით, მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა.


ბატონი ოთარი 1983 წელს გავიცანი, როდესაც თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი და გადავწყვიტე, გიტარაზე დაკვრა მესწავლა. მასთან კი ჩემმა ბავშვობის მეგობარმა კახა ტყეშელაშვილმა მიმიყვანა.

5 მეცადინეობის მერე მიხვდა ბატონი ოთარი, რომ არაფრის მსწავლებელი არ ვიყავი და მითხრა:

– წადი, მამა, 5 აკორდი კი იცი და იმისთვის კი გამოგადგება, შენი გულის ჭია რომ გაახაროო.

სამაგიეროდ, მასწავლა სიყვარული, მეგობრობა, ძმაკაცობა, დალევა …

როგორც კი დამინახავდა მომილექსავდა ხოლმე…

“მე გაგათხოვებ ლიგია, როგორც წესი და რიგია.”

“მუშკუდიანო ლიგია შენთან კაცების რიგია” …

ერთ დღეს ამის გაგონებაზე გუგუმ მიაკივლა:

– რას ეუბნები ახალგაზრდა გოგოს, ოთარ, რა გჭირს?

მიხვდა კარგად რომ ვერ გამოუვიდა და უცებ თავი “გაიმართლა” ჩვენთან.

– აბა, ქალების რიგი ხომ არ იქნებაო?

ერთხელ საბერძნეთში მოვიწვიე კონცერტის ჩასატარებლად ბატონი ოთარი მეუღლესთან ერთად, ბატონი ვახო ტატიშვილი და ბატონი სოსო მაზმანიანი.

image

კვირას კონცერტი იყო დაგეგმილი.

ოთხშაბათს საკონსულოში შევიდნენ და კონსულმა ვიზები არ მისცა მომღერლებს.

იმ წუთში დამირეკა ეს გოთვერანი ვიზას არ გვირტყამსო.

უცებ საელჩოში გავიქეცი და მაშინდელ ჩვენს ელჩს, ყველაზე თბილს, ტკბილს, კარგს, გამორჩეულს, უსაყვარლესს ბატონ სანდრო ჭუმბურიძეს შევხვდი.

– მიშველეთ კონცერტი ჩამივარდება და ემიგრანტები არ მაპატიებენ-თქო.

მაშინვე თბილისში დაურეკა კონსულს და უთხრა: – თქვენ ისეთ ადამიანს უთხარით უარი, ვერც კი წარმოგიდგენით. მას ნახევარი ათენი რომ დაუმტკიცოთ აქ დამრჩენი არ არის, ისე უყვარს თავისი ქვეყანაო. მერე საელჩოს მანქანაც გამომიყო, რომ ამ ღმერთკაცს მოვმსახურეობოდი.

რომ ჩამოფრინდნენ სასტუმრო ავუღე…

– სასტუმროში რა ჯანდაბა მინდა შენთან წამიყვანე სახლშიო და ერთი კვირა ჩემი ოჯახის სტუმრები იყვნენ.

ერთ დილით თავზე დამადგა საწოლში:

– მამა, ჩიხოლს გამიცვლიო?

ძილ ბურანში ვიყავი და აზრზე ვერ მოვედი რა ჩიხოლს მთხოვდა.

თურმე ჩემი გიტარის ჩიხოლი მოეწონა და მის გაცვლას მეუბნებოდა. რა თქმა უნდა, გავუცვალე. სამაგიეროდ, ჩემს ოჯახში დღეს ბატონ ოთარ რამიშვილის ნაქონი გიტარის ჩიხოლი ინახება.

image

ერთხელ თბილისში ყოფნის დროს ინტერვიუ ავიღე მისგან აქაური გაზეთისთვის.

კითხვებით რომ დავღალე და თავბრუ დავახვიე, ერთი წუთითო და გარეთ გამასწრო. უცებ კარებში თავი შემოყო და …

– მამა სადაურია შენი მეუღლე, რას გიძლებსო?

სადაურია და კახელია-თქო და დავიჯღანე …

“- ვისაც არ უყვარს კახელი…

იმას შ …… ცხრახელიო”….- მომიმღერა და კარები გაიხურა.

ვიღაცას რომ ეს ეთქვა, ალბათ ვერ გადამირჩებოდა, მაგრამ ბატონ ოთარს ისე უხდებოდა ყველაფერი, იმის მაგივრად რომ გავბრაზებულიყავი, ძირს მოვადინე ზღართანი და ერთი საათი მეწიკებოდნენ, რომ ფეხზე ავმდგარიყავი იმდენს ვიცინოდი.

პ.ს. ხუმრობა იქით იყოს და უამრავი ფოტო-ვიდეო მასალა მაქვს ამ არაჩვეულებრივი ადამიანის შესახებ, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადავცემდი უსასყიდლოდ ვინმე რეჟისორს, რომელიც მასზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებდა.

ასე რომ….

დღეს ბატონი ოთარ რამიშვილის დაბადების დღეა და ვულოცავ ზეციურ საქართველოში ჩემს ტკბილ ძმაკაცს.

ეს პოსტიც სულ სიცილ-ხარხარით დავწერე… ისე როგორც მას ჩვეოდა.

გასახსენებელი კი კიდევ უამრავი მაქვს.



ასევე იხილეთ:თარ რამიშვილი-სახალისო ისტორიები თბილისელი კოლორიტის ცხოვრებიდან

0
217
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0