x
image
intermedia.ge
Mediator image
რა მასწავლა ავტოსტოპით მოგზაურობამ ცხოვრების შესახებ?
image


ზაფხულის დადგომა ჩემთვის ათასგვარ საინტერესო თავგადასავალთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ, ეს სეზონი განსაკუთრებულად მიყვარს.


ყოველთვის ვცდილობ, გაზაფხულზე დაგროვილი ენერგიის გამოღვიძებას და ბოლო 4 წელია აქტიურად ვლაშქრობ საქართველოს გარშემო.


თუმცა, აქამდე სულ მეგობრებთან ერთად დავდიოდი, წელს კი გადავწყვიტე ჩემი ქვეყნის ლამაზი ადგილები დამოუკიდებლად მომევლო, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა მართლა ძალიან კარგია, მაგრამ ამჯერად მარტო ყოფნა და უცნობებთან შეხვედრა მსურდა.



თავგადასავალი უფრო მეტად დასამახსოვრებელი, რომ გამეხადა, საკუთარი ავტომობილით კომფორტულად მოგზაურობას, ავტოსტოპით გადაადგილება ვარჩიე.


ეს გადაწყვეტილება იყო ნაბიჯი ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლის. გზა არა მხოლოდ ფიზიკური მოგზაურობისთვის, არამედ საკუთარი თავის უკეთ შეცნობისთვისაც.


ავტოსტოპი ასევე მიზიდავდა თავისი სპონტანურობით. არ მქონდა მკაცრი განრიგი ან წინასწარ დაგეგმილი მარშრუტი - შემეძლო წავსულიყავი იქ, სადაც გზა და ბედი წამიყვანდა.


ეს იყო თავისუფლების განცდა, რომელიც ძალიან მაკლდა ყოველდღიურ ცხოვრებაში.


მოგზაურობისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დავიწყე. შევარჩიე მსუბუქი, მაგრამ გამძლე ზურგჩანთა და უშუალოდ მგზავრობის წინა დღეს დავიწყე აუცილებელი ნივთების ჩალაგება: რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი, წყალგაუმტარი ქურთუკი, პირველადი დახმარების ნაკრები, წყლის ბოთლი და საკვების მცირე მარაგი.


არ დამვიწყნია პორტატული დამტენი და ტელეფონში ოფლაინ რუკების ჩამოტვირთვა.


კარავი და საძილე აღარ წავიღე, რადგან მაინც ჰოსტელებსა და გესტჰაუსებში ვაპირებდი გაჩერებას.


ვინაიდან, ავტოსტოპით პირველად და თან მარტო ვაპირებდი მგზავრობას, წინასწარ გავეცანი უსაფრთხოების წესებს:


პირველ რიგში, გადავწყვიტე, რომ მუდმივად გამეზიარებინა ჩემი ადგილმდებარეობა ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრებისთვის.


შევთანხმდით, რომ მათ რეგულარულად გავუგზავნიდი ლოკაციას და შევატყობინებდი თუ ვისთან ერთად ვმგზავრობდი.


ყოველთვის მოვუსმენდი ჩემს ინტუიციას და არ ავიდოდი მანქანაში, თუ რაიმე საეჭვოდ მომეჩვენებოდა.


უსაფრთხოების მიზნით კი ძირითადად დღის საათებში ვიმგზავრებდი.


ამ წესების გათვალისწინებით თავს უფრო დაცულად და მომზადებულად ვგრძნობდი და მზად ვიყავი, თავდაჯერებულად დამეწყო ჩემი თავგადასავალი.


გამგზავრების დროც მოახლოვდა, პარასკევს დილით, 6 საათზე ბარგ მოკიდებული, ხელაწეული და ღიმილიანი სახით თბილისის გასასვლელთან ვიდექი, "მასპინძელი" ავტომობილის მოლოდინში.


რამდენიმე მანქანამ ჩამიქროლა, მაგრამ არცერთი არ გაჩერდა.


ამასობაში კი მზე თანდათან მაღლა მიიწევდა და სიცხეც ნელ-ნელა მატულობდა.
გულში ვფიქრობდი, იქნებ ეს იდეა არც ისე კარგი იყო-მეთქი, ამ ფიქრებში, 1 საათი უშედეგოდ გავიდა, მაგრამ არ დავნებდი.


