x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
აფხაზების დიდი საეთნოგრაფიო აღწერა
imageშავ-ზღვასა, კავკასიონის ქედსა და სამურზაყანოს შუა მდებარეობს ერთი ვიწრო, გრძლად არდონის მდინარემდე გადაჭიმული, პატარა, მაგრამ მშვენიერი, ტურფად შემკული და მდიდარი მხარე. ეს ქვეყანა (ამ შემთხვევაშიც საქართველოს ნაწილი) აფხაზეთია და დასახლებული იყო და არის აფხაზთა ტომის ერითა, თუმცა ეხლა ეს ადგილები ნახევარზედ ცარიელია.

აფხაზი შუათანა ტანისაა, გამხდარ-გამხდარი, შავგვრემანი, შავ-თმა-წარბა და შავ-თვალა. თვალთა მეტყველება ცოტა ველური და ნაღვლიანი აქვს. ნიჭითა და სილამაზით საკმაოდ მდიდარია ბუნებითად, მაგრამ აფხაზის ხასიათში ბევრს საუკეთესო და პატიოსანს თვისებას სულისასა და გულისას ჰნახავო, საძაგელსა და საზიზღარს ბიწიერებასთან ერთად მოთავსებულს.

აფხაზი დაუდგრომელია, ცქვიტი, სწრაფი, ფიცხი, მედიდურის ხასიათით. სადა, თავმომწონე. მცირედი რამ იმისთანა, რაც უპატიურობად მიაჩნია, საკმარისია აანთოს იმისი ბუნება, უამისოდაც ფიცხი და მხურვალე. იგი ახოვანი, გამბედავი, უშიშარი და ქურციკსავით მარდი ვაჟკაცია, ძველ დროიდან აფხაზს დავარდნილი აქვს სახელი უშიშარისა და გამბედავის ავაზაკისა, აფხაზებისა მუდამ ეშინოდათ მეზობლებს, რადგან მუდამ თავს ესხმოდნენ, ძარცვავდნენ და არბევდნენ. ძარცვა და თავდასხმა, როგორც აფხაზთა, ისე ყველა მთიელთა თვისებაა. „ძარცვა და თავდასხმა რომ არ ყოფილიყოვო, - ამბობს ერთი მწერალი, - მთიელი სიცოცხლეს სიცოცხლედ არ ჩასთვლიდა. ეს არის იმისი პოეზია, ლაზათი იმისის არსებობისა, მარტო ვეფხვს თუ შეუძლია მთიულზე უკეთ მიეპაროს მძინარე სოფელსა ბნელსა და ქარიშხლიანს ღამეს, როდესაც კაცი თავს ვერ გამოჰყოფს თავის სახლიდან. ამ დროს არ დაიჩხარუნებს მთიელის ხმალი, რომელიც ტყავის ქარქაშშია, არ დაიწყებს პრიალს მაჟარი, რომელიც გახვეული აქვს შავბეწვიან ბუდეში, ბრაგი-ბრუგს არ აუყენებს იმისი ქალამანი, რბილი და მოქნილი კატის თათივით, არ დაიჭიხვინებს იმისი ცხენი, დახელოვნებული და გავარჯიშებული ღამე სიარულში. თვით მთიელის ენა, რომელშიაც ნაკლებად არის ხმოვანი ასოები, არ გაამხელს და არ გასცემს, იმიტომ რომ იმისი ლაპარაკი უფრო ფოთოლის შრიალსა ჰგავს, ვიდრე ლაპარაკს. მარტო ვეფხვს შეუძლიან ისე მსწრაფლად, უცებ და თავდაუზოგველად დაეცეს კაცს თავს, როგორც მთიელი ესხმის. დასისხლიანებულის თვალებით, ხმლით და დამბაჩით ხელში, საშინელის ყიჟინითა, რომელიც შიშის ზარსა სცემს ადამიანსა, ჩაერევა ხოლმე მთიელი ბრძოლაში და იმ დროს გამარჯვების მეტი სხვა აღარა ახსოვს-რა“.

ასეთი იყო აფხაზიცა და ის მთიელნიც, რომელნიც გარს ერტყნენ აფხაზსა, მაგრამ აფხაზს არავის წინ არ მოუდრეკნია თავი და არავისთვის არ შეუქცევია ზურგი ძველად. ქურდობა აფხაზს ეხლაც ვაჟკაცობად მიაჩნია, და ისეთივე საჭიროებაა მისთვის, როგორც სასმელ-საჭმელი. ყველას, მოხუცებულიდან პატარამდის, ქალიდამ კაცამდის, ეს სენი ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი და მაღალს წოდებას ხომ პროფესიად გადაუქცევია. დრო და გარემოება იცვლება, თაობა თაობას მოსდევს, მაგრამ ქურდობა ისევ ერთსა და იმავე დონეზე დგას აფხაზეთში. ან კი რა არის აქ გასაკვირი? კაცი საზოგადოდ და განსაკუთრებით ყმაწვილი რიგიანს აღზრდას მოკლებულია, მომეტებულად ექვემდებარება გარემოცულ გარემოებათა ზემოქმედებასა და გავლენას. რა გვარს ზნეობის მაგალითებსაც ხედავს, იმასა ბაძავს ისიც. მერე რას ხედავს აფხაზი ყმაწვილობაში, როდესაც იმისი სული ჯერ კიდევ უმანკო და წმინდაა?
imageაფხაზის ბავშვი, წამოიზრდება თუ არა და დაიწყებს თავისუფლად ლაპარაკსა, მომეტებულ დროს დღისით ტყეში და მინდორზედ ატარებს, სადაც უკავია რა წალდი, თავის თავზე უფრო გრძელტარიანი, მწყსავს თხასა, ანუ კამეჩებსა. აქ არა ერთხელ ხედავს, რომ მელა ხერხით და ეშმაკურად იპარავს კრავს, ანუ ციკანს; შიმშილისაგან გახელებული მგელი მწყემსის ცხვირწინ იტაცებს და მიაქვს ტყეში ცხვარი, ანუ თხა; ფრთოსანთა ცხოვრებაშიაც ჰხედავს, რომ სხვადასხვა მტაცებელნი და ძლიერნი მფრინველნი დაათვალიერებენ, სად რა საშოვარიაო, და, იხელიებენ თუ არა მარჯვე დროს, დაეცემიან ფრინველებს, ანუ პატარა ცხოველებს და რა კი ერთხელ ჩაიგდებენ საშოვარს კლანჭებში, ადვილად აღარავის არ ანებებენ. ყველა ესა და ამ გვარი ბევრი სხვა მაგალითები, ხშირად სისხლის სცენები, რომელსაც ყმაწვილი ხანდახან ყოველი დღე ხედავს, რასაკვირველია, სამუდამოდ სტოვებს თავისებურ კვალს ყმაწვილის ახალგაზდასა და ნორჩს ხსოვნაში. გარდა ამისა სოფელსაც რომ თავი დავანებოთ, იმ სოფელს, სადაც ხან ერთი კარგავს პირუტყვს და ხან მეორე და გამართულია ამის გამო თითქმის ყოველ დღე ყიჟინი, ბავშვი თავის საკუთარის ოჯახის ცხოვრებიდანაც ჩქარა მიხვდება, რომ ქურდობა უფროსთაგან არა თუ დაგმობილია, არამედ თვითონაც თავმოწონებით მისდევენ.

აფხაზის ოჯახში ხშირად ცბიერი და ჭკვიანი დიასახლისი ამოიღებს უალაგო ალაგას ჩაგდებულის ჭურიდამ ნაქურდალის საქონლის ხორცს და ხარშავს უდროო დროს მეტისმეტის გაფრთხილებით, რომ არავინ არ შენიშნოს. ამ გვარებს უფროსნი, მართალია, უმალავენ ბავშვებსა და, თუ იკითხეს რამე, ტყუილებს უპასუხებენ, მაგრამ ცნობისმოყვარე ყმაწვილნი ადრე თუ გვიან მიხვდებიან ხოლმე, საქმე რაშიაც არის, ხოლო ყმაწვილი, როცა წამოიზრდება და გულისხმაში ჩავარდება, მშობლები უკურთხებენ იარაღს, აძლევენ და არიგებენ: შეიძინე, იშოვე რამე ქურდობა მტაცებლობით, როგორც შენი ტოლ-ამხანაგნი იქცევიანო. მაშასადამე, ქურდობა ნაკურთხია მშობელთა უფლების ავტორიტეტითაც. მივაქციოთ ყურადღება ერთს სხვა გარემოებასაც. ბავშვს, როგორც ვიცით, გაგიჟებით უყვარს ყოველ გვარი ახალი ამბები და მოთხრობანი, იმისთვის გასაგებნი, მაგრამ რა არის ბავშვისათვის უფრო გასაგები, თუ არა ზღაპრები, ლეგენდები და სხვა სახალხო შემოქმედობის ნაყოფი? მოხუცნი მოუთხრობენ ამ გვარ ამბებსა და ზღაპრებს ზამთრობით და იმით ამოკლებენ ზამთრის გძელ ღამეებს. პატარები, რასაკვირველია, აღტაცებით ყურს უგდებენ, მაგრამ ყოველივე ეს თითქმის ისევე მავნებელია იმათის ზნეობისათვის, როგორც სხვა ყოველივე, რასაც აფხაზის ბავშვი გარშემო ხედავს.

მომეტებული ნაწილი ზღაპრებისა და ლეგენდებისა თავის დედა-აზრითა და შინაარსით ქურდობა მტაცებლობის გარშემო ტრიალებს და აღწერილია შიგ, ანუ ქებით არის მოხსენებული: სიმარდე, გულადობა და მამაცობა რომელისამე ყაჩაღისა, ანუ „აბრაგისა“, შემკობილი იმათი მოხერხება ქურდობაში, ჭკუა მახვილობა გაჭირებაში, მამაცობა ტაცებისა და ძარცვა-გლეჯის დროს. აი ამითი აიხსნება ის სამწუხარო მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი ალაგი უჭირავს აფხაზთა ცხოვრებაში, რომ ხშირად შუათანად განათლებულნი აფხაზნიც კი, თავის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, კვლავ ქურდობას ჰკიდებენ ხელს.

ქურდობაში აფხაზი დაუნდობელია: დღისით უკეთესნი მეგობრები სიტყვითაც და საქმითაც ღამით ერთმანეთს პარავენ საკუთრებასა; ძმას ძმისა, მამას შვილისა და შვილს მამისა რომ მოეპაროს, ეს იშვიათი ამბავი არ არის აფხაზეთში, თითქმის ანდაზად გამხდარა ის გარემოება, რომ აფხაზს როცა სხვისი ვერა უშოვნია რა, მოსაპარავად, თავისი საკუთრება მოუპარავს, ხერხიანობასა და გამბედაობას დიდს იჩენს ამ საქმეში აფხაზი. ხშირია შემდეგი მაგალითი: ბნელსა და ქარიშხლიანს ღამეში ამდგარა აფხაზი, მოუპარავს მეზობლის ცხენი, ცხრა მთას იქით გადაუყვანია, იქ სხვა ცხენზე გარდაუცვლია, ნაცვალი ცხენი წამოუყვანია, მიუვალს ალაგას ტყეში დაუბამს, შემდეგ იმავე ღამეს თავის ლოგინში ჩაწოლილა და დილა ადრიანად, როცა ცხენის დაკარგვის გამო ატეხილა ყიჟინა, იმასაც მიურბენია სასოფლოზე, წყევლა-კრულვით მოუხსენებია ცხენის ქურდი და ქურდის კვალს გამოსდგომია სხვა მეკვლეთა შორის. ქურდობასთან აფხაზმა დიდი უარი და ჰაშას კვრაც იცის... რაც უნდა აშკარად მოუხდეს ქურდობა და შენიშნონ კიდეც მოპარვის დროს, თავის დღეში არ გამოტყდება დანაშაულში სოფლის მსაჯულთა წინაშე, რომელნიც სოფლის ხნიერნი და უხუცესნი არიან, არა იშვიათად თვით ბრალმდებელისა და ბრალდებულის მოკეთენი, წარსდგება ხოლმე ასეთი ჰაშაქარი ქურდი და ისე ხელოვნურად აწყობილს და აკინძულს სიტყვას წარმოსთქვამს, რომ გარეშე კაცს ცხადზე უცხადესად ეჩვენება იმისი უდანაშაულობა, მსაჯულთაც კარგად იციან საქმე რაშია და რა გვარად იმართლებს დამნაშავე თავს, მაგრამ განაჩენს აყენებენ იმას მიხედვით, თუ ვინ როგორი სიტყვა წარმოსთქვა.

ასე გამართლებულზე თვით მსაჯულნიც გაიძახიან ხოლმე: „მარჯვე ლაპარაკით, სიტყვის ძალით დაიხსნა თავიო“. არა თუ დიდნი, პატარებიც საოცარს ნიჭს იჩენენ ხოლმე უარის თქმასა და ტყუილის მოგონებაში. ერთი ვიღაც რომაელი, რომელსაც ზედმიწევნით შესწავლული ჰქონდა და დახელოვნებული იყო სოფიზმებში, დაბრუნდა რომში და თავის თანამემამულეებს არწმუნებდა, რომ მე სიტყვას წარმოვსთქვამ ჯერ მართალზე და შემდეგ ტყუილზე და ორთავე შემთხვევაში თანასწორედ დავაჯერებ მსმენელებსაო. სწორედ აფხაზიც ცდილობს ასე მომზადებული იყოს, რომ გაჭირების დროს სიმტყუნეშიაც ისე თავი იმართლოს, როგორც მართალს საქმეში, ამიტომაც არის, რომ აფხაზთათვის დიდს ინტერესს წარმოადგენს სასოფლო ყრილობა და დავა. ამ ყრილობას ყველა კმაყოფილებით ესწრება, ახალგაზრდანი კიდევ აქ სწავლობენ აფხაზების სოფისტიკისა და რიტორიკის ყველა ჰანგებსა და ხრიკებს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გატაცებით ამბების მოყვარე და საზოგადოებრივის ხასიათის მქონე ბუნება აფხაზისა დილიდგან საღამომდის ვერა სძლებს შინა;

აფხაზს არ შეუძლიან არ გავიდეს სასოფლოზე, სადაც კაცი კაცსა ხვდება ახალ ამბავის შესატყობრად. ერთის სიტყვით, თუ მივიღეთ მხედველობაში, რომ აფხაზი ხშირად მთელს დღეებს უსაქმოდ ამბების კრეფასა და ყბედობაში ატარებს, ჩვენ ადვილად მივხვდებით, რომ იგი მშვენიერი მოლაპარაკე უნდა იყოს. მართალია, მის სიტყვას გადაჭარბება სჭირს, სამართლიანობა და გულწრფელობა აკლია აზრს, მაგრამ სიტყვა მაინც მჭევრმეტყველურია. იგი ყოველთვის სურათია და ხელოვნურად, მშვენიერის შედარებითა და მეტაფორებით ლაპარაკობს, მოძრაობასა და მიმიკას ნიადაგ მიჰმართავს. რაც უნდა მოუხერხებელად იჯდეს მოლაპარაკე, თუ უნდა გაჩვენოს, რომ ის, ვისზედაც მე ვლაპარაკობ, ზეზე წამოხტაო, თითონაც მაშინვე ზეზე წამოხტება, მოლაპარაკე კი არ მოუთხრობს ხალხს ამბავს, უფრო წარმოადგენს იმის ხასიათსა, მიხვრა-მოხვრასა მსმენელთა წინაშე. კარგს სიტყვა პასუხსა და ლაპარაკს, ანუ „მარჯვე ყბას“ აფხაზები დიდს პატივსა სდებენ და იმათის აზრით ვაჟკაცობის შემდეგ პირველი ალაგი უჭირავს კაცის ცხოვრებაში. თუმცა ამ „მარჯვე ყბას“ და ამის შემწეობით გასამართლებასა და გამართლებას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აფხაზმა თავისს მტერსა და შეურაცხმყოფელს საქმით ერთიორად რომ გადაახდევინოს და მოუგოს, მაშინაც არ ამოუარდება ხვანჯი გულიდამ და ურჩევნია თავადვე პასუხი უგოს მტერსა, თანახმად ძველის მცნებისა: „თვალი თვალისა წილი და კბილი კბილის წილ“. ხოლო სისხლის ძიება, თუ ჩვენს დროს სრულს თავის ძალაში ვერ არის, ამ ბოლო დრომდის ხომ ერთს უპირატეს თვისებას შეადგენდა აფხაზთა ცხოვრებაში.image

