x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-9
საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-9


1. 2024 წელს ამერიკულმა კომპანიამ Pairwise-მა გენეტიკური მოდიფიკაციით, კრისპერის (Crispr) ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა მაყვლის ახალი ჯიში, რომელსაც თესლი და ეკალი არ აქვს. აქამდე ხილის მოყვარულთა დიდი ნაწილი არ ირჩევდა საკვებად მაყვალს თესლებისა და ეკლების გამო, რაც არც ისე კომფორტულია, მიუხედავად მაყვლის ერთ-ერთი საუკეთესო, მარგებელი თვისებებისა გულ-სისხლძაღვთა და ტვინის კარგი ფუნქციონირებისთვის. კრისპერის ტექნოლოგიით დააკორექტირეს ერთ-ერთი მაყვლის ჯიშის გენომი და გამოიყვანეს სრულიად ახალი, გაუმჯობესებული უეკლო და უთესლო ჯიში, რომელიც ასევე მთელი წლის განმავლობაში გემრიელია და კარგად უძლებს ტრანსპორტირებას. (იხ. წყარო)


მაყვალს უეკლოდ და უთესლოდ მოვკრეფთ — მეცნიერებმა 2024 წელს CRISPR ახალი ჯიშის შესაქმნელად გამოიყენეს



2. გრავასტარები / გრავა-ვარსკვლავები (Gravastars) - 2001 წელს გრავასტარები პირველად იქნა შემოთავაზებული ფიზიკოსების პაველ მაზურის და ემილ მოტოლას მიერ. ამავე წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში სახელწოდებით "გრავიტაციული ვაკუუმ-კონდენსატის ვარსკვლავები". აქ განხილული იყო გრავასტარების იდეა, როგორც შავი ხვრელების ალტერნატივები ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში. ანუ შესაძლოა შავი ხვრელები ან შავი ხვრელების ნაწილი მაინც, სინამდვილეში იყოს გრავასტარები. მას შემდეგ გრავასტარების ცნება კიდევ უფრო შეისწავლა და გააფართოვა თეორიული ფიზიკის დარგის სხვადასხვა მკვლევარმა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გრავასტარების ცნება ჯერ კიდევ სპეკულაციურია, მათი არსებობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა და მიმდინარე კვლევის საგანია.


ტერმინი გრავასტარი ნიშნავს "გრავიტაციურად ვაკუუმ მეტასტაბილურ მდგომარეობას". ეს კონცეფცია გვთავაზობს განსხვავებულ გზას, რომლითაც შესაძლებელია გრავიტაციისა და მატერიის ორგანიზება ისე, რომ იმდენად მიემსგავსოს შავი ხვრელის კლასიკურ გაგებას, რომ მისგან თითქმის განურჩეველი იყოს.

ტრადიციულ მოდელში შავი ხვრელი იქმნება, როცა მასიური ვარსკვლავი იკუმშება საკუთარი გრავიტაციის მოქმედებისგან და გადაიქცევა კოსმოსის ისეთ რეგიონად, სადაც გრავიტაცია იმდენად ძლიერია, ვერაფერი, სინათლეც კი ვერ გაიქცევა მისგან. ამ რეგიონს მოვლენათა ჰორიზონტს უწოდებენ.

გრავასტარები კი გვთავაზობს ალტერნატიულ სცენარს. ამ იდეს მიხედვით, იმის ნაცვლად რომ კოლაფსირებული ვარსკვლავი შეიკუმშოს და შედეგად შექმნას სინგულარობა ანუ უსასრულო სიმკვრივის რეგიონი, რომელიც გარშემორტყმულია მოვლენათა ჰორიზონტით, კოლაფსირებული მატერია გადადის ეგზოტიკური მატერიის განსხვავებულ მდგომარეობაში. ამ ეგზოტიკურ მატერიას შეუძლია წარმოქმნას თავის გარშემო ნაჭუჭის მსგავსი, ნიჟარისებრი სტრუქტურა, რომელიც ჩაანაცვლებს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს.

გრავასტარის შემოთავაზებული სტრუქტურა შედგება შიდა რეგიონისგან, რომელსაც ასევე უწოდებენ "ბირთვს", რომელიც შედგება ეგზოტიკური მასტერიისგან და თავად გარშემორტყმულია ჩვეულებრივი მატერიისგან შემდგარი გარსით. ბირთვში არსებული აღნიშნული ეგზოტიკური მატერია მიჩნეულია გრავიტაციული კოლაფსის საპირწონე მტკიცებად, რაც ეფექტურად შეაფერხებდა როგორც სინგულარობის, ასევე მოვლენათა ჰორიზონტის წარმოქმნას. განსხვავებით ნეიტრონული ვარსკვლავებისგან, რომლებიც შედგება ნეიტრონებისგან, გრავასტარები უნდა შედგებოდეს უმეტესად ბოზონებისგან.

არაა გამორიცხული, რომ შავი ხვრელებიც არსებობდეს და გრავასტარებიც - თუ ასეა, მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა რთული საქმე იქნება, მიუხედავად იმისა, თითოეულს განსხვავებული გრავიტაციული გამოსხივება (რადიაცია) უნდა ჰქონდეს. (იხ. დამატებითი ინფორმაცია გრავასტარებზე).