ვიცოდი, რომ მოთმინება ავტოსტოპის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.


არც შევმცდარვარ, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩემს ფეხებთან შავი ავტომობილი შეჩერდა, მძღოლმა, ახალგაზრდა კაცმა მუქი სათვალით, ფანჯარა ჩამოწია და ინგლისურად მკითხა:


- "Hey there! Where are you headed?"


მეც ინგლისურად ვუპასუხე:


- "Hi! I'm going to Batumi, if that's on your way."


მძღოლმა გამიღიმა და მითხრა:


- "Hop in! I'm heading to Batumi as well. It's your lucky day!"


გახარებულმა ჩემი ზურგჩანთა უკან, საბარგულში მოვათავსე და მანქანაში ჩავჯექი, დავიძარით და ინგლისურად გავაგრძელეთ საუბარი, გავცვალეთ ინფორმაცია ერთმანეთის სახელების შესახებ, მიმოვიხილეთ ჩემი ავტოსტოპით მგზავრობის მიზეზები, საუბარი კი სატელეფონო ზარმა შეგვაწყვეტინა.


ბოდიში მომიხადა, უნდა ვუპასუხოო და მოულოდნელად ქართულად დაიწყო საუბარი:


"ჰო დედა! კი, გზაში ვარ. არა, არ მჭირდება არაფერი, ნუ ღელავ..."


ქართულად ამეტყველებულს გაოცებულმა შევხედე.


მანაც შემამჩნია და ტელეფონის გათიშვისთანავე ჯარის კაცის მამაში, რომ ეპიკური მომენტია ზუსტად ამ ინტონაციით, ოღონდ სიცილით შემომძახა:

- ქართველი ხარ ბიჭო?


- კი, ქართველი ვარ, ვუთხარი მეც და სიცილი ამიტყდა.

- მეგონა უცხოელი იყავი და ინგლისურად მაგიტომ გამოგელაპარაკე, თან ვერც ვიზუალზე და ვერც აქცენტზეც ვერაფერი შეგატყვე, რომ ქართველი არ იყავი, ისე კარგად საუბრობდი.


თან, ორივეს ისეთი სახელი გვქვია, ვერც ამ სახელებით გამოვიცნობდით ერთმანეთის ეროვნებას, კიდევ კარგი დედაჩემმა დარეკა.


მეც დავეთანხმე და ორთავემ გულიანად ვიცინეთ ამ ამბავზე, ბაასი კი ქართულად გავაგრძელეთ, საუბარში გართულებმა ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ გავიდა ორი საათზე მეტი და როგორ მივუახლოვდით ზესტაფონს.


ალექსმა, ასე ერქვა ჩემს ავტოსტოპის მძღოლს, დაიჟინა, უმაგრესი ხაჭაპური უნდა გაგასინჯოო, მსგავსს ვერსად შეჭამ, ისეთია, ბებიაჩემი რომ მიცხობდა სოფელშიო, მოდი, აქ 20 წუთით გავჩერდეთ და დანაყრებულებმა განვაგრძოთ გზაო.


მეც დავთანხმდი, ოღონდ იმ პირობით რომ კარგი სახლური ლიმონათი და გემრიელი ცივი ყავა ჩემზე იქნებოდა, შევთანხმდით და ამ ადგილზე ცოტა ხანი შევჩერდით.


ხაჭაპური მართლაც უგემრიელესი აღმოჩნდა, აქამდეც მსმენოდა ამ ადგილის შესახებ, მაგრამ რატომღაც არასდროს გავჩერებულვარ აქ არც მარტო და არც მეგობრებთან ერთად, ცივ ყავასაც არაფერი დაეწუნებოდა.


დანაყრებულები დავუბრუნდით ავტომობილს, საუბრის ნაცვლად, გადავწყვიტეთ მუსიკალური შესვენება მოგვეწყო, მანქანის მაგნიტოფონს ავუწიეთ და შემართებით განვაგრძეთ გზა ზღვისკენ.