სისხლის ძიება, როგორც ვიცით, ის არის, რომ მოკლულს ნათესავმა მკვლელი, ანუ იმისი ახლო ნათესავი უნდა მოჰკლას, უკანასკნელთა სისხლსა ისევ სისხლით პასუხი უგოს, სისხლი გადაახდევინოს, აიღოს. ამ გვარად სისხლის ძიება გადადის მოდგმიდგან მოდგმამდე, მაგრამ ამით „ძველი სისხლი არა ჰკვდება, არა ლპება”. სისხლის ძიება ღვთაებრივი და წმინდა მოვალეობაა ადამიანის, იმისი გადაუხდელობა, უძიებლობა კაცს საუკუნოდ სირცხვილეულ ჰყოფს დედამიწაზე; ამას დიდნი და პატარანი, ქალნი და კაცნი ყოველს შემთხვევაში წააყვედრებენ ასეთს საქმესა. თუ კაცმა ვერ იძია სისხლი, თვით სისხლი მაინც ვერ მოითმენს დარჩეს შეურაცხყოფილი: თუ გაჭირდა, თვითონ მოითხოვს პასუხს, თვითონ სისხლივე თავის თავად იძიებს სამაგიერო სისხლს. იმ შემთხვევაში, როდესაც მკვლელი გადავარდებოდა სადმე შორსა, მაშინ, რასაკვირველია, იმის ახლო ნათესავებზე იყრიდნენ ჯავრსა მოკვლითა, დატყვევებითა, საქონლის წართმევითა, ერთის სიტყვით, აოხრება აწიოკებითა. ერთის უკანასკნელის ყმის მოკვლა სოფელში ორს სოფელს მოსისხლე მტრებად ხდიდა და ერთმანეთს შეატაკებდა. ამას მოჰყვებოდა ერთის ან მეორის იქით-აქეთ გადახიზნვა, გადაწვა და სხვანი, სანამ საქმე ბოლოს მორიგებით არ გათავდებოდა. სისხლის ძიების საქმეში წოდებრივს განრჩევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავადიშვილის მიერ მოკლულის გლეხის მონათესავენი ხელს ვერ გამოიღებდნენ მკვლელის ანუ იმის ნათესავის წინააღმდეგ, რადგან იმათი სისხლი „სწორი არ იყო“. სისხლს იხდიდნენ იმ თავადიშვილის მოყმესა, ანუ გამზდელ გლეხისაგან და ამ შემთხვევაში მოკლულის გლეხის გაზრდილი, თავადი ყოფილიყო იგი, თუნდ აზნაური, ეხმარებოდა და მოთავეც იყო სისხლის-ძიების საქმეში. ესევე განსხვავება დაცული იყო, მაშინაც, თუ დაჩაგრული და შეურაცხყოფილი თავისის და თავის მოპირისპირეს მეგობრებთა, შუამავალთა მეცადინეობის შემწეობით თანხმდებოდა მორიგებაზე, „სისხლის ფასის“ აღებაზე. „სისხლი“, ანუ „სისხლის ფასი“ თავადისა, აზნაურისა და გლეხისა ერთი არ იყო. თუმცა ყოველს შემთხვევაში კაცის კაცობას და მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მაინც, მაგალითად, რომ ვსთქვათ, გლეხის სისხლი ღირდა - 5 კაცის სული და მეტიც, აზნაურისა - 15-ამდის, თავადისა - 25-ამდის. თუმცა იშვიათად „სისხლის ვალში“ მოჰყვებოდა მთელი ჯალაბობაც, მაგრამ უფრო პატარეებით იხდიდნენ ვალსა.

ბავშვების ფასი, ვაჟი იქნებოდა თუ ქალი, იმათს სიდიდეზე იყო დამოკიდებული. სიდიდე, ე.ი. სიმაღლე ბავშვებისა კი მტკაველით იზომებოდა. ეხლაც გაიგონებს კაცი აფხაზებში ასეთს სიტყვებს „ოთხის მტკაველის ფასი ცხენი, ხუთის მტკაველის ფასი ცხენი“. უფრო 4, 5 და 6 „მტკაველი“ იყო ხმარებაში, ექვსს მტკაველზე მეტი არ იყო მიღებული, რადგანაც ამ გვარის ბავშვის გამოყენება მართლაც უფრო საძნელო იქნებოდა, ზოგიერთის მომჩივანის გულის მოსაგებლად რამდენისამე კაცის სულს გადასწყვეტდნენ სისხლის ფასად ასე 25-30, მაგრამ „ფორმალისტ“ აფხაზებს აქაც მოგონილი ჰქონდათ ხერხი განაჩენის სიმძიმის შესამსუბუქებლად. „ოთხ-ოთხი, ხუთ-ხუთი და ექვს-ექვსი მტკაველები“ გავაჩინეთ 20: ერთი მივეცით ღალიძგას, მეორე მოქვის წყალსა, მესამე ვოდარს და სხვანიო, - ჩამოსთვლიდნენ მოზრდილ წყლების სახელებს, რომლებსაც სიდიდით შეუძლიანთ კაცი დაარჩონ. ამ წყლებში ოდესმე დამრჩვალთაც სისხლში ჩაუთვლიდნენ და საბოლოოდ ამ სახით საკმაოდ შემცირებულს რიცხვს „მტკაველებისას“ მიუსაჯავდნენ ბრალეულს გარდასახდელად, თუმცა უკანასკნელს დრომდინაც ამ მტკაველით გაზომილ ბავშვებით იზღოდა სისხლი, მაგრამ სისხლის გადახდა შეიძლებოდა საქონლითაცა და ფულითა. მართალია, ყოველს შემთხვევაში სისხლი „მტკაველთა“ რაოდენობის კვალობაზე მიესაჯებოდა კაცსა, მაგრამ შემდეგ, ვისაც ემარჯვებოდა, საქონლითაცა და ფულითაც იხდიდა. 4 მტკაველი ღირდა 30 ძროხა - 30 მან. 5 - 50 „-50“, 6 - 70 „-70“. თვითოეულს ამეებს ზედნადებად ემატებოდა კარგი იარაღი და ტანისამოსი... გარდა ძროხისა, წვრილი ოთხფეხი საქონელი: თხა, ცხვარი და ფუტკარიც მისაღები იყო სისხლის ვალის გარდასახადში. მაგრამ ამათის ფასის გასარკვევად იყო ძროხა და ძროხის ფასი. ამიტომაა, რომ აფხაზისაგან ლაპარაკში დღესაც ხშირად გაიგონებთ: „ერთის ძროხის ფასი თხა“; „ძროხის ფასი ცხვარი“; „ძროხის ფასი ფუტკარი“ და სხვა.

სისხლის ფასის გარდახდაში, როგორც საზოგადოდ ყველა ვალისაში, ერთი გარემოება მეტად შემავიწროებელი იყო ქალის პატრონისათვის. ეს ის გარემოება იყო, რომ წინად აფხაზებში თვითოეულ თვის თავზე სარგებელი მანეთზე შაური უნდა გადაეხადა მოვალეს. ფულად იქნებოდა გადასახდელი თუ საქონლით, სარგებელი მაინც დიდი იყო, ძროხა რომ ემართებოდათ, სარგებლად იწერებოდა ყოველ წლივ იმისი ხბოცა, თუნდა მოეგო, თუნდა არა: მერე კიდევ ზედ ეკეცებოდა ამ გაზრდილის ხბოს მოშენებულიცა, ასე რომ აფხაზი — მიმღები ჯოხის ჭრასა და თვლაში იყო და სანამ თავნი არ გაორკეცდებოდა, მანამ ხმას არც კი იღებდა. მხოლოდ ამის შემდეგ კი საშინლად გამოეკიდებოდა მოვალეს. აი ამ ფულის თვის თავზე სარგებელს, რომელიც თვე და თვე დგებოდა, და საქონლისას, რომელიც წლის თავზე ეკეცებოდა თავნსა, აფხაზურად ერქვა სიტყვა „ამზეჟ“. იგივე კანონი მოქმედებდა სისხლის ზღვევის საქმეშიაც.

სისხლის ვალი, ვადას გარდაცილებული წლის შემდეგ, ოთხი მტკაველი ხუთ მტკაველად ჩაეთვლებოდა, ხუთი ექვსად და ექვსი შვიდად. მაგრამ, როგორც ზევითაც იყო ნათქვამი, რადგან შვიდ მტკაველიანი ყმაწვილი არ იყო მიღებული, ამიტომ შვიდ მტკავლიანი ქალი ორად იყოფოდა და ინიშნებოდა ორი ოთხ მტკავლიანად. აი ეს გარემოება მეტად აძნელებდა სისხლის ფასის გადახდას. ამიტომ შეუძლებლობისა გამო არა იშვიათად მთელი ჯალაბობაც ქალში მოჰყოლია, მაგრამ აფხაზები შეწევნითა და საჩუქრებით ნაქებნი იყვნენ და არიან და ეს ჩვეულება ძალიან ეხმარებოდა მოვალეს. საკმარისი იყო ეთქვა აფხაზს სიტყვა: „სისხლი დამედო“-ო, და უცბად მოჰკრებდა რამდენსამე ათსა და ოცს ხარსა და ძროხას... რაკი ამ სახით დაუამდებოდა გული მოსისხლე მტერსა, სცდილობდნენ, მერე იმის დაშოშმანებას სულიერად და ზნეობრივადაც. ამისათვის დაჰპატიჟებდნენ ან თვითონ იმას, ან იმის შვილს და „აკბენინებდნენ“ მკვლელის ცოლის, ან დედის ძუძუზე, იხდიდნენ გაზრდილად, შვილობილად. ამ შემთხვევაშიაც ცალკე საჩუქარსა სძღვნიდნენ.

ხშირად ასეც მოჰხდებოდა ხოლმე, რომ, როდესაც მოსისხლე მტერი არავითარის გზით არა ჰყაბულდებოდა მორიგების ჩამოგდებაზე, ფარულად ჩამოტაცებით მოჰყავდათ იმისი შვილი, ანუ რომელიმე იმისი ახლო ნათესავი აღსაზრდელად და ამით ძალაუნებურად ზავი მყარდებოდა მოსისხლე მტრებს შუა, რადგან მოკვლა შვილის გამზდელთა „ძუძუ-მკერდის“ შეურაცხყოფა, გადალახვა და შებღალვა იქმნებოდა, რაიცა ვაჟკაცობას აღარ შეშვენის.

image


ყოველს ერს ცოტად თუ ბევრად უყვარს თავისი სამშობლო ქვეყანა, მაგრამ არის ისეთი ხალხი დედამიწაზე, რომლისათვის სადაც კარგად ეცხოვრებათ იმისი ბაღდადიც იქ არის. ამას აფხაზზე ვერ ვიტყვით, აფხაზს გაგიჟებით უყვარს თავისი მართლაც, ტურფად შემკული ქვეყანა და პოეტთან ერთად თამამად შეუძლიან სთქვას: არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა. აფხაზი „ოჰ შირ“-ის ამოოხვრით ბრუნდება თავისს „აფსნში“.
სამშობლოს ქება და ლოცვა: „აფსნზე უკეთესი ალაგი დუნიაზე არ არის; ღმერთო, აფსნს ნუ დაჰკარგავ“-ო, მუდამ ენაზე ადგია, ჭირშიაცა და ლხინშიაც. სტუმართ-მოყვარეობა, ეს უძველესის დროის თითქმის ყველა ერთა ქველი თვისება, აფხაზის ხასიათსაც ამკობს, აფხაზს დღესაც ეს ჩვეულება მტკიცედა აქვს დაცული და დიდად სასარგებლო და წმინდა საქმედ მიაჩნია. იმისის აზრით, ყოველს სტუმარს თან დაჰყვება: შვიდ-შვიდი ბარაქა, რომელთაგან ერთი მასპინძელსა რჩება, ხოლო სტუმარს ეს დაკლებული ბარაქა ისევ თავისით შეემატება. რაც უნდა ღარიბი იყოს, აფხაზი ცდილობს სტუმარს შესაფერი პატივი სცეს. არათუ ყველა შინ შემოსულს განურჩეველად იწვევს და უმასპინძლდება, არამედ სახლის წინ შარა გზაზე გამვლელი ვინმეც რომ დაინახოს საღამო ჟამზე, მაშინათვე მიმართავს: „ბზიალა ვაჰბეიტ“ - მშვიდობით გნახეთ, კეთილად გნახეთო. ეს არის სტუმრის მისაღები სალამი. ამით ანიშნებს, რომ სურს და მზად არის მასპინძლად დახვდეს და პატივი სცეს. შემდეგ ეპატიჟება და თხოულობს: „გადმაუხვიეთ, მოისვენეთ; აწ დაღამდა, სადღა წახვალთ, ღამე გაათიეთ და დილა ადრე გზას გაუდექითო“. და თუ მგზავრმა, ნაცნობი იყოს, თუნდა უცნობი, მართლა შეუხვია აფხაზის სახლში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მიიღებს შესაფერს პატივისცემას... და თუ არ დასთანხმდა, მაშინ მგზავრი მიაძახებს: „უბეიხეტ“ - გამდიდრდი, გმადლობო, და გასწევს თავის გზაზე. აფხაზთა შორისაც, როგორც სხვა მთიელებშიაც, სტუმარი, მოსისხლე მტერიც რომ იყოს, ხელ-შეუხებელია. ამ სტუმართმოყვარეობასა და პურადობასთან აფხაზი მეტად თავაზიანია, დარბაისელი და პატივისმდებელი უფროსთა, ყველა ეს გამოიხატება ათასს სხვადასხვა ცხოვრების წვრილმანებში.

აქ ჩვენ მოვიყვანთ რამდენსამე მაგალითს ყოველს დღისურ ცხოვრებიდან, საზოგადოდ საჭმლის მიღების წინ და შემდეგ აფხაზებში მუდამ ხელს იბანენ. ამ შემთხვევაში პირველად ხელს იბანს უფროსი და შემდეგ სხვები, რიგ-რიგად, უფროს უმცროსობის მიხედვით. აგრეთვე იგივე წესია დაცული ღვინის სმის დროს. ამიტომ ყოველ ამ გვარს შემთხვევაში აფხაზები ერთმანეთს ეთავაზებიან და ეპატიჟებიან, რომ ერთმა მეორეზე უწინ მიირთვას ღვინო, ანუ დაიბანოს ხელი. ამ თავაზიანობასა და პატიჟობაში მართლაც ბევრი დარბაისლური და თავაზიანი სიტყვები იხარჯება: „შენი ჭირიმე, შენ არ მომიკვდე, ყველა ესენი არ მომივიდეს, გამჩენი ღმრთის მადლმა“. გაზრდილის სახელსაც ფიცულობენ. როდესაც ერთი ვინმე პირველ ღვინოს დალევს, ანუ ხელს დაიბანს, შემდეგ იგივე ცერემონია იწყება და ნარჩენებში და ასე ბოლომდის.

გარდა ამისა, როდესაც უფროსი ხელს იბანს, უმცროსნი ფეხზედ წამოდგებიან. უფროსი ამ დროს ცდილობს ჩვეულებრივის დარბაისლურის სიტყვით დააჯეროს, რომ დაბრძანდნენ. თუ ამ გვარის სიტყვის ძალითაც ვერა გააწყო-რა და არ დაჯდა ის, ვისაც არ ეკადრება ფეხზედ დგომა იმის ხელის ბანის დროს, მაშინ თითონაცა დგება და ფეხზე მდგომარე იბანს ხელს. აგრეთვე სახლში შესვლის დროს კარებთან იმართება თავაზა და პატიჟობა სტუმრებს შორის, ანუ სტუმართა და მასპინძელთა შორის, რომ ერთი მეორეზე წინ შევიდეს. ცხენზე შეჯდომის დროს უფროსს უმცროსი უჭერს აბზინდას, უზანგს, პირველი კი ეხვეწება, ნუ სწუხდებიო.

