საზოგადოება "ვერ ვატყობ ჩვენს პოლიტიკოსებს ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვას. ამას უფრო პატრიოტობანას თამაშს დავარქმევდი"-ალექსანდრე ბასილაია 3 ოქტომბერი, 10:47 15 წლის წინ, 2009 წლის 3 ოქტომბერს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ"ივერიის"სამხატვრო ხელმძღვანელი, უამრავი მარად მწვანე ჰიტის ავტორი ალექსანდრე ბასილაია.
დღეს მის შემოქმედებაზე არ გვექნება საუბარი, არამედ შემოგთავაზებთ უაღრესად საინტერესო მონოლოგს, ოჯახზე, რელიგიაზე და პოლიტიკაზე. ”ჩემი ცხოვრების გზა და არჩევანი ჩემმა მშობლებმა და ოჯახმა განსაზღვრა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ოჯახში იზრდები. არ ვიცი, შემოიღეს თუ არა სკოლებში რელიგიის სწავლება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ბიბლია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს. ამერიკაში ან საფრანგეთში, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში, სასტუმროში ნომერი არ არის, რომ ბიბლია არ იდოს. ჩემი შვილიშვილი სწავლობდა ამერიკაში და ერთი წელი ბიბლია იყო საგანი. თუ არ ჩააბარებდა, ისე ვერ დაამთავრებდა უმაღლესს. ჩვენ რითი ვართ მათზე ნაკლები? ქრისტიანობა ხომ სიყვარულს და მორჩილებას ქადაგებს? თუ ასე არ იცხოვრე, თუ ბავშვობიდანვე არ შეისისხლხორცე უფლის სიყვარული, მაშინ რა გამოვა? ჩვენ, ქართველებმა, თუ სწორი ცხოვრებით არ ვიცხოვრეთ, რანი ვიქნებით? განა 2.000 წელი ამიტომ ვარსებობდით, რომ ქრისტეს მცნებები არ დავიცვათ? ჩვენი წინაპრები სწორედ მართლმადიდებლობას ეწირებოდნენ და დღემდე მათმა თავგანწირულმა ბრძოლებმა მოგვიყვანა. ჩემზე არანაირად არ უმოქმედია რეჟიმების ცვალებადობას. როგორც მწამდა კომუნისტების დროს, ასე ვარ ახლაც. ჩემთვის კომუნისტების ეპოქაში არაფერი იყო აკრძალული. თავისუფლება არ არის ადვილი, მაგრამ თუ შეძლებ და მოინდომებ, ამასაც მიაღწევ. ადამიანი, რომელიც უფალმა შექმნა, არ უნდა იყოს არავის მონა. კომუნისტების პერიოდში ცხვრებივით ვიყავით, იმას ვაკეთებდით, რასაც გვეტყოდნენ. კომუნისტურ პერიოდზე მეტად, ჩემზე ახლანდელი მდგომარეობა მოქმედებს. არ შეიძლება ასე გაუთავებელ ჩოჩქოლსა და მღელვარებაში ცხოვრება. როდემდე უნდა ჭამონ ქართველებმა ერთმანეთი? განა რა ძალა აქვს ამ სკამს, რომ ერთმანეთს აღარ ინდობენ? სამწუხაროდ, ვერ ვატყობ ჩვენს პოლიტიკოსებს ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვას. ამას უფრო პატრიოტობანას თამაშს დავარქმევდი. პატრიოტი ის არის, ვინც აძლევს თავის ქვეყანას ყველაფერს, რაც მას არ ეკუთვნის. ასეთებს ვერ ვხედავ და ამიტომ აღარავისი მჯერა. ტყუილით ცხოვრობენ, ყველაზე საშინელი მდგომარეობა კი სწორედ ეს არის, ტყუილით ცხოვრება. მერე გარბიან უწმინდესთან, არიქა, გვიშველეო, მაგრამ ბოლოს მაინც ისე აკეთებენ, როგორც თავად უნდათ. ეს არ არის სწორი. ხალხიც უკვე გაგიჟდა და გაწამდა, აღარ იცის, რა ქნას, ამიტომაც მიაწყდა ამდენი მრევლი ეკლესიებს. ხალხი სწორედ ტაძარში ეძებს შვებას, სიმშვიდეს და სითბოს. ეკლესიაში მიმავალ თითოეულ ადამიანს რაღაცის იმედი აქვს. უიმედო ადამიანი დაღუპულია.” 167 2-ს მოსწონს
|