მუსიკის პარალელურად კი უცნაური ხმები გვესმოდა ხოლმე, ვიფიქრეთ, რომ ამ სიმღერას ახლდა თან, მაგრამ ხმა სხვა სიმღერაზეც გაგრძელდა, უფრო გაძლიერდა და შევატყვეთ, რომ მანქანამ ნელ-ნელა სვლა შეანელა.


რაღაც არ არის კარგად - თქვა ალექსმა შეშფოთებულმა და ავტომობილი გზის პირას გააჩერა.


გადმოვედით და კაპოტი ავწიეთ. თვალში მოგვხვდა მუქი სითხის წვეთები ძრავის ქვეშ.

"ეს ზეთი უნდა იყოს, " - თქვა ალექსიმ, "მგონი ზეთის ფილტრი გატყდა ან მილი გაიხვრიტა."


ზეთის გაჟონვა და უცნაური ხმა მართლაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ერთმანეთთან. თუმცა, ხმა შეიძლება ძრავში მექანიკურ დაზიანებასაც გამოეწვია.


გადავწყვიტეთ ავტომობილის ხელახლა დაქოქვა, თუმცა უშედეგოდ, მივხვდით, ამ მოცემულობით მანქანის ადგილზე შეკეთება შეუძლებელი იქნებოდა, ჩვენი ძალებით პრობლემას ვერ გავუმკლავდებოდით და დავიწყეთ ფიქრი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.


პრობლემას ისიც დაერთო, რომ გზაზე, სადაც შევჩერდით, მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ, ხოლო ვინც გაიარ-გამოიარა იმ მძღოლების უმრავლესობას ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს არ მიუტანია, უბრალოდ გვერდს გვივლიდნენ, მათგან მხოლოდ ერთმა გააჩერა მანქანა დახმარების მიზნით, მოვიდა, კაპოტს ჩახედა, ინტერესით უცქირა, საბოლოოდ კი მხრები აიჩეჩა, საიმედოს ვერაფერს გეტყვით, კარგად ვერ ვერკვევი ავტომობილებში, მაგრამ შარშან, ასეთ სიტუაციაში, რომ აღმოვჩნდი ევაკუატორი გამოვიძახე, მოდი, ნომერს დაგიტოვებთ და იქნებ ისინი დაგეხმარონო.


შემოთავაზებული ვარიანტი მოგვეწონა, ალექსმა ნომერი ჩაინიშნა და უმალვე გადარეკა, ჩვენი უიღბლობა აქაც გაგრძელდა, მოცემული ნომერი გამორთული იყო, რამდენჯერმე გადარეკვის მცდელობის შემდგეგაც კი ავტომოპასუხე ჯიუტად გვეუბნებოდა “მობილური ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან, გთხოვ, სცადოთ მოგვიანებით’’.


ალექსი მაინც პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებდა და ჩემს გამხიარულებას ცდილობდა, თავგადასავლები ხომ გინდოდა? აი, სამყარომ როგორი თავგადასავალი მოგიწყოო, ახლა კი ვბრაზობთ, მაგრამ დრო, რომ გავა მეც და შენც სასიამოვნოდ გაგვახსენდება ეს სიტუაციაო.


შემომთავაზა, თუ გირჩევნია, ცოტა ფეხით გაისერინე და სხვა მანქანით სცადე ბათუმამდე ჩასვლა, მე კი როგორღაც მივხედავ ამ პრობლემასო.


რა თქმა უნდა თავისუფლად შემეძლო წასვლა და მისი დატოვება, მაგრამ თან მეცოდებოდა ამ სიტუაციაში მარტო დასატოვებლად, თან თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ პრობლემის მოგვარებაში დავხმარებოდი.


წასვლაზე უარი ვუთხარი და გადავწყვიტე ევაკუატორის გამოძახება ამჯერად ინტერნეტის საშუალებით მეცადა, აქ მაინც გაგვიმართლა, მობილური ინტერნეტი მშვენივრად იჭერდა, ეგრევე გუგლს მივაშურე, საძიებოში ჩავწერე “ევაკუატორის მომსახურება’’ და შედეგებიდან პირველივე შემოთავაზებულ საიტზე გადავედი.