ორი ცხენოსანი შეიყარნენ, ვთქვათ, თუ გინდ ტყეში. უმცროს მათგანს სათქმელი აქვს რამე. არ შეიძლება ცხენზე იჯდეს და ისე უთხრას, ჩამოხტება და დაიწყებს ლაპარაკს. მეორეც, თუ შესაფერად დაინახავს, ცხენიდამ ჩამოხტება, ან არადა ეტყვი, რად შეწუხდი, მჯდარიყავიო. ვსთქვათ, ორნი მიდიან და ერთი მიუახლოვდა თავისს სახლსა; მეორემ არ გადუხვია თავისი თანაგზავრის სახლში, თუმცა თხოვნა ბევრი დაიხარჯა. ეს მეორე თავის თანამგზავრს უცერემონიოდ როდი დაანებებს თავსა და როდი შევა შინ; უთუოდ გაჰყვება, გააცილებს და სანამ არ დაბრუნდება უკან, მანამ თავისი ამხანაგი ჩვეულებრივის თხოვნით არ შეაწუხებს და ასჯერ არ ეტყვის: დაბრუნდით, ნუღარ სწუხდებითო. პატივსაცემ კაცთა კრებაში, თუ გასვლა საჭირო შეიქმნა გარეთ, რაც ხშირად მოხდება სახლის სივიწროისა გამო კაცი და უფრო ქალი ისე თვალთ მაქცურად მოახერხებს გასვლას, რომ ზურგი არავის არ შეაქციოს. ენა აფხაზთა აშკარად მოწმობს აფხაზების ზრდილობა-თავაზიანობასა სიტყვა-პასუხშიაც. იგი ხშირად ხმარობს სიტყვებს: გთხოვ, როგორც განათლებულს ქვეყნებში იციან, შენი ჭირიმე, შენი თავის ჭირიმე, და სხვანი. აფხაზი, მეტადრე ქალები, ამბობენ: „შენ შემოგევლოს ჩემი თავი“, რა ადგილზედაც დგევხარ, იმ ადგილს შემოვევლე“, და მართლა აფხაზის ქალი დიდის ხნით უნახავს, ანუ ავადმყოფს გაზრდილს გარს უვლის სამჯერ ამ სიტყვებით: „შენი ავი, შენი ფათერაკი მე წამეღოს“ - უცგე მცუ გე სეიზგაიტ.

როდესაც აფხაზი თავის საქმეზე მოუთხრობს ვისმეს, ანუ სთხოვს ვინმეს რასმეს, ანუ დავებს, ლაპარაკში მეტად თავს იმდაბლებს; ვისაც ელაპარაკება, იმას-კი პირიქით აქებს. „მე იმოდენა ცოდნის პატრონი არ ვიყავი, ერთი ბრიყვი ვინმე ვარ, მაგრამ თქვენისთანებს რომ დავეკითხეო.. მე რა შემეძლო, მაგრამ თქვენის შემწეობით და იმ საზოგადოების მოწყალებით და შემწეობით, რომელსაც ვეკუთვნი, „ცივ ღომს ვლოღნიდი“... როდესაც აფხაზი მიესალმება აფხაზს, ანუ გამოესალმება ერთსა თუ რამდენსამეს და ფეხზე წამოუდგებიან, ხელების შესაფერის მოძრაობით მრავალჯერ ამბობს: „ბრძანდებოდეთ, ნუ შესწუხდებითო“. საზოგადოდ სალამის მიცემის დროს მიღებულია, რომ სამი თითი მარჯვენა ხელისა ერთმანეთს მიატყუპოს და მაღლა ასწიოს. ამ გვარად აფხაზი დილით მიესალმება უმდაბლესი უმაღლესსა: „შეუბზია“ — დილა მშვიდობისა, guten morgen, Доброе утро; გამოეთხოვება დილით: „შუმშაა ბზიახეიტ — დღე კეთილად, ანუ თქვენნი დღენნი კეთილ იყოს“. შუა დღეზე და დილით სალამი: „მშბზია“ — დღე კეთილისა, (guten tag, Добрый день). გამოთხოვების დროს: „შუმშა ბზიახეიტ“, ე.ი. როგორც დილით. საღამოზე სალამი: „ხულა ბზია“, საღამო მშვიდობისა, (guten abend, Добрый вечеръ). გამოთხოვების დროს: „უწხაა ბზიახეიტ“ — ღამე კეთილისა, თქვენი ღამე კეთილი იყოს. ღამით: „წხბზია“ — ღამე მშვიდობისა, (gute nacht, Добрая ночь). გამოთხოვებაზე ისე იციან სალამი, როგორც საღამოზე. ერთმანეთს რომ შეჰხვდნენ და გაეყარნენ მგზავრები, ამ სიტყვებით მიესალმებიან და გამოესალმებიან, მაგრამ თუ შეხვედრილები ცოტა ხანს ერთმანეთს ემასლაათნენ, მაშინ გამოთხოვების დროს ერთი ამბობს: „ბზიალა ჰაინიეიტ“– სიკეთით, კეთილისათვის შევეყარენით“. მეორე მიაძახებს: „აბზიაბა ვანიეიტ“ — კეთილს შევხვდი, შეგემთხვიოსო, მარულასა და დოღისაკენ მიმავალნი ეუბნებიან: „აურა უქუპ“, საშოვარი გმართებს, ანუ გელის; პასუხი: თუ მარულას პატრონია, ესეც „ჰაიცქუპ“, ერთად გვმართებს, თუ არა, „კეთილი ნახე“. საქონლის მიმრეკს ეუბნებიან: „აბზა ხაუგალეიტ“, უვნებლად მიიყვანეო. პასუხი: „ბზია უბეიტ“ — კეთილი ნახე... მწყემსს: „უბხა ჰიტ“ კარგად აბალახე, აძოვე; პასუხი იგივე... ყურძნისა ანუ კაკლის მკრეფს ხეზე მჯდომარეს ეუბნებიან: „ნარულბააიტ“ — უნებლადა და ხვავიანად ჩამოხვედი. პასუხი იგივე. მონადირეს: „ზფს იახეუ შზფშუჰ“ — ვისიც სული მოსული იყოს, გიცდიდეს, გელოდეს.

ვისაც დაკლული ნადირი მოაქვს, ეუბნებიან: „უდრვეტ ეღიხეიტ“ — კვლავინდელი უკეთესი იყოს, და ფოთლებს თავზე გადააყრიან სიმინდის მოტეხის დროს მუშას ეუბნებიან: „მარ უმოუპ“ — ხვავი გაქვს, ხვავი მოგეცეს, მთაზე კარავთან მისვლაზე ამბობენ: „უმცა ხარა ბაანდავ ვროუპ (ანუ ტქვავროუპ)“, ე.ი. თქვენი კარავი (კერა) ტყვეთა დაჭერისაა. პასუხი იგივე „კეთილი ნახე“. ერთის კარავიდგან მეორესთან მიმსვლელი ამბობს: „უმცა ხარაბაჟო შროუპ“ — თქვენი კერა გარეულის თხის მოკვლისა იყოს... საზოგადოდ მუშაობის დროს მოსაქმეს ეუბნებიან: „ბზია უჟიტ“ — კეთილი ჰქენი; პასუხი იგივე. გამოთხოვების დროს ეუბნებიან: „უუსაა ზაზიახეიტ’’ — შენი საქმობა კეთილი იყოს. იარაღის დახედვისა და გასინჯვის შემდეგ პატრონს ეუბნებიან: „ხიძ ალაუგეიტ“ — სახელი მოგახვეჭინოს, სახელი შეგეძინოს.

ეხლანდელი აფხაზი საქმეშიაცა და სიტყვაშიაც პირმოთნეობს და ფორმალისტობს. მუდამ სცდილობს ყოველივე ისე აღასრულოს, როგორც მიღებულია, თუნდა გულით არც კი თანაუგრძნობდეს ასეთს წესს. აფხაზი დასტირის საშინელის თავგანწირვით მიცვალებულსა, რომლის სიკვდილი, იქმნება, უხარიან კიდეც. აფხაზს შეუძლიან გულში სულ სხვა იფიქროს და საქმით-კი სულ სხვა ისაქმოს; შეუძლიან გეპატიჟებოდეს, გეთავაზებოდეს და გულში-კი საშინლად სძაგდე და შენი მტრობა ღრმად ჰქონდეს დამარხული. მაგრამ განა ცოტანი არიან განათლებულს ხალხშიაც ისეთნი, რომელნიც თვალის ასახვევად გუნდრუკს უკმევენ იმას, რაც აზრითა და გულით სისულელედ მიაჩნიათ?! და ამ გვარს საქციელს აფხაზიც, ისე როგორც სხვანიც, მხოლოდ თავისის სარგებლობისათვის კადრულობს, საკუთარის ინტერესისათვის ფარისევლობს და თვალთმაქცობს. მართლაც აფხაზი, თუმცა სახელსა და ნამუსს დიდად აფასებს, მაგრამ არც სარგებლობას ივიწყებს მაინცა და მაინც... როდესაც აფხაზი დაუნახავს ვისმეს რაიმე მოსაწონს ნივთს, მაშინვე თავისებურის მომხიბლავისა და ლაქუციანის სიტყვა-პასუხით ითხოვს ამ ნივთს. პატრონიც დაუყოვნებლივ სთავაზობს, ეს ჩვეულება უფრო წინად იყო გავრცელებული. სრულიად საკმარისია სთქვას აფხაზმა რაიმე ნივთზე: „რა კარგია, როგორ მომწონსო?!“ და პატრონი მაშინვე უთავაზებს, მაგრამ იმ იმედით კი, რომ თავისი არ დაჰკარგოს და მართლაც ოდესმე ისეთს რასმესა სთხოვებს და იჩუქებს, რომელიც არაფრით არ ჩამორჩეს ფასითა და ღირსეულობით იმას, რაც თავად გასცა. როდესაც აფხაზს გასაჭირი დაადგება და თავისის მოყვრებით ვეღარას იშველის, მაშინ ახალს მოკეთეს იძენს მოყვრად და იძენს ისეთსა, რომელიც შველის გასაჭირს საქმეში. ამნაირად გატეხილს სახელს აღიდგენს და ამისათვის ბევრსაც დახარჯავს, ამ გვარად თუმცა საქმეს გაიკეთებს, მაგრამ არც ის ავიწყდება, თუ რამდენად დაუჯდა ეს საქმე, რომელიც მაშინ იმისი დარდი და ვარამი იყო... შემდეგ როდესმე, ვით შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, რამდენისამე თვით ადრე, სანამ სთხოვდეს რასმეს, ამ ახალს მოყვრისას მისვლა-მოსვლას უხშირებს, მზადაა ყოველივე აუსრულოს, „მოსაკითხიც“ უფრო ხშირად მიაქვს იმასთან, ერთის სიტყვით, ისე უჩვენებს თავს, რომ აფიქრებინოს: სწორედ ამაზე უკეთესი მეგობარი არა მყავსო. მერე ერთ-ერთს დღესასწაულზე, როდესაც მოსაკითხი მიაქვს, სთხოვს რასმე და ამ სახით მოყვრულად იბრუნებს გაცემულსა და დანახარჯს. ძღვენით მისვლა–მოსვლა, „ძღვნობა“ მეტად გავრცელებულია აფხაზთა შორის.

მაგალითად, აფხაზს არა ჰყავს ცხენი, უნდა კი შეიძინოს, მაგრამ ფასი არა აქვს, გარდასაცვალი საქონელი არა ჰყავს. ფასად ასში ერთი ცხენი არ იყიდება და არც გაიყიდება აფხაზეთში, თუმცა საზოგადოდ, განსაკუთრებით თავად-აზნაურობა, დღეობით-კი არა, საათობით იცვლის ცხენსა. ამ შემთხვევაში უქონელს მიჰყავს ვერძი, ანუ ვაცი და მიაქვს სხვა ხორაგეულობაც რომელსამე თავადთან, აზნაურთან, ანუ შეძლებულს გლეხთან და იქ შოულობს ცხენსა, ასეა თუ ისე, აფხაზს კარგად შეუგნია აზრი იმ ლექსისა, რომელიც ამბობს: რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. ისე არა უყვარს-რა, როგორც ცხენი და იარაღი, აფხაზურად „აბჯარ“, არა მარტო მაღალს წოდებას, არამედ დაბალსაც. ჯერ კიდევ ძუძუმწოვარა ყმაწვილი მაღალის წოდებისა ჩინებულად ხმარობს ცხენსა და იარაღსა, თითქოს დედის მუცელშივე ესწავლოს, იარაღი: დამბაჩა, ხმალი, ხანჯალი, დანა, სადგისი და სხ. განუშორებელი მეგობარია აფხაზისა. როდესაც აფხაზი ასე შეიარაღებულია, ზის ცხენზე, ნაბადი გვერდზე აქვს გადმოგდებული და მიდის, მიიმღერის, ცხენს მიათამაშებს თავისს ტოლ-ამხანაგებში, მაშინ არის იმისი აღდგომა, უდიდესი დღესასწაული. აფხაზს ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება უცხენოდ იცხოვროს კაცმაო, და ამიტომ ნახევარზე მეტს სიცოცხლეს ცხენზე ატარებს. საზოგადოდ ცხენოსნობა და ცხენზე თამაში გავრცელებულია არა თუ მაღალსა, არამედ დაბალს წოდებაშიაც. პირველად ყველა საერო თამაშობათა შორის, რომელთაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის სულისა და ხორცის ვარჯიშობაში. ცხენოსნობა და ჯირითი უნდა დავასახელოთ. ცხენით თამაშზე ჩვენ შემდეგ ვილაპარაკებთ, აქ კი დავასახელებთ შემდეგს სხვა გართობას: 1) ბურთაობა, 2) „არკილ“-რიკი, 3) ქვის სროლა-ტყორცნა. ქვის სროლა ტყორცნაც საყვარელი გართობაა და ერთნაირის კმაყოფილებით შეექცევიან, როგორც დიდნი, ისე პატარანი.

მუსიკა და სახალხო პოეზია აფხაზთა, თუ არა ვცდებით, სდგას საკმაოდ დაბალს ხარისხზე. ერთადერთი სამუსიკო იარაღი ჩანგურია, რომელიც ქართველებისაგან უნდა ჰქონდეთ შემოღებული: ამას გვიმტკიცებს ჩვენ იმისი ქართული სახელ-წოდება აჩანგურ, „ბუკი-აბკი“. აფხაზური ლექსები, რომელთაგან ბევრნი შინაარსით პოეზიას მოკლებულნი არ არიან, ზოგი თითქოს დამყარებულია სიმეტრიის და მწყობრ სიტყვაობის კანონზე. აი ნიმუშებიც: ა) ალიფა ქელამათ, აჯგუ იფა აზდამრ, აფსნნძა მაჰრა დცან იანხუფჰაცა დრამ ხაფსიტ. ვორვულ ტუ საკაკასა, ბარჶუნტუ ჭაპრხუა აშიქვა დალარყეო, აშაფშიქუ დალარსო უს დნარგოოიტ დპუ ბაზაზ დრცჰაუ-პჯიმაგე ბ) ვო ძივავა, ძარ იკვაკვა მარკლ-და! აჰ იფა ვ იჟვომ; ძ იოვომ, აკვარაქვა ეიმიდოვო: ძ ხუჭკ, ძ ხუჭკ. მაშინ როდესაც ზოგიერთი ლექსები სასიამოვნოდ იკითხება, მეტი წილი სიმღერის გარეშე ჰკარგავს ყოველს თავისს შნოსა და ლაზათს რითმას და უფრო იმისს აჩრდილსა და მსგავსებას მხოლოდ აქა-იქ მოჰკრავთ ყურსა. ასე რომ სრულს თანასწორობას შინაარსსა და ფორმას შორის, რომლის მაგალითებსაც წარმოგვიდგენს ჩვენი სახალხო ლექსები, საცა ფორმა შეეფერება შინაარსსა, ჩვენ ვერა ვხედავთ აფხაზურს ლექსებში.

