სხვა „სიკვდილის სამკუთხედი“ სახეზე: სად მდებარეობს და რა საფრთხეს შეიცავს 4 ივლისი, 9:00 როგორც კი სახეზე მუწუკს ვამჩნევთ, მაშინვე ინსტინქტურად ხელით მისკენ მივიწევთ, რომ გამოვრწყათ. ძალიან რთულია დაძლიო მუწუკის მოშორების სურვილი, როცა სარკეში საკუთარ თავს უყურებ.
ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ არ უნდა შეეხოს გამონაყარს სახეზე, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია ამის გაკეთება, თუ მდებარეობს ე.წ. „სიკვდილის სამკუთხედში“. სად მდებარეობს „სიკვდილის სამკუთხედი“? სახის ნაწილი, რომელიც აკავშირებს ცხვირსა და პირის კუთხეებს, განსაკუთრებით დაუცველად ითვლება, რადგან მჭიდროდ დაკავშირებულია ჩვენს ტვინთან. სამკუთხედის დასანახად ცერა და საჩვენებელი თითების წვერების შეერთებით გამოსახვა საუკეთესო გზაა. სამკუთხედის წვერი არის ცხვირის ფუძე, ხოლო სამკუთხედის ფუძე იწყება პირის კუთხეებიდან და ზედა ტუჩის კონტურამდე გრძელდება. რატომ უწოდებენ ამ ადგილს „სიკვდილის სამკუთხედს“? აქ არის კავერნოზული სინუსი - დიდი ვენა, რომელიც ტვინიდან სისხლს ატარებს და ქმნის კავშირს გარე და შიდა სივრცეს შორის. სხვა სიტყვებით, თუ მუწუკის ხელით გამორწყვას ეცდებით და ინფექცია განვითარდება, უარეს შემთხვევაში ინფექცია კანიდან სინუსში და ტვინში გავრცელდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები. რატომ არ უნდა შეეხოთ მუწუკებს „სიკვდილის სამკუთხედში“? ეს ადგილი უკავშირდება თავის ქალას სისხლძარღვებს, სადაც ინფექციები სწრაფად შეიძლება გავრცელდეს და მდგომარეობა დაამძიმოს. თუ „სამკუთხედის“ შიგნით კანი დაზიანებულია ჭრილობის ან მუწუკის გამორწყვის მცდელობით, ბაქტერიები ორგანიზმში ხვდება. ამ სფეროში ერთ-ერთი გავრცელებული ინფექციაა სტაფილოკოკური ინფექცია. ეს ბაქტერიები სწრაფად აღწევენ ორგანიზმში, ინფექციას იწვევენ. ტვინის კრიტიკულ უბნებთან სიახლოვის გამო ინფექციამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. პირდაპირ ცხვირის ქვემოთ არის 4 ძირითადი კრანიალური ნერვი, რომლებიც აკონტროლებენ ფუნქციებს სახეზე და მის გარშემო. იმის მიხედვით, რომელი ნერვია ინფიცირებული, შეიძლება მოხდეს სახის რამდენიმე ნაწილის, მათ შორის ქუთუთოების და პირის დამბლა, მოძრაობის ფუნქციის დარღვევა და მხედველობის დაკარგვა. ასევე ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კავერნოზული სინუსის თრომბოზი. ამ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედება, რაც ზრდის ინსულტის და სიკვდილის რისკს. სახეზე კანი, განსაკუთრებით „სიკვდილის სამკუთხედში“ დაცვის პირველი ხაზია ბაქტერიების შემოჭრისგან. თუ დააზიანებთ ამ ბარიერს, საშიში შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გარდა ამისა, ამ მიდამოში ინფექციები შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად, როგორიცაა ცხვირის ქექვა, ცხვირიდან თმის ამოღება და სხვა მოქმედება, რომელიც კანის ბარიერს არღვევს. რა უნდა გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ გამონაყარს „სიკვდილის სამკუთხედში“? დერმატოლოგები გირჩევენ, არ შეეხოთ ნებისმიერ გამონაყარს სახეზე. თუ თავს ვერ იკავებთ, რისკის შესამცირებლად რამდენიმე გზა არსებობს. ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარებამდე ხელები საპნით კარგად დაიბანეთ. დარწმუნდით, რომ ფრჩხილების ქვეშაც გაიწმინდეთ, რადგან იქ ხშირად გროვდება ბაქტერიები. უკეთესია, თუ ფრჩხილებს დაიჭრით მუწუკის გამოდევნის მცდელობამდე. შემდეგ სახე გაიწმინდეთ და თბილი კომპრესი დაიფინეთ. მუწუკის თავს ფრჩხილებით არ დააჭიროთ. ამის ნაცვლად, მუწუკის ირგვლივ ბამბის დისკით ან თითის ბალიშებით ნაზად დააწექით. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის შეჩერდეთ. თუ მუწუკი არ გამოიდევნა, ამ საქმეს თავი დაანებეთ. პროცედურის შემდეგ კანი ანტიბაქტერიული საშუალებით დაამუშავეთ. კიდევ რამდენიმე რჩევა, როგორ აიცილოთ თავიდან ინფექცია და დაამუშაოთ კანი სიკვდილის სამკუთხედში და სხეულის სხვა ნაწილში. 1. კანი რეგულარულად დაატენიანეთ, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება და აქერცვლა. 2. თუ მუწუკი დაინახეთ, არ გამოდევნოთ. თუნდაც დიდი პრობლემა არ გამოიწვიოს, შეიძლება დარჩეს ნაწიბური და პიგმენტაცია. 3. ცხვირის ქექვა შეწყვიტეთ და ცხვირიდან თმა არ მოიშოროთ. ამის ნაცვლად, ოდნავ მოიჭერით. 4. რეგულარულად მოიშორეთ მაკიაჟი და დაიბანეთ. 5. ჭრილობები ანტისეპტიკებით დაამუშავეთ. ექიმს მიმართეთ, თუ შეამჩნევთ ინფექციის ნიშნებს, როგორიცაა სიწითლე, ტკივილი და გამონადენი. ასევე დაგაინტერესებთ: 8 ნიშანი, რომ თქვენი სხეული ვიტამინების დეფიციტზე ყვირის შინაურული შრატი აკნესგან მიცავს: ასკილის ზეთი და ვარდის წყალი კანს წმენდს და ანათებს 2-დან 30 წუთამდე: დამამშვიდებელი პროცედურები გადაღლილი კანისთვის 15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს 9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ 7 პროდუქტი, რომელიც აკნეს იწვევს 565 1-ს მოსწონს |