აქ განცხადებების უამრავი არჩევანი დამხვდა, ევაკუტორის სხვადასხვა სერვისი ყოფილა, პროფილაქტიკური დახმარება, საბურავების შეცვლა, ავტოდილერებისთვის, ტრანსპორტის გადატანა, ავარიის დროს გამოძახება, თუმცა დეტალური გაცნობისთვის დრო აღარ დამიხარჯავს, პირველივე განცხადება გავხსენი, დარეკვას დავაჭირე და ზარიც გავიდა.


რამდენიმე წამის შემდეგ სანდომიანმა ხმამ მიპასუხა, მკითხა პრობლემის შესახებ, ავუხსენი, რომ ავტომობილი მოულოდნელად გაჩერდა და აღარ იქოქებოდა, ჩვენი გამოთვლით კი უახლოეს პერიმეტრზე ავტოსერვისიც არ გვეგულებოდა, მთხოვა მისამართის დაზუსტება, ვინაიდან სიტყვიერად ზუსტად ვერ ავუხსნიდი, შევთანხმდით რომ ჩვენს ლოკაციას მესიჯად გავუგზავნიდი და Google map-ის ლოკაცია გავუზიარე, როგორც აღმოჩნდა მართლები ვიყავით, დაახლოებით 1 საათის გზა მაინც გვჭირდებოდა, რომ უახლოეს ავტოსერვისამდე მიგვეყვანა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მიგვეტანა მანქანა.


აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე ოპერატორმა გვირჩია ამწე ევაკუატორის გამოძახება, დროს რაც შეეხება, თუ საცობები არ იქნება დაახლოებით საათნახევარში მოვა ადგილზე და დაგეხმარებათო.


სხვა გზა არც გვქონდა, ამიტომ მოცემულობას დავთანხმდით.


ალექსი არ დანებდა, ძრავს ინტერესით ჩასქცეროდა, თუმცა საიმედო და ხელჩასაჭიდი ვერაფერი ეპოვა, მე კი მანქანას მივეყრდენი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ფეისბუქზე, საერთო ჩათში ამჟამინდელი ვითარების შესახებ ვამცნე მეგობრებს.


ვუთხარი, რომ არ ენერვიულათ, რადგან დამხმარე ძალა უკვე გზაში იყო და მალე მოგვიგვარებდნენ პრობლემას.


თავიდან შეშფოთდნენ, მაგრამ მერე მეხუმრებოდნენ, აბა, რა გეგონა უჩვენოდ რომ გადაწყვიტე წასვლა, ხომ ხედავ გაგთვალეთ და არ შეგერგოო.


მე კი იხტიბარს არ ვიტეხდი, მაინც კარგად გავიხსენებ ჩემს პირველ ავტოსტოპს-მეთქი.


ამ მიწერ-მოწერაში დროც გავიყვანე, ამასობაში ალექსიც დანებდა მანქანის ძრავთან ჭიდილს და იქვე, ჩრდილში ფეხმორთხმით ჩამოჯდა.


მეც ამოვწიე თავი ტელეფონიდან და მივუჯექი, ორივე ჰორიზონტს გავცქეროდი ევაკუატორის მოლოდინში.


დაახლოებით 1 საათში კი ჩვენი მხსნელიც გამოჩნდა, მძღოლმა სწრაფად შეაფასა სიტუაცია:


-კარგია, რომ დროულად გააჩერეთ. რა გირჩევნიათ უახლოეს ავტოსერვისამდე მიგიყვანოთ თუ დანიშნულების ადგილამდე ჩავიდეთ?


მომსახურების თანხის მხრივ და ავტომობილის გამართვის მიზნით, უახლოეს ავტოსერვისამდე მისვლა უფრო გვაწყობდა, ამიტომ ეს ვარიანტი ავირჩიეთ.


მძღოლმა ამწე მანიპულატორის დახმარებით ჩვენი მანქანა ევაკუატორზე დატვირთა, ჩვენ კი კაბინაში მოვთავსდით.