მაგრამ მარტო რითმა და მწყობრ სიტყვაობა არ ატკბობს ადამიანის ყურთა სმენას: არის ერთი სახე ლექსთ წყობილებისა, რომელსაც უწოდებენ ალლიტერაციას და რომელიც მდგომარეობს ერთგვარ ხმათა ანუ მარცვალთა ხშირ-ხშირ განმეორებაში, ამ ალიტერაციით შემკობილს სიტყვას ვხედავთ ჩვენ უფრო აფხაზურს ლექსებში. აი მაგალითებიც: ა) (ზევით მოყვანილს პირველს ლექსში) ვარვულტუ... ბარჶუნტუ ბ) ჭილარ მარდა ყულარდამ გ) არბა არბა სინარბა დ) მასთა მასთაროუ მასთა სთახოუ, სიამულ უცა სიამულ სიახოუ სიანჯარ უცა გველის შელოცვიდგან. ხუტ ხუტ ხუდან-ფა ჭრკვა ჭრკვა ჭრტელაზ არასა ვარასა ვასატან.

თავისს სამშობლო ქვეყანას აფხაზები უწოდებენ: აფსნ. სიტყვა შესდგება, ჩემის აზრით, შემდეგ სიტყვათაგან: აფსუა ― აფხაზი და ან ― დედა; აფსუ ან ― ფსნ ― აფხაზის დედა სამშობლო, აფხაზეთი. აფხაზის რწმენით ამ გარშემოვლების დროს ნამდვილად გადაედება კაცს იმისი ავი და ფათერაკი, რასაც გარს უვლის. ამიტომ, თუ რასმეს შეცდომით შემოუარა აფხაზმა, მაშინვე უკან დაბრუნდება, ავი არა წამომედოს რა ამ გარშემოვლილის სენისაო. ალიტერაციის მაგალითს, მხოლოდ კი რითმასთან შეერთებულისას, ჩვენს ლიტერატურაში წარმოადგენს ჩახრუხაული: „თამარ წყნარი შესაწყნარი, ნარნარი პირმცინარი“ და სხვ.

imageყოფა-ცხოვრება, აფხაზთა ოჯახი. ქალის მდგომარეობა

აფხაზებში შრომა განაწილებული არ იყო. არა თუ თვითოეული სოფელი, თითქმის ყოველი ცალკე მოსახლეც საჭირო ნივთებს თითონ იკეთებდა იმ მასალიდგან, რაიცა ხელში ექნებოდა; ზოგს კაცი აკეთებს და და ზოგს ქალი. ქალი საიმისო ხელოსნობაში მეტად დახელოვნებული იყო და კიდეც არის. ხოლო სახლი აფხაზისა, როგორც ეხლავე დავინახავთ, ისეთს აღარას წარმოადგენს, რის გაკეთებაც ყოველს აფხაზს თითონვე არ შეეძლოს და არ იცოდეს. არის მხოლოდ ერთად-ერთი ხელობა, რომელიც თხოულობს განსაკუთრებულს ცოდნას.

ჩვენ ვამბობთ მჭედლობაზე. ეხლაც აფხაზეთის ყოველს სოფელში თითო, ან მეტი მჭედელია და იგი დღესაც, ვინც კი მიმართავს, უკეთებს ყოველს გვარს იარაღეულობას და ნივთებსა უსასყიდ ლოდ და ამისთვის საკმაოა მოუტანონ ნახშირი და ძველი რამ რკინეულობა, რაც უნდა იყოს, მჭედლობას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს არსებობისათვის ბრძოლაში ბუნებისა და ადამიანის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ როგორც ნიშანს შრომის განაწილებისას. ამ ხელობას, რომელისაც ეგოდენი მნიშვნელობა აქვს და ყოველი აფხაზი ვერ მისწვდება, გარდა სატეხნიკო მნიშვნელობისა, აქვს რელიგიური მნიშვნელობა, რომელზედაც ჩვენ ვილაპარაკებთ შემდეგ. ამ სახით აღებ-მიცემობას, ანუ სხვა რამე მრეწველობას აფხაზი სრულიად არ მისდევს, რადგანაც სირცხვილად მიაჩნია. ბევრი ისეთი საკუთარი ნაწარმოები აქვს აფხაზსა, რომელიც, აღებ-მიცემობა რომ ყოფილიყო აფხაზეთში გავრცელებული, დღესაც კარგს შემოსავალს შესძენდა. მაგალ. აფხაზის ქალი ცხვრისა და თხის ტყავისაგან აკეთებს სამოგვეს მსგავსს „ცუშ“-სა, რომელსაც საზაფხულო ქვეშაგებისათვის ხმარობენ და რაიცა უცხოელთა ძლიერ მოსწონთ, კაცები აკეთებენ საუკეთესო ხისა და რქის კოვზებს. ბევრი მონადირე წელიწადში შვიდ-რვა დათვს მოჰკლავს, მაგრამ ერთს ტყავსაც არ გაჰყიდის. ამას იმიტომ სჩადის, რომ ხელი არ გადაჰყვეს.

ყიდვა-გაყიდვაში აფხაზი ფულს არა ხმარობს, ნივთს ნივთზე სცვლის, ამ გვარად ცხოვრების უმთავრესს სახსარს მუდამ საზოგადოებაში გართულის და თავის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესობაზე ნაკლებად მზრუნავის აფხაზისას შეადგენს მიწათმოქმედება და პირუტყვთა მოვლა. ფუტკრის ყოლასაც მეტად ხელს უწყობს აფხაზეთის მდიდარი ბუნება. მთის კალთებზე მდებარე სოფლებში მცხოვრებთ ბევრს ორასი და მეტი სკა უდგიათ. აფხაზები სთესენ მარტო სიმინდსა და სალოცავებისათვის მასში ერთჯერ პურსა. სიმინდმა სრულიად გააძევა აფხაზეთიდგან ღომი, რომელიც ამ რამდენისამე ათის წლის წინად, როგორც თანამედროვე მოხუცნიც ჰმოწმობენ, თითქმის ერთად-ერთი გავრცელებული მცენარე ყოფილა. ამ გარემოებით. შესაძლოა კაცმა ახსნას აფხაზური სახელწოდება ღომისა, რომელსაც ჰქვიან აფსუა ბსთა - აფხაზური ღომი.

ეხლაკი აქ ამ აფხაზურს ღომს კაცი იშვიათად მოჰკრავს თვალსა. გარდა სიმინდისა, შინ სახმარებლად აფხაზებს მოჰყავსთ თამბაქო, ბამბა, სელი, კანაფი და მცირეოდენი ბოსტნეულობა. მაგრამ უმთავრესს დოვლათს აფხაზისას შეადგენს ოთხ-ფეხი შინაური საქონელი და მხოლოდ საქონელია სიცოცხლის ბურჯი, კაცის მკვებავი, იმისი აღმზრდელი და შემნახველი, აფხაზისავე აზრით. უსაქონელოდ აფხაზს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება. უპურობასაც-კი უფრო ადვილად გაუძლებს. აფხაზის აზრით, მწყემსები, რომლებიც უხვად ხმარობენ მარტო ხორცეულობასა და რძითა და ერბოთი იკვებებიან, ნამდვილს ნეტარებაში არიან. ამიტომ აფხაზი ორიოდე საქონლის გულისათვის, როდესაც საძოვარი საკმაოდ არ ეგულება, გადადის ერთის ალაგიდგან მეორეზე. იმას ამ აყრა-გადასახლებას ისიც უადვილებს, რომ აფხაზებს არაფრად მიაჩნიათ ფაცხის დადგმა. ისიც მოხდება ხოლმე, რომ, როცა ახლო სოფელში გადასახლდება, თან მიაქვს დაურღვეველად ფაცხა სხვების შემწეობით.
imageსახლი - ფაცხა აფხაზისა ბევრს შესანიშნავს აღარას წარმოადგენს. იგი ორგვარია გარეგანის შეხედულობით: მრგვალი და ოთხ კუთხიანი. კედელი ფაცხისა გეზად ამაღლებულია და თხილის მომსხო წნელები განით დაწნულია უფრო მოწვრილო წნელით. სართულის კაკუტები ამ დაწნულს კედელზეა დაყრდნობილი, ხოლო ზევით თავები ერთი ერთმანეთზეა მიკრული ვენახითა, ანუ წირეხით; ლარძაყინებზე კი განით კვენდლის შემწეობით დაკრულია აქა იქ ლართხები (ფინები). ეს არა ხელოვნური შენობა დახურულია გვიმბრით, ჩალით, ანუ ისლით. ამ გვარს ფაცხას, როგორც აღწერილობიდანაც სჩანს, სართული (და საერთოდ თვით ფაცხაც) კონუსებურის ფორმისა აქვს.

მეორე გვარის ფაცხას, რომელიც უსწორო ოთხ-კუთხიანია, წინა კარებთან აქეთ-იქით ორის წაბლის ხის პალოები აქვს ჩასობილი, რომელიც ცოტად გადახრილია ერთიმეორეზე და მათი ორთითიანი (კავებიანი) წვერები ერთი მეორეს უერთდება ამ ხეებს, რომლებიც ცოტად არ იყოს მაკრატელსა ჰგავს, აფხაზები ეძახიან „ამარკატლ“-ქვა. ამ „მაკრატლებსა“ და მეორე მხრით ერთს დვირეზე გადებულია გასაყარი, რომელიც სართულის დასამაგრებელია. სართული ამ ფაცხას უფრო ჩამოშვებული, პირველისაზე უფრო მოპრტყელო, ესე იგი იმერულის ფორმისა აქვს. ამ გვარის ფაცხას, რომელიც გაკეთდება რა სიდიდისაც გნებავსთ, - წინ დიდი დერეფანიც ექმნება და უკან მეორე განყოფილებაც შესაძლოა ჰქონდეს, რომელშიაც კაცი არა სდგას, მხოლოდ სახლის სხვა-და-სხვა ხაბაკები აწყვია, და ზამთრობით საქონელსაც აბინავებენ, ფაცხას თიხით ანუ სხვა რითიმე არა ლესვენ, - ზამთარში იქმნება გვიმბრა შემოაკრან და, მაშასადამე, ქარი თავისუფლად შეისისინებს და, თუ გნებავსთ, წვიმაც შეატანს ხოლმე შიგნით.

ფაცხის შუაგულ ალაგას ბუნებით თლილის ქვის, ანუ შეზელილის ნაცარ-თიხისაგან გაკეთებული კერაა (ახუშთაარა). ამ კერაზე სცდილობენ გაუქრობლად ცეცხლი შეინახონ. ცეცხლის ბოლი მაღლა სახურავში გადის, ანუ ქარის კვალობაზე ტრიალებს შიგ ფაცხაში. ამიტომ მთელი ფაცხა და განსაკუთრებით ზედა ნაწილი ჭვარტლისაგან ისე ბრწყინავს, თითქოს განგებ შავად შეღებილი იყოს... ფაცხაში ერთს მხარეზე ტახთია გამართული, ცეცხლის პირზე დგას გრძელი და ცოტათი ფართო სკამი, რომელიც საჭიროებისამებრ ტახტობასაც ასრულებს. ტახტზე ალაგია ქვეშსაგებ სახურავი, გამზადებული სახლის უფროსის ქალის ხელით; იქვე სდგას ერთი უბრალო სკივრი (კიდობანი), რომელშიაც აწყვია კაცისა და ქალის უსაჭიროესი ნივთეულობა. ზევით კედელზე ჩამოკიდებულია უნაგირი, მათრახი და ზოგიერთი იარაღი. კუთხეში კედელთანვე დაინახავთ ღომის სამზადს იარაღებს, ჩამოკიდებულს პატარა კალათას, რომელშიაც ინახება სანოვაგე, ხის ანუ – რქის კოვზებს, ჯამებს, საწველს, გობს და სხვა წვრილმანს ნივთებს. ხედავთ თუნგსა და ტაშტსა, ხოლო ბევრს უკანასკნელი სულაც არა აქვს და თუნგის მაგივრობას ასრულებს გამოქვაბული მწარე კვახი, აყირო. ამას დავუმატოთ საჭრელი იარაღები, დიდი ფართე ქვა და მაზედ მრგვალი ქვაც (მარილის სანაყი) და სადმე იქვე დაგდებული სალესი ქვა. აი, აფხაზის სახლის ყველა ავეჯეულობა შუათანა მოსახლისა.

მეორე გვარის ფაცხა აფხაზს უდგას როგორც საერთო დიდი სახლი, ხოლო პირველისა — „ქვაცუ“ ახალ ცოლ შერთულთათვის (ამჰარა). ღარიბები კმაყოფილნი არიან მარტო პირველის გვარის სახლით. მაშასადამე, სახლი აფხაზისა, რომლის ასაშენებლად თითქმის ერთი ღერი ლურსმანიც არ დაიხარჯება, წარმოადგენს უძველესს სადგურთა მსგავსებას მასალითა, გარეგანის ფორმით და სიმარტივით. მრგვალის ფაცხის მაგივრად ეხლა უფრო ოთხ-კუთხიანი სადგომი ვრცელდება და ამის ასაშენებლად „მაკრატლების“ მაგიერად ხანდისხან წინ და უკან დვირეებზე დამდგარს ხეებზე ამყარებენ სართულს. ეს კარგი ცვლილებაა. ამისი შედეგია ისიც, რომ ზოგს ფაცხას წინა და უკან ფიცრის კედელი აქვს. ჩვენ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ კერას ზემოთ ჩამოკიდებულია რკინის ნაჭა და იმის გვერდით ხის კავი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად ხანგრძლივია ერთხელვე შემოღებული იარაღი. ამ ჩამოსაკიდებლებზე ჰკიდია თუჯის ქვაბები, რომლებშიაც იხარშება და მზადდება საჭმელი. ყოველ დღიური და ჩვეულებრივი საჭმელი აფხაზისა ყველი, სიმინდი, ღომი და მაწონია.
imageუბრალო ღომის გარდა აკეთებენ ახალ ყველ გარეულ ღომსა (აელაჯ), რძითა და ყველითა (აჩამუქუა). ზამთრობით აფხაზის საჭმელი უბრალოდ მოხარშული ხორცია. ყველა ხორცზე მეტად აფხაზს თხის ხორცი უყვარს, ღვინოსაც სიამოვნებით მიირთმევს, თუმცა უამისოდაც კი სძლებს, ხოლო უმაწონოდ კი ვერა, კიბოს და სხ. აფხაზი არ მიეკარება; თევზსაც ძლიერ ერიდება, მხოლოდ ეხლა ცოტ-ცოტა შეეჩვია. ზოგიერთ ბოსტნეულ მცენარეთა ჭამა, როგორც ბალახისა, აფხაზს სასაცილოდ მიაჩნია. საზოგადოდ აფხაზს მწარე და პილპილმორეული საჭმელი უყვარს. სალოცავთათვის აფხაზები ამზადებენ სიმინდის ფქვილისაგან პატარა კონუსებურის ფორმის მჭადებსა, რომლებსაც ჰხარშავენ წყალში სამარხოდ, ანუ რძეში სახსნილოდ. ამას აფხაზები უწოდებენ „არვაჟა“.

უფროს-უმცროსობა აფხაზის ოჯახში ძალიან დაცულია. სახლის უფროსს (ავნ აიჰაბ) ემორჩილება თითოეული წევრი ოჯახისა. ოჯახში ყველაფერი იმის სურვილისამებრ თადარიგით კეთდება. ქალების შესახებს საქმეებში უფროსობს ოჯახის უფროსი ქალი (ავნ ეიჰაბ აფჰს). ასე და ამ რიგად უფროსნი განაგებენ საოჯახო საქმეებს და იმათვე ემორჩილებიან უმცროსნი წევრნი ოჯახისანი. მართალია, ხშირად უფროსებს ეს უფლება მარტო ფორმალურადა აქვსთ დაცული: როდესაც უმცროსნი საოჯახო საქმეში მეტს ჭკუასა, გამოცდილებას და ფხას გამოიჩენენ, მაშინ საქმით ესენი უფროსობენ. სახლის უფროსი კაცი და ქალი სხვათა შორის ყველა საოჯახო რელიგიურ ცერემონიათა და ლოცვათა აღმასრულებელნი არიან და სახლის უფროსი მამაკაცი, თუ სხვებზე უფრო ხნიერია, მთელს საგვარო სალოცავებსაც ასრულებს. ამ მიზეზის გამო შვილები შესაფერის პატივისცემით ინახვენ სრულიად დაუძლურებულს დედ-მამას.