გრავასტარები / გრავა-ვარსკვლავები (Gravastars)



3. 2024 წელს ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ანტიბიოტიკი, რომელიც მხოლოდ მავნე ბაქტერიებს (კერძოდ, გრამ-უარყოფით ბაქტერიებს) ვნებს და არ ერჩის ე.წ. "მეგობარ ბაქტერიებს" ან უვნებელ ბაქტერიებს. შექმნეს პრეპარატი "ლოლამიცინი" და განაცხადეს, რომ ეს ანტიბიოტიკების მომავალია. მიუხედავად ამისა, ადამიანებზე ცდები ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის სოკოვანი დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს. ამიტომ სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ის არ შევა კლინიკურ გამოყენებაში. (იხ. წყარო)


აღმოაჩინეს ანტიბიოტიკი,  რომელიც მხოლოდ მავნე ბაქტერიებს



4. სპილოები ერთმანეთს სახელებს არქმევენ და ამ სახელით მიმართავენ ერთმანეთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ისევე, როგორც ადამიანები და დელფინები, რაც ამ სახეობებში აბსტრაქტული აზროვნების უნარზე მეტყველებს. თითოეული სპილო კონკრეტულ ხმას საკუთარ თავთან აკავშირებს და მასზე რეაგირებს, სხვის სახელებზე კი იგივე რეაქციები არ აქვს. გაანალიზებული იქნა მონაცემები, რომელიც შეგროვებული იყო აფრიკულ სპილოებზე დაკვირვებისას 1986 წლიდან 2022 წლამდე და მკვლევარებმა ამაში ხელოვნური ინტელექტიც დაიხმარეს. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მათ სულ 469 ერთმანეთისგან განსხვავებული ხმა შეისწავლეს. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ "Nature Ecology and Evolution"-ში. (იხ. წყარო)


სპილოები ერთმანეთს სახელებს არქმევენ



5. 2024 წელს იაპონურმა კომპანიამ "Obayashi Corporation"-მა მუშაობა დაიწყო იმისთვის, რომ 2050 წლისთვის კოსმოსური ლიფტის მშენებლობა დაასრულოს და უახლოეს წლებში მშენებლობის დაწყებას გეგმავს.

კოსმოსური ლიფტი (Space Elevator) იქნება სტრუქტურა, რომელიც იქნება აწყობილი ისე, რომ დედამიწის ზედაპირი დააკავშიროს პირდაპირ კოსმოსს. რომ წარმოვიდგინოთ, ის იქნება "ცათამბჯენივით" სტრუქტურა, რომელიც კოსმოსამდე ააღწევს და მისი საშუალებით იქნება შესაძლებელი, რომ კოსმოსში ტვირთები კაცობრიობამ გაიტანოს ათჯერ და უფრო მეტჯერ იაფად, ვიდრე ამას ყველაზე იაფი რაკეტებითაც კი ახერხებს. მაგალითად ნასას არტემისის თითო მისია 4.1 მილიარდი დოლარი უჯდება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რაკეტებს კოსმოსში გასასვლელად და დედამიწის მიზიდულობის დასაძლევად ძალიან ბევრი საწვავი სჭირდება. და ზოგადად, ტვირთის კოსმოსში გატანა ძალიან ძვირი ჯდება, და ეს ხარჯი იზრდება ტვირთის მასის ზრდასთან ერთად. მაგალითად ნახევარი კილოგრამი ტვირთვის გატანაც კი ჯდება სულ მცირე 1227 დოლარი, spaceX-ის falcon 9-თაც კი, რომელსაც ყველაზე იაფად გააქვს ტვირთი კოსმოსში.

კოსმოსური ლიფტის ერთი ბოლო იქნება დედამიწის ზედაპირზე, ხოლო მეორე ბოლო მიმაგრებული იქნება გეოსტაციონარული ორბიტის მიღმა საპირწონე წონაზე. ამ ლიფტზე იქნება განთავსებული კაბინა, რომელიც იმოძრავებს ზევით და ქვევით და ამ კაბინას შეეძლება ტვირთის ატანა კოსმოსში, ეს ტვირთი შეიძლება იყოს ადამიანები, თანამგზავრები, კოსმოსური ხომალდები. ტვირთს ის გადაიტანს როგორც ერთი გზით - დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსამდე, ასევე კოსმოსიდან დედამიწის ზედაპირამდე. ის აღმოფხვრის დიდი რაოდენობით საწვავის საჭიროებას და რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებულ კოლოსალურ ხარჯებს. ლიფტი ნულოვანი ემისიის იქნება და იფუნქციონირებს მზის ენერგიით. ამ პროექტის განხორციელება მეცნიერულად სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა რომ შემუშავდეს საკმარისად მყარი მასალა ამდენად მასიური ნაგებობის გასაძლებად - მის ასაგებად შესაძლოა გამოყენებული იქნას ნახშირბადის ნანომილები. (იხ. დამატებითი ინფორმაცია კოსმოსური ლიფტის შესახებ)


კოსმოსური ლიფტი (Space Elevator) იქნება სტრუქტურა,  რომელიც იქნება აწყობილი ისე,  რომ დედამიწის ზედაპი



ასევე იხილეთ:

საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-8

საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-7



კრებულები

1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. მეცნიერება - ნაწილი V

6. სხვადასხვა - ნაწილი I

7. სხვადასხვა - ნაწილი II

8. ქართული მითოლოგია

9. რელიგია

10. საქართველო - ნაწილი I

11. საქართველო - ნაწილი II

12. ქართული სახელმწიფოები

13. პროტოქართველები

14. კავკასიური კულტურები

15. პარანორმალი

16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
128
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0