ავტოსერვისისკენ მიმავალ გზაზე, ვსაუბრობდით ჩვენს მოულოდნელ თავგადასავალზე და საინტერესო, სახალისო ფაქტი აღმოვაჩინეთ, რომ ჩემი ავტოსტოპის მოგზაურობა სრულიად მოულოდნელი მიმართულებით წავიდა და ახლა უკვე ორი მანქანით ერთდროულად ვმოგზაურობდი, რაც ნამდვილად არ მქონია დაგეგმილი.


წარმოიდგინე, რა საინტერესო ამბავი გამოვა აქედან - თქვა ალექსმა დილით ავტოსტოპით გამგზავრებული კაცი, ევაკუატორით აგრძელებს მოგზაურობას.


საუბარში ევაკუატორის მძღოლიც ჩაგვერთო:

-“ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც მსგავსი სიტუაციები ექმნებათ. ზოგი იმედგაცრუებულია, ზოგი კი - როგორც თქვენ, ამას თავგადასავლად აღიქვამს’’.



მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გეგმები შეიცვალა, ვგრძნობდით, რომ ეს გამოცდილება საინტერესო ისტორიად იქცეოდა. გზადაგზა ვიხსენებდით დღის მოვლენებს - როგორ შევხვდით ერთმანეთს, როგორ ვსაუბრობდით ინგლისურად სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ქართველები ვიყავით, და როგორ გაჩერდა მანქანა მოულოდნელად.


საუბარში გართულებს არც კი შეგვიმჩნევია, როგორ მივუახლოვდით ავტოსერვისს.


ავტოსერვისში მისვლისას, მექანიკოსები სწრაფად მოგვიახლოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ასაკოვანმა კაცმა, რომელსაც დიდი გამოცდილება ეტყობოდა, სწრაფად დაათვალიერა მანქანა, პრობლემა არც ისე სერიოზულია, რამდენიმე საათში მოვაგვარებო.


მართალია, რამდენიმე საათი კიდევ უნდა დაგვეცადა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც უკვე გადაგვხდა. მთავარი ის იყო, რომ მანქანა გაცოცხლდებოდა და დაუბრკოლებლად შევძლებდით ბათუში ჩასვლას.


ამ პროცესში, ევაკუატორის მძღოლი დაგვემშვიდობა, აქ მოგხედავენ მე კი აღარ გჭირდებითო, თუცმა ნომერი მაინც ჩაიწერეთ თუ კიდევ დაგჭირდებათ დახმარება პირადად დამირეკეთო.


ტექნიკური დეტალებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, საბოლოოდ ავტომობილი შეგვიკეთეს, რჩევებიც მოგვცეს, უახლოეს მომავალში სრული ტექნიკური შემოწმება ჩაუტარეთ მანქანას, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოთო და მშვიდობიანი გზაც გვისურვეს, რაც ნამდვილად გვჭირდებოდა.


მანქანაში ჩავსხედით და ძრავი ჩავრთეთ.


ავტომობილი ისე ამუშავდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო.


დავიძარით და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოულოდნელი პრობლემა საინტერესო თავგადასავლად იქცეს.


ჩვენი მცირე შეფერხება საბოლოოდ დადებითად შევაფასეთ - ახალი ადამიანები გავიცანით, ქალაქი დავათვალიერეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოგზაურობისას მოქნილობა და პოზიტიური დამოკიდებულება.


Მე კი მივხვდი, რომ ავტოსტოპით მოგზაურობა არა მხოლოდ ახალი ადგილების, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის საუკეთესო გზაცაა. ყოველი გამოწვევა, რომელსაც გზად ვაწყდებით, ახალი გამოცდილების მიღების შანსია და ეს გამოცდილება მაფიქრებინებს, რომ ცხოვრებაც მოგზაურობასავითაა - მოულოდნელობებით სავსე, მაგრამ სწორედ ეს მოულოდნელობები ქმნის ჩვენს ყველაზე ღირებულ მოგონებებს.


ამიტომ, მნიშვნელოვანია ყოველთვის ღია ვიყოთ ახალი გამოცდილებებისთვის და ვისწავლოთ ყველა სიტუაციიდან, რომელსაც გზად ვხვდებით.



R


0
78
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0