დედ-მამის სიცოცხლის დროს შვილები იშვიათად გაეყრებიან იმათაცა და ერთმანეთსაც. თუ გაიყარნენ, სცდილობენ არ აწყეინონ დედ-მამას. ამისთანა შემთხვევაში მშობლებს მიაქვთ მთელის ქონების ნახევარი. დანარჩენს შვილები იყოფენ. როცა დედა და შვილები უნდა გაიყარნენ, დედას თავისს ნამზითვი სრულად მიაქვს და გარდა ამისა თვითოეულის შვილის წილის თანაბარიც; შემდეგ, რომელს ერთს შვილსაც ამოირჩევს, იმასთან სდგება საცხოვრებლად. გაყრისა და საერთო ქონების გაყოფის დროს უფროსს ძმას მიაქვს ნაუფროსალი (აიჰაბშახუ): თუ ბევრი საქონელი ჰყავსთ, მიაქვს თითო არჩეული სული ყოველგვარ პირუტყვისაგან, და, თუ ბევრის პატრონი არ არიან, მაშინ ერთს კარგს აიყვანს „ნაუფროსალი“ წილად. უმცროსს ძმასაც მიაქვს ნაუმცროსალი (ეიწბშახუ), რომელიც ნაუფროსალზე ცოტათი ნაკლები იქნება. ამ ნაუფროსალისა და ნაუმცროსალის გამორიცხვის შემდეგ, რაც დარჩება, ამას ძმები თანასწორად ჰყოფენ. მამის სახლ-კარი, ეზო და სხვა რჩება უმცროსს ძმასა. ქალიშვილებს ვაჟებზე ნაკლები გააქვთ.

საზოგადოებაში ზრდილი, თავაზიანი და დარბაისელი აფხაზი შინაურობაში ვერ იჩენს ამ თვისებებს. პირიქით, აქ იგი საკმაოდ ჯიუტი და კერპია. იგი ყოველთვის ბრძანების კილოთი, მკაცრად ელაპარაკება თავისს უმცროსებს — ცოლს, შვილს და სხვას, ასე რომ, როგორც ბ-ნი სერგეი მეჩი ამბობს, აფხაზს ეზარება ოჯახში დახარჯოს ერთი ტკბილი, თავაზიანი და ალერსიანი სიტყვა. აფხაზის ქალი დამწყვდეული არ არის; იგი სარგებლობს დიდის თავისუფლებით. მართალია, ოჯახზე მამაკაცივით ზრუნავს და თითქმის მომეტებულადაც. აფხაზის ქალი თავისს ზურგით დაათრევს წისქვილში საფქვავსა, არა მარტო იმიტომ, რომ აფხაზი დაუდევარია, არამედ იმიტომ რომ ებრალება თავისი თავი და თავისი ცხენიც-კი. ზოგიერთს ადგილას აფხაზის ქალი დღესაც თავისის ხელით ყოველ დილა საღამოზე ატრიალებს პატარა ხელის წისქვილებს და ამით კვებავს მთელს სახლობას. ეს კიდევ არაფერი. იგი მოცლილს დროს აკაბიწებული გვერდზე უდგას მამა კაცსა და შველის თოხნა-მარგლაში. აგრეთვე კეთილშობილთა ქალები კეთილშობილს კაცებზე ნაკლებს შრომაში არ არიან. ყველა ეს, მართალია, ცოლ-ქმრობის (ანუ საზ. ქალ-კაცის) უღლის სიმძიმეს ოდნად ქალისაკენ გადაჰხრის, მაგრამ ესევე აძლევს აფხაზის ქალს დიდს უფლებასა და თავისუფლებას. ქალი პატივდებული არსებაა. პატარაობიდან სიბერემდე ყველა შესაფერს სალამს აძლევს, ქალი დადის ყველა ყრილობაზე, ტირილსა და აღაპზე; იგი თავისუფლად ტრიალებს მამაკაცებში, ღებულობს მონაწილეობას იმათთან ერთად ცეკვაში, არა ერთი მაგალითი ყოფილა იმისა, რომ ხშირად ქალი წინამძღოლად ჰყოლიათ.

ღამით სიარულის დროს ქალი ასრულებს რელიგიურს წესებსა და ცერემონიებს და მლოცავად ითვლება, როგორც აფხაზთა მიერ გაღმერთებული ზოგ მამრობითის სქესისა, ისეც მდედრობითის სქესის წმინდანებისა. ნათქვამის მიუხედავად ქალი უნდა იყოს უმანკო, მორცხვი, იგი უფროსთ მამაკაცთა წინაშე უნდა ლაპარაკობდეს კრძალვითა და მორიდებით და, ერთის სიტყვით, აფხაზის აზრით, არ ვარგა, რომ მანდილოსანი ქუდოსნობდეს. მიუხედავად ამისა აფხაზის ქალი, უმიზეზოდ ქმრისაგან დათხოვნილი, მიდის უშიშრად საერო ყრილობაზე, სადაც სხვა დროს ქვრივების გარდა ქალები იშვიათად დაესწრებიან, და აქ მამაკაცზე არა ნაკლების გამბედაობით და მჭევრმეტყველობით იცავს თავსა. თუ აფხაზს სხვა და სხვა შემთხვევაში შეუძლიან დაითხოვოს ცოლი, სამაგიეროდ ცოლსაც შეუძლიან თავი დაანებოს ქმარსა. ეხლა-კი, ამ უკანასკნელის ომიანობის შემდეგ, სხვადასხვა მიზეზის გამო (სხვა-და-სხვა ხალხებთან შეტაკება, მამულების გამიჯვნა მაღალ წოდებათათვის, საძოვრების შემცირება, აღებ-მიცემობისა და ვაჭრობის გაძლიერება), აფხაზების ცხოვრებამ ფერი იცვალა: საქონლის გაშენებამ პირველი ალაგი მიწათმოქმედებას დაუთმო და დღეს სიმინდის თესვა დღითი-დღე მატულობს და აფხაზეთიდან საზღვარგარეთ თანდათან მეტი და მეტი სიმინდი გააქვთ.

გაზრდა, გაზრდილი, გამზრდელი

იმ დროს, როდესაც ბატონ-ყმობა სრულ ძალაში იყო, დაბალი წოდება აფხაზეთშიაც ძლიერი შევიწროებული იყო. ბატონი ისე ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომს, როგორც უკანასკნელს ნივთსა: ართმევდა ყოველისფერს, ჰყიდდა და აგირავებდა, როცა შემთხვევა და გარემოება მოითხოვდა, ბატონ-ყმობის გადაგდების შემდეგაც ამ უკანასკნელს დრომდე ბევრად არ განკარგებულა აფხაზეთში გლეხ-კაცობის მდგომარეობა, რადგან ქურდობა, ძარცვა, ავაზაკობა აფხაზების თავად-აზნაურთა ხელობას შეადგენდა. თუმცა გლეხ-კაცობაც აფხაზეთში ქურდობაში უმეცარი არ არის, მაგრამ მაინც იგი ხომ ვერ გაბედავდა სამაგიეროს გადახდას, ე. ი. თავად აზნაურობის საკუთრების მოპარვას, ამიტომ დაბალს წოდებას ისეთი ჩვეულება გამოუგონია, რომლის შემწეობით გლეხს შეეძლო თავისის ბატონის სიყვარულის დამსახურება.

ეს ჩვეულება თავად-აზნაურების შვილების აღსაზრდელად აყვანა იყო. თავად-აზნაურნიც კმაყოფილებით აძლევდნენ შვილებს გასაზრდელად და ამით თავად-აზნაურები იძენდნენ სიყვარულითა და პატივისცემით სავსე მოყვრებსა; აგრეთვე იმათს ცოლებს ბავშვებზე ზრუნვა არა სჭირდებოდათ; საზოგადოდ აფხაზის მაღალ წოდების ქალებს მეტად სამძიმო საქმედ მიაჩნიათ ყმაწვილების აღზრდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მოსახლე გლეხი არ მოიძებნება, რომელსაც თითო ან მეტი გაზრდილი არა ჰყავდეს თავადი, ან აზნაური. აქედგან ისიც ცხადია, რომ ასშიაც ერთი თავად-აზნაური არ მოიპოვება, რომელიც დედის ძუძუთი იყოს აღზრდილი. რაკი თავადაზნაურის ქალს შვილი ეყოლება, აღმოჩნდება რამდენიმე გლეხი ყრმის აღსაზრდელად აყვანის მსურველი (ხშირად მოხდებოდა ხოლმე უწინ გლეხებს შუა ჩხუბი და შეტაკება, რადგანაც ყველას თავისთვის სურდა წაეყვანა ახლად დაბადებული) და იმათგან მშობლები აირჩევენ ერთსა. იმ დღეს, როდესაც ძიძას მიჰყავს ბავშვი, მშობლები მართავენ ლხინსა ახალის ძიძის შემოსვლისა გამო. ამავე დღეს მშობლები ძიძას აძლევენ თითო ხელს ტანისამოსს, აკვნის გასაწყობს, პატარა სპილენძის ქვაბსა ბავშვის ამოსაბანად და სხვადასხვა წვრილმანეულობას. აღმზრდელმა ქალმა ამ დროიდან დაიმსახურა პატივცემული წოდება „ძიძასი“ - „ანაძძეი“ - დედა ძიძა - დედა მძუძე“ და მართლაც ამ დღიდან როგორც თვითონ ძიძა, ისე იმისი ქმარი, „აბაძძეი“ „მამა მძუძე“, დიდად პატივცემულნი ხდებიან. ძიძას შინ მიჰყავს ბავშვი, რომელიც აგრეთვე იწოდება ამ დროიდამ იმ გვარეულობის „გაზრდილად“ - ახუფჰა, რომელსაც ეკუთვნის ძიძის ქმარი... გამზრდელები ბავშვს არ აკლებენ ტკბილს, სათუთს, ალერსიანს მოვლას, ორი-სამის წლის შემდეგ „გაზრდილი“ პირველად მიჰყავთ დედ-მამისას, რომ უჩვენონ მშობლებს. იმათ მოაქვთ „გაზდილის“ დედ-მამისათვის ძღვენი: ერთი, ან ორი ხარი, ვაცი, ყვერულები, ღვინო, პური და სხვ. ხორაგეულობა. ისევე იმართება ლხინი ძიძას მოსვლისა და შვილის პირველად მოყვანის გამო.

ამ ლხინში, რომელზედაც დაპატიჟებულნი იქმნებიან ახლო-მახლო მეზობლებიც, დიდს პატივსა სდებენ ძიძასა და იმისს ქმარს, იგინი არა თუ „გაზრდილის“, იმისი დედმამის უწინაც ხელს იბანენ და ღვინოსაცა სმენ. „გაზრდილმა“ და ამის მშობლებმა აგრეთვე „გამზრდელები“, როცა შემთხვევა მოითხოვს, ცხენზედ უნდა შესვან, ე. ი. უნაგირის აბზინდა დაუჭირონ და სხ. რამდენისამე დღის შემდეგ ძიძა და იმისი ქმარი დასაჩუქრებულნი საქონლით, ტანისამოსით, თუ ფულით შინა ბრუნდებიან თავიანთის „გაზრდილით“. „გაზრდილი“ გამზრდელებისას რჩება 8-9 წლამდე და შემდეგ დედ-მამისას მოჰყავთ, მაგრამ ბავშვს, რომელმაც დაბადებიდგან 8-9 წელიწადი გაატარა ძიძას, რომელიც ძუძუს აწოვებდა და მეტად ტკბილადა და ნაზად ზრდიდა, რაღა თქმა უნდა, სამუდამოდ ჩაენერგება გულში სიყვარული – ძიძისა, ძიძა შვილებისა და მთელის იმ ოჯახებისა; დედ-მამის სახლი კი საპატიმროდ მიაჩნია; შემდეგაც, როცა დედ-მამა ნებას დართავენ, დაიარება გამზდელებისას. თუ გაზრდილი ობოლია, მაშინ ცოლის შერთვამდე და ცალკე დასახლებამდე გამზრდელებისას იმყოფება, როგორც თავისს საკუთარის სახლში.

„გაზრდილმა“ გამზრდელთა ინტერესი ისე უნდა დაიცვას, როგორც საკუთარი. თუ რამე მოპარეს გამზრდელებს (ჩვენ ზემოდ შევნიშნეთ, რომ გამზრდელებად („აბრაა“) ითვლება მთელი საგვარეულობა ნამდვილის „გამზრდელისა“), „გაზრდილი“ ვალდებულია დაკარგული საქონელი მოსძებნოს, ანუ ქურდი აღმოაჩინოს და ერთი-ორად გადაახდევინოს. თუ ეს ვერ შეასრულა, დიდი სირცხვილია თავისს ტოლ თავად-აზნაურობაში... თუ ვინმემ გამზრდელთ შეურაცხყოფა მიაყენა სიტყვითა ანუ საქმით და იმათ თავად არ შეუძლიანთ სამაგიეროს გადახდა, „გაზრდილი“ აგებს შესაფერს პასუხს. მაგალითად, თუ თავადმა, ანუ აზნაურმა სცემა რომელსამე გლეხს, მაშინ ამ გლეხის „გაზრდილმა“ სამაგიეროდ უნდა სცემოს, არა დამნაშავე თავადსა, ანუ აზნაურსა, რადგან ეს მეტი იქმნებოდა, ვინაიდგან კეთილშობილისა და გლეხის „სისხლი“ ერთი არ არის, არამედ დამნაშავეს, რომელსამე „გამზდელ“ გლეხთაგანს. თუ გლეხს რაი საქმე აქვს, „გაზრდილი“ ფარულადა და ცხადადაც ყოველს ღონეს ჰხმარობს, რომ იგი გამარჯვებული გამოიყვანოს საქმიდამ. ერთის სიტყვით, გლეხს გვერდს უდგას თავისი გაზდილი ერთი ანუ რამდენიმე თავად-აზნაურითა. რასაკვირველია, როდესაც გაზრდილი მცირე-წლოვანია, იმისს მაგიერობას ასრულებენ იმისი მშობლები და ძმები.

ავიღოთ ორი გარემოება ადამიანის ცხოვრებიდან: ჭირი და ლხინი, ე.ი. სიკვდილი და ქორწილი. თუ გაზრდილს მოუკვდა ძიძა, ანუ იმის ქმარი, ანუ „ძიძაშვილები“, მაშინ იგი დასტირის იმათ, შავს იცვამს, თავზე თმას უშვებს, თავისის ხარჯით უკეთებს იმათ კუბოს და მეთადარიგეა მიცვალებულის დატირვისა და დასაფლავების წესებსა და ცერემონიებში, როდესაც მიცვალებულის მოსახსენებლად აღაპი იქმნება, გაზრდილს მოჰყავს დასაკლავი „სულის მისაცემი“, ვერძი, ანუ ცხენი და ამ დროსაც მეთადარიგე დამამშვენიერებელია. აგრეთვე თუ ძიძაშვილს ცოლი მალვითა და მიტაცებით მოჰყავს, „გაზრდილი“ მოთავეა ქალის მოტაცებასა და გადმოყვანაში. თუ ვინიცობა ქალის ჭირისუფლებმა შეუტყეს და გამოეკიდნენ, გაზრდილი თავის მხლებლებით სიტყვის, ანუ იარაღის შემწეობით არას გზით არ აძლევს ერთხელ გამოყვანილს ქალსა და, საქმის მოგვარებამდე, ქალს თავისს სახლში ინახავს, სადაც თავ-დასხმას ვერავინ ვერ გაუბედავს. როდესაც ძიძაშვილს ცხადლივ მოჰყავს საცოლო, ანუ როდესაც მიჰყავთ ძიძაშვილი ქალი, მაშინ „გაზრდილი“ უმთავრეს მაყრად ითვლება. ახლად მოყვანილს რძალს თავზე გადააგდებს ცხენსა, ხოლო პირბადის ახსნისა და ქალის პირი-სახის ნახვის დროს ფულსა.

ერთის სიტყვით, ყოველ „კეთილშობილურსა და ვაჟკაცურს“ საქმეებში გაზრდილი იცავს „გამზრდელთა“ ინტერესებს, როგორც თავისს საკუთარს. თავისის მხრით გლეხნი გამზრდელნი არაფერს არა ჰზოგავენ გაზრდილისათვის. ისინი ფიცულობენ „გაზრდილის“ სახელსა და როდესაც გამზრდელნი იფიცებენ იმის სახელს, მაგალითად შემდეგის სახით: „კვაჯი“ (მამაკაცის სახელია) არ მომიკვდეს, ანუ ჩიჩიზე ავი არ მენახოს და მე ბრვე სხ, მაშინ ისინი, როგორც თვითონ აფხაზები ამბობენ, წყალსაც არ დალევენ. პატივი და სიყვარული გაზრდილისადმი იქამდე მიაღწევს რომ, თუ გაზრდილი მოუკვდათ, მაინც იმის სახელს გამზრდელნი არ ფიცულობენ: ის (მიცვალებულის სახელს ახსენებენ) არ მომიკვდეს, ე.ი. როგორ ჰკადრონ გაზრდილსა, რომ იგი მკვდარი იყოს მაშინ, როდესაც თვითონ ცოცხალნი არიან, ის იმათთვის ცოცხალია, მუდამ ახსოვთ ისე, როგორც ცოცხალი და არა მკვდარი. ყოველ წელიწადს გამზრდელთ მიაქვთ „გაზრდილთან“ მოსაკითხი: შობას ყვერულები, ყველი ან პური, ანუ მჭადი, ხოლო აღდგომის დღესასწაულებზე კრავი, ანუ თიკანი და „ჩემუქვათი’’, და ამით მოიკითხავენ ხოლმე გაზრდილებსა. საზოგადოდ ეს მოსაკითხი დღესასწაულებზე გარეგანი ნიშანია მოყვრობისა და უმდაბლესმა უმაღლესს უნდა მიუტანოს. თუ ეს ნიშანი არ იქმნა დაცული მაშინ მოყვრობაც შეწყვეტილია, რაოდენობა კრავებისა და თიკნებისა, რომელთაც მიუტანენ ვისმე აღდგომის დღესასწაულებზე, ანუ რაოდენობა ყვერულებისა შობის დღესასწაულზე გარეგანი საზომია იმისის ღირსებისა და გავლენისა.

ძიძაშვილები უერთგულესნი ადამიანნი არიან გაზრდილისათვის „ღამით სიარულში - ქურდობაში. ამიტომ თავადს ანუ აზნაურს ქურდობაში დაჰყავს ძიძაშვილები, რომლებიც იმისთვის გასაჭირში თავს არ დაჰზოგავენ. თუ გაზრდილი გარდაიცვალა, გამზრდელთა მწუხარება ვაებას საზღვარი არა აქვს, იმისს დასაფლავებაზე, ჭირისუფლობისა და ჯაფის გარდა, გადასახურავი ფულიც მოაქვსთ, აგრეთვე აღაპზედაც მოჰყავთ ხარი, ერთი ანუ ორი, ცხვარი და სხ. როდესაც გაზრდილის ცოლის მოყვანაზე ლხინი იქნება, აქაც საკლავებითა და შრომითაც შემწეობას აძლევენ ქალსაც შეძლებისადაგვარად „გადააგდებენ“. ერთის სიტყვით, ფულით, გარჯით და რითაც კი შეუძლიანთ, გამზრდელნი მზად არიან ყოველთვის სამსახური გაუწიონ გაზრდილებს. ამ გვარის გაზრდის გარდა აფხაზეთში არის მეორენაირი გაზრდა. ვინმე გლეხთაგანს, მაგალითად, გაზრდილი მოუკვდა, ანუ ჰყავს იგი, მაგრამ საქმეებსა და გაჭირებაში საკმაოდ ვერა ჰხედავს და ამიტომ სურს სხვა ადამიანი მოიგოს „გაზრდილად, მაგრამ ისეთი კაცი, რომელიც წლოვანი და გაზრდილია, ასეთს კაცს აფხაზი გლეხი ეუბნება: „მე მსურს ჩემ სახლში მიგიყვანო, იქ რომ ქალები არიან (ცოლზე), იმათს ძუძუზედ გაკბენინო და შეძლებისამებრ პატივი გცე“, ე.ი. საჩუქარი მოგართვა.

დანიშნულს საღამოს ასე დაპატიჟებული კაცი იახლებს ორ-სამს სხვას და მოდის გლეხისას, სადაც მზადდება შესაფერი ვახშამი. პურის ჭამის დროს დამპატიჟებელი და იმისი მონათესავები წამოდგებიან და დაიჩოქებენ გაზრდილად გასახადის წინაშე; სტაქნით ღვინოს მიართმევენ და დაალევინებენ, რის შემდეგ ისევ წამოდგებიან ფეხზე და ერთ-ერთი უკეთესი მოლაპარაკე დაიწყებს სიტყვას: „დღეს იქით ნამდვილის ძუძუთი გაზრდილის ტოლად გთვლით, ჩვენც თქვენ გზაზე ვადგივართ, რაიცა გვაქვს ჩვენ, თქვენთვის არ დავიშურებთ, და თქვენც, იმედია, ჩვენთვის არარას დაზოგავთ, სხვა გაზრდილებზე წინ დაგაყენებთ“ და სხ. და სხ. ბოლოს მიართმევენ რამდენსამე მანეთს. რამდენისამე ხნის შემდეგ იმავე წესითა და ცერემონიით აძლევენ საჩუქარსა ფულით წინანდელზე ნაკლებს, სხვა მომყოლ თითო თავს („ხაპ“) რასმეს, თვით საჩუქრების მიცემის დროს აფხაზები, ვისაც აძლევენ, ეუბნებიან: „ვაჭა ენუპ“. საჩუქრებს ამ ღამისას და ზოგიერთ სხვა შემთხვევებშიაც აფხაზები უწოდებენ „აჭანწა“.

მეორე დღეს დილით აძლევდა საქონელსა, კამბეჩებსა, ხარებსა, ძროხებსა და სხვ. ნაჩუქარმა, გაცემულმა საქონელმა, ფულის გამორიცხვით, ერთი-ორად, ერთი სამად უნდა გადააჭარბოს გაზრდილის მიერ მოყვანილსა და მოტანილს. ბოლოს ეს ამბავი თავდება შემდეგის უაღრესის მნიშვნელობით სავსე ცერემონიით. მიწაზედ დაფენილს ხალიჩასა ანუ ნაბადზე დადგმულს კიდობანზე (სკივრზე) შემოჯდება მასპინძელი ქალი-მომავალი ძიძა, რომელსაც გვერდით თავისნი ტოლნი უდგანან. შემდეგ კარს გარედამ შემოდის დაპატიჟებული, ქალის წინ დაიჩოქებს, მუხლს მოიყრის და ძუძუს სამჯერ პირში ჩაიდებს, ანუ, როგორც აფხაზები ამბობენ, სამჯერ ძუძუს „უკბენს“ და თითოეულის „კბენის“ შემდეგ იმეორებს ფრაზას: „დღეის იქით მშობელის დედის მსგავსი ხარ“.. ამ დღიდამ ეს კაცი ითვლება ზრდილად“.

ჩამომავლობით ტოლებში ამ ჩვეულებას ნამდვილის შვილობილობის ხასიათი ეძლევა. ეს გარემოება უდრის პატარაობიდგან ძუძუთი აღზრდას რომლისამე ადამიანისას და ამიტომ დამოკიდებულებაც ორსავე მხრით ისეთივეა, როგორიც ზემოდ აწერილია. რაღა საჭიროა აღვნიშნო, რომ გლეხები მარტო თავად-აზნაურობის შვილებს არა ზრდიან, თუმცა ეს უფრო ხშირია, — გლეხები სასულიერო კაცთა, მოვაჭრეთა, ანუ ისევ გლეხთა შვილებსაცა ზრდიან. არის ხოლმე იმისთანა შემთხვევაც, რომ აზნაურებს წარჩინებული თავადიშვილები ჰყავსთ „გაზრდილებად“ და სხ. ზემო ნათქვამიდან მკითხველი თითონაც გამოიცნობს, რომ „გაზრდის“ საქმეს დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთში. მთელი ცხოვრება და დამოკიდებულება თავად-აზნაურთა და გლეხთა შუა, თვით გლეხთა შორის და თავადაზნაურობის ურთიერთშორისაც, თამამად შესაძლოა ითქვას, ამ „გაზრდაზეა“ აკინძული. ამაზე ცოტად თუ ბევრად აფხაზების ცხოვრების დაახლოვებით მცოდნენიც დამეთანხმებიან. იმას თან მოჰყავს ერთი ცხენი და მომავალის ძიძასათვის მოაქვს საკაბე.

„ვაჭა ენუპ“ - ამ სიტყვას თავისი ძველი აზრი და მნიშვნელობა დღეს სრულიად დაუკარგავს. იმითი დღეს აფხაზი იგულისხმებს მხოლოდ შემდეგს: „შენი საჩუქარი (მოსართმევი, ფეშქაში) იყოს“. რაკი ჩაუკვირდებით ამას, მიხვდებით, რომ სიტყვასიტყვით ნიშნავს, ათი, მაგ., მანეთი „შენს პირზედ სდევს“. აგრეთვე მეორე შეერთებული სიტყვა „აჭანწა“ წარმომდგარია იმავ ორ სიტყვიდგან, ე.ი. ა. (პირი) ანწარა (დადება; დღეს მხოლოდ საჩუქარი, ფეშქაში) პირდაპირ: „პირზედ დასადებელი“. ეს ორი მაგალითი ვგონებთ იმისი საბუთია, რომ ჩვეულებად ჰქონდათ პირზედ რისმეს დადება.
imageცოლის შერთვის წესი აფხაზეთში

წინად აფხაზებში უფრო ხშირი იყო საცოლო ქალის ნამდვილი მოტაცება, როდესაც საქმროს თავისის ტოლ-ამხანაგების შემწეობით მოჰყავდა ქალი იმის და მისი მშობლებისა და ნათესავების დაუკითხავადა და დაუთანხმებლად - ძალით. ეხლა ეს პირდაპირი მოტაცება იშვიათია, თუმცა აქა-იქ ეხლაც თავს იჩენს ხოლმე. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც შეყვარებულის ქალის თანხმობით, მაგრამ წინააღმდეგ ქალისა, ანუ თავის დედ-მამის სურვილისა, მოჰყავს აფხაზს ფარულად, საიდუმლოდ და მოტაცებით.

საქმრო თავის ტოლ-ამხანაგებით შეიარაღებული მიდის ქალის მიერ წინდაწინვე დანიშნულს ალაგას, ამ ალაგზე, რომელიც ხშირად სახლიდამ დაშორებული იქნება რამდენისამე ვერსის მანძილზე, შუაღამით გამოდის ქალი, დედ-მამის სახლიდან გამოპარული. ქალს შეაჯენენ საუკეთესო ცხენზედ და გასწევენ შინ, ანუ რომლისამე გავლენიან კაცისაკენ. მშობლებიც რაკი შეიტყობენ ქალიშვილის მალულად წაყვანას, თავისის მოკეთეებითურთ გამოეკიდებიან და ცდილობენ უკანვე დაიბრუნონ გადაყვანილი ქალი, მაგრამ ეს მეტად ძნელი და იშვიათია. საქმროს და მთელს იმის დასს სამარცხვინოდ მიაჩნია ქალის დაბრუნება და ამიტომ ყოველს ღონისძიება ხმარობენ და იარაღსაც ჰკიდებენ ხელს, თუ საქმე გამწვავდა. ამასთან დედ-მამის სახლიდამ გადაყვანილი ქალი ყოველს შემთხვევაში გაუპატიურებულად ითვლება და სხვა ვინმე იშვიათად წაიყვანს. ამიტომ ქალი ძალითაც რომ იყოს მოტაცებული, მაინც თანხმდება და საქვეყნოდ აღიარებს, რომ ბედმა ეს ქმარი მარგუნა და მხოლოდ ამასთან შემიძლიან ცხოვრებაო, ამავე მიზეზისა გამო ქალის ნათესავებიც თანხმდებიან საქმის მორიგებით გათავებას, მეგობრები ქალის მშობლებისა და საქმროსი ერთად მოიყრიან თავს და ურიგდებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც სიძე სიმამრ-სიდედრს და ცოლის სხვა ნათესავებს შესაფერს საჩუქრებს აძლევს და თვითონაც სამაგიეროს ღებულობს.

აქ უნდა შევნიშნოთ, რომ აფხაზი თავისზე უმდაბლესის გვარისა და მდგომარეობის ქალს არც ერთს შემთხვევაში არ მოიტაცებს, რადგან სამარცხვინოდ მიაჩნია. მოტაცება ხდებოდა და ხდება უფრო იქ, სადაც აფხაზს მოჰყავს ან ცოტათი მაინც უმაღლესის ღირსების ქალი, ან თავისი ტოლი ღირსებითა და მდგომარეობით, რომელიც აშკარად არას შემთხვევაში არ გამოჰყვება ცოლად. ვაჟმა ქალს ხელი სთხოვოს და იმისმა მშობლებმა არ გაიმეტონ და კიდეც გაამჟღავნონ, ეს ხომ დიდი სირცხვილი იქნება. ამ გარემოებით აიხსნება, თუ რატომ და რა შემთხვევაში იტაცებს აფხაზი საცოლოს; იტაცებს არა იმიტომ, რომ, როგორც ზოგიერთნი ამბობენ, ცოლის შესასყიდი ურვათი თავიდგან აიცილოს. აფხაზებში, რომ ეს მიზეზი არა მოქმედებს, იქიდანაა ჩანს, რომ ქალის მომტაცებელს ქმარს, მორიგების შემდეგ, რითაც თითქმის მუდამ თავდება ზემოდ აღნიშნულ მიზეზთა გამო მოტაცება, მიელის იგივე ხარჯი, რაც მოუტაცებლად და მშვიდობიანად შემრთველსაც; მხოლოდ ამ უკანასკნელს დრო ეძლევა. საზოგადოდ საქმრომ თავისის ცოლის ნათესავები სურვილისა და შეძლებისადაგვარად უნდა ნახოს, რასაკვირველია, რაც უფრო კარგად ჰნახავს, ის უფრო სასახელოა და უფრო მეტს მზითევსაც უნდა მოელოდეს თუკი მშობლები მოტაცებულის ქალისა და მომტაცებელის საქმროსი მაინცა და მაინც არ მორიგდებიან, მაშინ ახალნი ცოლ-ქმარნი მიუხედავად ამისა განაგრძობენ ერთად ცხოვრებას, მაგრამ ეს ძლიერ იშვიათი მოვლენაა.

თუ მოტაცება ქალისა ყოვლთვის შესაძლო არ არის და ამასთან მომტაცებელს, ადრე თუ გვიან, იგივე ხარჯი მოელის, ცხადია, რომ აფხაზებში აშკარა და მშვიდობიანი ცოლის შერთვაც უნდა ყოფილიყო და კიდეც ვხედავთ აფხაზების ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ მოკლედ მაინც ავწერთ ამ გვარს ცოლის შერთვას, რადგანაც ამაში იხატება უფრო ყველა წესები და ცერემონიები, რომელიც მიღებული არი ცოლის შერთვის დროს, რადგან მოტაცებით ცოლის შერთვაც, რაკი მორიგებით თავდება, საბოლოოდ ღებულობს ამავე სახეს, აფხაზებშიაც ცოლის დანიშვნა უფრო მაჭანკლების შემწეობით ჰხდება;

მაჭანკალი საქმროსა და იმის მონათესავეებს უქებს სარძლოს, საცოლოს, იმისს სილამაზეს, ყოფაქცევას, „ხელოვნებას“ და აგრეთვე საცოლოსა და იმის მონათესავეებს — საქმროსა, იმისს გვარიშვილობას, ვაჟკაცობასა, ქონებას და სხვ. თუ საქმე გაარიგა, ლხინში დაკლულ ხარების თავებს და ტყავებს იგდებს ხელში, ჩვეულების ძალით. დათანხმდებიან თუ არა, საქმრო და საცოლო სცლიან უბრალო ნივთებს და ორივე მხრის მონათესავენი ნიშნავენ დროს, როდესაც საქმრო სიძედ უნდა შემოვიდეს. დანიშნულ დროს იგი მაყრებითურთ შემოდის სასიძოდ. თან შემოაქვს შეძლებისადაგვარად საჩუქარი ფულით თუ საქონლით საცოლოს მონათესავეთათვის, შემძლე თავადებს - 20, 30 ცხენი, ზოგი უნაგირით შეკაზმული. უწინ ყმებიც შემოჰყავდათ. სიძის შემოშვების დროის ხარჯიც (ლხინისა) სიძეს მართებს და ამიტომ წინადვე შემოგზავნის ხოლმე საკმაო საკლავს ხარებს. ლხინში სიძეს მაყრები და ქალის მშობლების მიერ წვეულნი სცდილობენ ერთმანეთს გადააჭარბონ ღვინის სმაში, სიმღერასა და მოსწრებულს სიტყვა-პასუხში, ბაასსა და ცხენოსნობაში.

მეორე დღეს მაყრებს საჩუქრებს აძლევენ შეძლებისამებრ და სიძესაც აძლევენ ერთს ცხენს, ანუ ფულსა და იარაღს. ამ დღიდგან ქალი და ვაჟი უცერემონიოდაც ითვლებიან ცოლ-ქმრებად. დასაჩუქრებულნი მაყრები მიდიან. რჩება რამდენიმე დღით სიძე თავისის ნდადეთი. იგი ჯერ არა თუ ცოლის ნათესავებს, თითქმის არავის არა სჩვენებია და ლხინის ღამეს კარში, გარეთ შორი-შორს დაიარებოდა, ბნელაში, ან მეზობლის სახლში იწვა. მხოლოდ მეორე დღეს ძალით შემოჰყავთ საერთო სახლში და აქ ნაბად წინ გადმოგდებული, ყაბალახით პირშეხვეული, ასე რომ თვალებიღა ოდნად გამოუჩანს, დგას კედელთან, ანუ კუთხეში ატუზული და კრინტსაც არ იღებს, იმის მაგივრად სიტყვა-პასუხს იძლევა იმისი ნდადე, რომელიც გვერდზე უდგას. პირველ ხნობით სიძე სიდედრ-სიმამრთან პურს არა ჭამს და შემდეგაც მათთან ერთად ერთს სუფრას თავისს დღეში არ მოუჯდება ზოგიერთს ადგილებში, ცოლი და ქმარი ერთად მთელს სიცოცხლეში არ ეჩვენებიან ქალის მშობლებს და ეს ჩვეულება დღემდინაც მტკიცედ დაცულია ბზიფში და აბჟუაშიაც, მაგალითად ჯგერდეში;

ამ ჩვეულებას სხვა ადგილებშიაც მისდევენ, მხოლოდ რამდენისამე წლის განმავლობაში. მკითხველი თვითონაც მიხვდება, რომ ქმარს თვალი უფროსთაგანმა არავინ არ უნდა მოჰკრას თავისის ცოლის „ამჰარაში“ - საწოლს ოთახში შესვლისა და გამოსვლის დროს. ახლად გათხოვილი ქალი, მომწყვდეული თავის პატარა „ამჰარაში“, არ გამოდის საერთო სახლში, სანამ ვინმე გარეშე კაცი არ გამართავს ლხინსა და არ შემოიყვანს. გაიშლება თუ არა სუფრა და შემოუსხდებიან წვეულნი, ვისმე შემოჰყავს ახალი რძალი სტუმრებთან და მშობლებთან. აქ ერთ-ერთი მოხუცი მოკეთეთაგანი, ანუ მამა შამფურზედ აგებულს ღვიძლს აიღებს, წამოდგება და ლოცულობს, რომ მეფე-დედოფალი ბედნიერნი იყვნენ, შეეძინოთ შვილები, ქალიშვილები და ერთმანეთს შეაბერდნენ, როგორც მზე და მთვარეო. თავისის მხრით სიძე ცოლის ნათესავებიდგან შინ დაბრუნებული თავისს დედ-მამას და სხვა უფროს ნათესავს და მოყვარეს ვერ ეჩვენება სირცხვილის გამო. ამანაც აქ ლხინი უნდა გამართოს და ეს ლხინი, გარდა ზემოთ მოხსენებულის ლოცვისა, იმითი არის შესანიშნავი, რომ ახალმა ცოლშერთულმა შვილმა დედას, მამას, ბიძას, გამზრდელს, ერთის სიტყვით, ყველა ახლო ნათესავსა და უფროსს მოყვარეს თვითოეულად ცალ-ცალკე უნდა საჩუქარი მისცეს ფულით თუ საქონლით (აჭანწაქვა).

ამ ლხინს თავისის „აწანჭებით” ჰქვიან „აფხაშარზე“, რაიცა თარგმანი ნიშნავს სირცხვილის სკუდრს, სირცხვილის ასაცილებელს. გათხოვილის ქალის მშობლები, გამოაწყობენ რა მზითევსა, იხმობენ სიძეს ცოლის წასაყვანად, აღნიშნულს დღეს სიძე მოდის მაყრებითურთ. ამ მაყრებს ემატებათ რძლის მაყრებიც. ამათ ერთად გადაჰყავთ რძალი და მიჰყავთ იგი ქმრის სახლში „ბედნიერას“ მღერით, ცხენის თამაშით, ჯირითით, დამბაჩების სროლით და უახლოვდებიან თუ არა, მახარობელი გაიქცევა და ატყობინებს სახლეულობას, ახალი რძალი მოჰყავთო, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ სიტყვით-კი არ აგებინებს, არამედ „არა თქმით“, ე.ი. მოსული მახარობელი მუნჯივით ჩერდება და არაფერს არ ამბობს, ანუ მარტო დამბაჩას გაისვრის. იმას, როგორც კაცს, რომელმაც ამისთანა სამხიარულო ამბავი მოიტანა, თაფლს ანუ შაქარს აჭმევენ. აგერ მოჰკივიან და მოიმღერიან, აგერ საშინელის მათრახების ტკაცა-ტკუცმა თანდათან იმატა და ბოლოს ეს აუარებელი გროვა ცხენოსანთა მოადგა სახლს. აქ ერთს წუთს კიდევ შეექცევიან მაყრები დიდს მრგვალს მჭადსა, რომელსაც რძალსა და სახლს ზევით სამჯერ იქით-აქეთ გადისვრიან, რის შემდეგ ნაფიჩხ-ნაფიჩხად აქცევენ და ვისაც რა მოხვდება და შეუძლიან იტაცებს.

კარებთან ერთმანეთზე წვერებით მიბჯენილს ორს ხმალს ქვეშ გატარებით შეჰყავთ რძალი „დიდს სახლში“, მაგრამ სანამ ფეხს შედგამდეს, მოეგებებიან და თაფლს მოალოკებინებენ, ანუ შაქარს მოაკვნეტინებენ ამ სიტყვებით: „ასე გამჩენმა ღმერთმა ენა ტკბილი მოგცაო“. შინ შესულს ქალს ღომის მარცვლით სავსე ჯამს (ჯამში კვერცხი დევს) აძლევენ და სამჯერ კერას ირგვლივ შემოატარებენ და იგი პირ-ბადე აფარებული ჰყრის ირგვლივ მარცვალსა. შემდეგ დააჯდენენ და მუხლზედ პატარა ვაჟს შეუჯდენენ იმის ნიშნად, რომ პირველად ვაჟი შეგეძინოსო. შემდეგ რძალი შეჰყავთ დამზადებულს „ამჰარაში“ და ამ ღამით იქმნება ნამდვილი საქორწილო ლხინი, მეორე დღესა და შემდეგ შემოდიან ქმრის ნათესავნი, ნახულობენ ახალს რძალსა და გადააგდებენ ვისაც რა შეშვენის და შეუძლიან საქონლით, ანუ ფულით. რაკი მნახველი განაცხადებს, რომ ჰსურს ინახულოს ახალი რძალი და გადასაგდებსაც გამოიღებს, ნდადე პირ-ბადეს ახდის რძალსა. რძალი კი თვალები დახრილი უძრავად სდგას, მხოლოდ დროგამოშვებით წყნარადა და ნაზად გამოიხედება და სიტყვასაც არ იღებს, მხოლოდ რამდენისამე ხნის შემდეგ ჰოს და არას ნიშნად შასაფერად თავს აქნევს.

პირველს ხანობაში რძლის მაგიერობას საქმითა და სიტყვით ასრულებს იმისი ნდადე ქალი. რძალი „ამჰარაში“ რამდენიმე თთვე რჩება, შემდეგ „დიდს სახლში“ შეჰყავთ (აჟაჰარას სალოცავად). მერე-კი იმას აწვება ზრუნვა ოჯახზე. ის ყოველთვის სცდილობს დედამთილისა და მამამთილის სურვილისამებრ მოიქცეს. რძალი რამდენისამე თთვის შემდეგ დაიწყებს ლაპარაკს, რასაკვირველია, დიდის თხოვნის შემდეგ, ჯერ იმ ოჯახისა და სოფლის უმცროსებთან, შემდეგ უფროსებთანაც.

ყველაზე უფრო გვიან გამოელაპარაკება დედამთილ-მამამთილს. ახალ რძალთან, რომელსაც მთელი სოფელი „ჩვენს რძალს“ ეძახის, მოაქვს ყველას საკერავი უფრო იმისის ხელოვნების გამოსაცდელად. პატარძალი ყველას უკერავს, რასაკვირველია, უსასყიდლოდ, საზოგადოდ იგი დიდს ჯაფაშია, რადგან ყველაფერი უნდა გააკეთოს, ყველას პატივი და მორიდება უნდა იქონიოს, ყველას, თავისზე უმცროსებსაც, მოწიწებით უნდა მოეპყროს. ცოლ-ქმარნი ერთად აქაც ცოლის დედამთილ-მამამთილს რამდენსამე წელიწადს არ ეჩვენებიან. როდესაც ესენი სახლში არიან, ქმარმა რომ გარედგან შემოსვლა დააპიროს შემთხვევით, შიგნით მყოფი ცოლი კარში გარბის. შემდეგაც თავის დღეში ესენი ერთადერთს სუფრას ვერ მოუსხდებიან დედამთილ-მამამთილთან. ვერც შინაური და ვერც გარეული უფროსთან ცოლი ვერ იტყვის ქმარზე „ჩემი ქმარიაო“ და ვერც ქმარი ცოლზე „ჩემი ცოლიაო“.

რძალი იმ სკამზე, ანუ ტახტზედ, რომელზედაც ზის მისი დედამთილი-მამამთილი, არას გაჭირებაში არა ჯდება მთელს თავისს სიცოცხლეში. მე მინახავს მოხუცებული ქვრივი ბებერი დედაკაცი, რომელსაც უხსოვარის დროიდგან მკვდარი ჰყავს დედამთილ-მამამთილი. ეს ბებერი არასოდეს არა წვება იმ ლოგინზე (ფიცრებზედ), რომელზედაც ოდესღაც იმისი დედამთილ-მამამთილი წოლილა. კრძალვა და პატივისცემა უფროსებისადმი ისე ძლიერია, რომ ქალი არა დღეში არ იტყვის თავისის ქმრის სახელსა, იხსენიებს მხოლოდ ნაცვალ სახელით შენ, იგი. არ ამბობს დედამთილისა და მამამთილის სახელებს, პირველს ეძახის ქალბატონს და მეორეს ბატონს, არ ამბობს მაზლების სახელებს, ამათ, იმათის სახელების მაგივრად, თავისს საკუთარს სახელებს დაარქმევს. არ ამბობს თავის ქმრისა და საზოგადოდ მთელის ოჯახის გამზრდელთა სახელებს, იმ სოფლის ხნიერ კაცთა სახელებს, იმ ოჯახის გაზრდილისასაც; ამათაც საკუთარს სახელს დაარქმევს. ქმარი-კი მარტო ცოლის სახელს არ ამბობს, იმის მაგივრად, რომ საქმრო აწერილის წესით შემოვიდეს სიძედ საცოლის ოჯახობაში, შეიძლება სახლში დაჰპატიჟოს ამისი დედმამა, შემოიყვანოს შინ, ან თუ ესენი არა ჰყავს, სხვა ახლო საცოლოს ნათესავი და დასაჩუქრებული თავისის მხლებლებით გამოუშვას, შემდეგ კი იმას პირდაპირ მიჰყავს მზითვიანი ქალი. როდესაც სიდედ-სიმამრი, ახლო ცოლის ნათესავი პირველად ესტუმრება სიძეს, ამ უკანასკნელმა კიდევ უნდა აჩუქოს რამე შეძლებისამებრ. როდესაც ცოლ-ქმარნი პირველად მიდიან ერთად ცოლის ოჯახში, მაშინაც ძღვენი მიაქვსთ და თვითონაც რამე საჩუქარს ღებულობენ.

ქალისა და სიძის მაყრები ყოველთვის თამაშობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, თვით ლხინის დროსაც ღვინის სმაში, სიმღერა ცეკვაში. გარდა ამისა ახალგაზდა ყმაწვილნი იმ სოფლისა, საიდგანაც ქალი მიჰყავთ, უკან გაედევნებიან და სცდილობენ სიძის მაყრებს რამე წაართვან: მათრახი, ქუდი და სხ. და დაატოვებინონ, აგრეთვე თამაშობით. ამავე მაყრებს ქალის გაყვანის დროს ჯოხებს, ტალახს ესვრიან იმ სოფლის ახალგაზდანი. ამ გარემოებიდგან ვხედავთ, რომ მშვიდობიანის გათხოვების დროსაც ფორმალურად დარჩენილია მოტაცების წესი და ჩვეულება. აფხაზეთში ჩვენ ვხედავთ: 1) საცოლოს მოტაცებას, 2) მშვიდობიანად ცოლის მოყვანას ისეთის წესებით, რომელიც მოწმობს, რომ მოტაცება მშვიდობიანს ქორწინებაზე უძველესია და რომ ამათი შემაერთებელია იდუმალის ცოლის მოყვანისა, ანუ არა პირდაპირ მოტაცების ჩვეულება.
imageაფხაზთა რელიგიური რწმენანი

დღეს უმრავლესობა აფხაზთა ქრისტიანობას აღიარებს, უმცირესობა-კი მაჰმადიანობას მისდევს, მაგრამ როგორც ერთნი, ისე მეორენიც ნამდვილად კი ამ უკანასკნელ დრომდის წარმართნი უფრო არიან. აფხაზების წარმართულს სარწმუნოებაზე ეტყობა დიდი გავლენა და ზედ-მოქმედება ჰქონია მაჰმადიანობასა და უფრო ქრისტიანობას. ეს სამი სარწმუნოება ერთმანეთში არეულია, მაგრამ იმდენად კი ვერა, რომ იმათი განცალკევება, გამოყოფა და გამოცნობა ერთმანეთისაგან შესაძლოა არ იყოს. ბევრი წარმართული რწმენა დღესაც აქ-იქ წმინდადა და მტკიცედ არის დაცული. ორი უმთავრესი და უდიდებულესი მუხლი ყოველის ერის რელიგიისა იმაში მდგომარეობს, რომ სწამს უკვდავის სულის, როგორც ხორცისაგან განსხვავებულის არსების, ანუ ღუთის (ღმ-თთა) ყოფნა-არსებობა. ამ სახით ჩვენ ჯერ ვილაპარაკებთ ამ საგანზე. ჩვენ იმას ვერ გამოვეკიდებით ეხლა, თუ რა ფაქტები და მიზეზი აიძულებს აფხაზსა სწამდეს სულის არსებობა, ერთის სიტყვით, ჩვენ სახეში არა გვაქვს მოკლეთ მაინც შევეხოთ ეგრედ წოდებულ სულთა თეორიას (ანუ ანიმალიზმის თეორიას), რომლითაც უბრალოდ ხსნიან ბარბაროსების ყველა რელიგიურს რწმუნებას, მხოლოდ საზოგადოდ-კი ვიტყვით, რომ აფხაზების რწმენანი წარმოადგენენ ახალს ილუსტრაციას ამავე თეორიისას, ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს მკვდრის სულზე.

აფხაზს სწამს, რომ კაცის ცხოვრება მარტო სააქაოთი არა სრულდება, არამედ იგი გრძელდება საიქიოშიაც, „გაღმაც“. მე იმაზედაც არას ვიტყვი აქ, თუ როგორა აქვს წარმოდგენილი აფხაზს სამოთხე ანუ ჯოჯოხეთი, მე მინდა ვსთქვა მხოლოდ რა შეხედულობისაა აფხაზი მიცვალებულის სულზე. აფხაზის რწმენით ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც იმისი სული სცხოვრებს და უფრო ხშირად იქ, სადაც გვამია დამარხული, ე.ი. საფლავში და იმის მიდამოში, როდესაც აფხაზი წყალში ირჩობა, მარტო იმისის გვამის მოძებნა და დამარხვა არა კმარა, არამედ სულიც უნდა ამოიხმონ. ამიყვანონ წყლიდგან და ჩაუშვან იქ, სადაც გვამია დასაფლავებული. ამას აფხაზები ამ სახით ასრულებენ: წყლის ორივე ნაპირზე იმ ალაგას, საიდამაც ამოიღეს გვამი, იკრიბებიან მრავალნი ქალნი და კაცნი. წყალზე დაიჭერენ ერთის ნაპირიდან — მეორემდის გაწვდენილს აბრეშუმის ძაფსა ანუ სირმას, რომელზედაც ჩამოჰკიდებენ თავ-მოხსნილს გუდას ისე, რომ წყლის ზედაპირს ოდნავ ეხებოდეს. ამასობაში ქალები ამ შემთხვევის ჰანგს ჩანგურზე დაუკვრენ და დამღერენ. კაცებიც ქალებთან ერთად მღერიან. ჩანგურის ხმასა და მღერაში მიცვალებულის სული, აფხაზის აზრით, ამოდის წყლიდგან და შედის გუდაში, რომელსაც უცბად თავს მიუკრავენ. აქედამ ეს „სულით“ გაბერილი გუდა იმავე მხიარულებით მიაქვთ, საფლავზე იმას თავს მოხსნიან და სულის საფლავში ჩაუშვებენ.

მკვდრის საფლავზე, რომელსაც აფხაზები შემოზღუდვენ ღობით, ხშირად მშვენიერს ხის შენობას დააკეთებენ ყავრით დახურულს, თუმცა კი თითონ ფაცხაში ცხოვრებენ. უფრო ახალ მიცვალებულის საფლავზე მოგზაური ჰხედავს სხვადასხვა ხილეულობას: ვაშლს, მსხალს, ატამს, ბიას, ყურძენს და სხ.; კიტრებსა, ნესვის და საზამთროს ნაჭრებსა და სხ. და სხ. ამ ჩვეულებიდგან სჩანს აფხაზი მკვდარს ცოცხალის მსგავსად უყურებს, მაგალითად, რომ მკვდრის სული ცოცხალსავით ცოტაოდენს საჭმელ-სასმელს საჭიროებს. ხილეულობას და სხ. სამარეზე სდებენ, რომ გამვლელმა სჭამოს, სული დაულოცოს და ამით მადლი შესძინოსო მკვდარსა, საფლავზე დაწყობილს ხილსა და საჭმელს აფხაზები საზოგადოდ არა ჭამენ, იმიტომ-კი არა, რომ კაცს ავნებდეს, არამედ იმიტომ რომ უმთავრესი გემო და სიტკბო ასეთის ხილისა ანუ საჭმლისა გამოწუწნულია მკვდრის სულისაგან, ერთის სიტყვით, საჭმელს გემო აღარა აქვს. ქვემოდ მოყვანილ ჩვეულებიდგან უფრო ნათლად ჩანს აფხაზების წარმოდგენა ამ საგანზე.

აფხაზები სიკვდილის დღიდამ თითქმის მთელის წლის განმავლობაში მიცვალებულის ჯერს დებენ ცალკე ტაბლად ყოველ სადილობა–ვახშმობის დროზე (მაჰმად. ჩვეულება). გარდა აღაპისა და „შაბათის რიგისა“, აფხაზი ყოველ წლობით ამზადებს ტაბლას თავის მიცვალებულთა მოსახსენებლად: ხორციელს შაბათს ძველ მიცვალებულთათვის, ამის წინა შაბათს ახლებისათვის, სატაბლო საკლავის დაკვლის დროს სახლის უფროსი, მოაბრუნებს რა მარჯვნივ, ამბობს: „თუ საიქიობა (გაღმობა) არის, ეძლევა სულსა შენსა“. როდესაც ყველაფერი მზადაა და სუფრაზე დალაგებული, იგი უფროსი მოუდგება სუფრასა და მიმართავს თხოვნით მკვდრებს: „მკვდრებო! თქვენის სულის მადლი მოგვანიჭე; სიკვდილით ზიანს ნუ დაგვმართავ; ჩვენ გვიმატეთ, ჩვენს საქონელს უმატეთ, თქვენს შემწეობასა და მფარველობას ნუ მოგვაკლებთ“ და სხვ. ხის შამფურს ჯვარის სახედ გადუსვამს დაწყობილს საჭმლებს და ამბობს: ყოველივე ეს, ცეცხლისა და წყლის მეოხებით გაკეთებული, თუ საიქიობა არის, ეძლევა თქვენს სულებს.

ამის შემდეგ ამ ბოლო წინადადების თქმით ჭიქით ღვინოსაცა სვამს. აიღებს კიდევ ღომის ნატეხს, გულ-ღვიძლიდან და სხვა ასოებიდგან მთლილს პაწაწინა ხორცის ნაჭრებს შიგ ჩააწებებს, ცოტა ღვინოსაც ჩააწვეთებს და შემდეგ კარში გადააგდებს ამ სიტყვებით: „ეს კი თქვენა გქონდესთ მხლებელნო, მომყოლნო სულნო“. აქედან ჩვენ ვხედავთ, რომ მკვდრის სულის ცხონებასა და შენდობას ბევრს არ დაეძებს აფხაზი. არამედ, პირიქით, იმათ მიმართავენ თხოვნითა. აფხაზების წარმოდგენით აღნიშნულ დღეებში სხვათა შორის მკვდრები მოდიან ცოცხალ მონათესავეებისას და იქ იმყოფებიან უხილავად. ასე გასინჯეთ, როგორც ზემოდ მოყვანილის სიტყვებიდგან სჩანს, მათ შესძლებიათ იახლონ, ან მოიყვანონ გარეშე მკვდრებიც. თუ მასპინძლები შესაფერად და ხვდებიან, ე.ი. თუ კარგს ტაბლას დაახვედრებენ, მაშინ კმაყოფილნი დარჩებიან და მართლაც შემწენი იქმნებიან ცოცხალთათვის, თუ არა-და, მეტად მავნებელნი დამაზარალებელნი.

პირველ შემთხვევაში სულთა თავის ტოლებთან დაბრუნებისას შეუძლიანთ დაიკვეხონ ასეთის პატივისცემით, მეორე შემთხვევაში-კი, ე.ი. თუ სულებმა შესაფერი პატივის ცემა ვერ მიიღეს, გულ-მოსულნი და გამწყრალნი ბრუნდებიან და თავიანთს ტოლს მკვდრებს, როცა იგინი იკითხვენ, როგორ მიგიღეს მონათესავეებმაო, იშოვნეთ რამე თუ არაო, უპასუხებენ: „რას ვიშოვნიდით, როცა ისინიც ჩვენსავით მკვდრები ყოფილანო“. ასეთის ფიცხელის განჩინების შემდეგ ის ოჯახი სიკეთეს არ უნდა მოელოდეს: იქ, აფხაზის რწმენით, ამოიხოცება რამდენიმე კაცი. მაშასადამე, სიბრალული-კი არა, უფრო შიში აიძულებს აფხაზს მკვდრებს ვალი უხადოს ყოველ წლობით.

საზოგადოდ, როცა მოისურვებს მკვდრის სული ამოდის საფლავიდამ და დაიარება აქეთ-იქით. ხშირად სული მოდის მონათესავეების სახლის მახლობლივ და იწყებს სტვენას. ამ დროს ღვინოს გადუსხმენ ანუ რამეს გადუგდებენ, რათა მოიშორონ და მოიმადლიერონ. მკვდართა სულნი უფრო ღამით დაიარებიან და უსტვენენ. ამ დროს იგინი ხშირად სასაფლაოს გვერდზე გამვლელს გამოეკიდებიან სტვენით. ასეთ რწმენა–შეხედულობათა დასასურათებლად ვილაპარაკოთ ცოტას ხანს თვით აფხაზების პირით. აი რას მოგვითხრობენ იგინი:

1) ნართ სესრყვა მეტად გამოჩენილი ვაჟკაცი იყო. ერთს ბრძოლასა და თავსდასხმაში იმან დაჰკარგა ასი თავისი მოძმენი ნართელები (ნართაა). ნართ სესრყვა ადგა, აუარებელი საკლავი, ხარი და ვერძი დაჰხოცა, შესაფერი სასმელსაჭმელი გააკეთა და ას კაცთა ერთად დახოცილთათვის მშვენიერი აღაპი (აფსხუ) გარდაიხადა. შემდეგ ერთს ბრძოლაში თვითონაც მოჰკლეს. სად, ანუ როგორ, არავინ არ იცოდა, ერთმა იმისმა მეგობართაგანმა სთქვა, რომ ნართ სესრყვას საფლავი უნდა მოვძებნო და დავიტირო. შემდეგ მრავალის ძებნისა და წვალებისა მართლაც მიაგნო. იტირა, ივალალა. ღამემ მოასწრო, სოფელი ახლო არსად იყო, საფლავის მახლობლად მუხის ძირზე ღამის გასათიებლად მიიძინა. ცხენიც იქვე მიაბა. ნახა სიზმარი. ასნი ერთად მოკლულნი „გაღმა“ მშვენიერს მდგომარეობაში არიან. არა თუ თვითონ, სტუმართაც მშვენიერის სასმელ-საჭმლით უმასპინძლდებიან, ცხენებსაც შესაფერად ინახავენ. ნართ სესრყვა და იმისი ცხენი მშიერი დაიარებოდა და სტუმრის მიღებას საიდანღა შესძლებდა: თვითოეული იმ ასი ნართელთაგანი თითო ლუკმა ღომსა და თითო ნაჭერს ხორცს აწვდიდნენ და გულმა ვეღარ მოუთმინა და ჰკითხა: „სესრყვა! სააქაოში შენზე უკეთესი არავინ იყო და საიქიოში რა დაგემართა, რომ ერთის სტუმრის შენახვა ვერ შეგძლებიაო?“ ნართს სესრყვამ უპასუხა: „სტუმარი რიღათი შევინახო, როდესაც მე თვითონ ყოველისფერს სხვისაგან ვნათხოვრობო“. როცა გამოეღვიძა მძინარეს, მიხვდა საქმე რაში იყო. იმდენი ეცადა, ჩინებული აღაპი გადუხადა... ამის შემდეგ კვლავ ნახა სიზმარი. ეხლა-კი ნართ სესრყვა, როგორც ეკადრებოდა, მშვენიერს მდგომარეობაში იყო. თავადაც და სტუმრებსაც კარგად უმასპინძლდებოდა. აი რა დიდი მნიშვნელობა აქვს აღაპსა „აფს-ხუს“.

2) ორი კაცი მიდიოდა გზასა. ერთს მიჰქონდა გუდაში ჩადობილი მეტად მსუქანი გატყავებული ვაცი (ალბად ნაქურდალი იქმნებოდა!). საღამო ჟამს აედევნა ვიღაც კაცი სტვენით, არას გზით აღარ შორდებოდა. ამ დროს ტვირთოსანი მიუბრუნდება და ეუბნება: დაიკარგე ჩემგან, რა გინდაო, და არხეინად განაგრძობს გზასა, მაგრამ სული მაინც არა შორდება. მაშინ თანამგზავრი ეუბნება თავისს ამხანაგს, მოუჭერი ცოტა ხორცი, გადუგდე და მოგშორდებაო, თუმცა პირველად არ უჯერებს, მაგრამ ბოლოს მაინც იძულებული ხდება ამხანაგის რჩევა მიიღოს და, რა წამს ხორცის ნაჭერი გადუგდო, სტვენაც მაშინათვე შესწყდა.

3) ერთი კაცი, როგორც უფროსი ძმა, ყოველ წლობით ზევით აღნიშნულ დროს ძველის მიცვალებულების სულთათვის ტაბლას აკეთებდა, ერთს წელიწადს გაიფიქრა: ყოველ წლობით მე ვკლავ საკლავსა, ძმები-კი შემწეობას არ მაძლევენო; წლეულს არც საკლავს დავკლავ, არცა რას დავხარჯავო. მოვიდა დრო ტაბლისა და ამ კაცმა მართლაც თავი მიანება, თუმცა ცოლი-კი ეხვეწებოდა: ნუ ვიზამთ მაგას, თორემ მიცვალებულთა სულნი სიკეთეს არ დაგვაყრიანო, და ამასობაში მართლაც დახე მიცვალებულთა სულთა ძლიერებას! შინიდან გამოვარდნილის ძაღლით უეცრად შეშინებული მოზვერი დაეცა და მარჯვენა თეძო მოიმტვრია. მაშინ-კი აშკარად დაინახეს, რა ძნელი რამ ყოფილა მკვდრის სულის რიგის აუსრულებლობა.

4) სოფ. მოქვის მიცვალებულნი დასაფლავებულნი არიან ზემოთ, ხოლო მორკვულისა ქვემოთ. მოქუელები ყოველ წლობით რიგს უსრულებდნენ თავიანთს მკვდრებს, მორკულელები კი არა, ამიტომ დაცინვით მოქვის მკვდრები ჩამოსძახებდნენ მორკულას მკვდრებსა: „ვერარის მშოვნელნოვ!“ „როდესაც თვითონ იშოვნიან (ვითომ ჩვენი ნათესავნიო) ჩვენც მოგვცემენო“, უპასუხებდნენ, მეორენი. ეგ მიცვალებულნი იკრიბებოდნენ ერთად ღამით და დროს ატარებდნენ სიმღერითა და ცეკვით. დილით არა ერთსა და ორს უნახავს ნათლად ირგვლივ იმათის პაწაწინა ფეხებით ცეკვის დროს დაჟეჟილი ბალახი!

მკვდრის სული აფხაზის წარმოდგენით ქონდრის კაცებს მოაგონებს ადამიანს. მაგრამ არა თუ მხოლოდ მკვდართა სულნი, სულნი ცოცხალთანიც შემძლებელნი არიან ხანდისხან იარონ იქით აქეთ და ვნებაც მიაყენონ ვისმე, ანუ რასმე, თუ ყველა კაცთა სულნი ვერა, ზოგისა მაინც ხომ ასეთნი არინ. ჩვენ ვამბობთ მზაკვრებსა და კუდიანებზე, რომელთაც წყალი არ ჩაძირავს და შეუძლიანთ ძუძუებიდამ რძე გამოაწოვონ ადამიანს და უფრო პატარებს შიგნიდამ გულ-ღვიძლი ამოაცალონ და სხ. ამათა ჰყავსთ უფროსი როსკიპი, რომელიც სცხოვრებს ზემოდ სადღაც ტაბაკონას მთაზე. ყველა მზაკვრები ერთგულებისა და ძლიერებისადა გვარად დაყოფილნი არიან ხარისხებად. უმცროსნი შეჯდებიან თაგვზე, ბაყაყზე, კატაზე; უფროსნი კი მელაზე, მგელზე და სხ. ყველა მზაკვრები მოვალენი არიან ყოველ მარიამობის წინა ღამეს თავი მოიყარონ ზემო ხსენებულს ტაბაკონას მთაზე როსკიპის წინაშე და წარუდგინოს თვითოეულმა მთელის წლის თავისის მოქმედების ანგარიში. აქვე უნდა წარმოუდგინონ როსკიპსა ადამიანთა ანუ საქონლის გული, ღვიძლი, თვალები, ფრჩხილი, თმა და სხ. რადგან მზაკვრები, როგორცა ვხედავთ, ხელცარიელნი ვერ გამოჩნდებიან როსკიპის წინაშე, იგინი მთელს მარიამობის მარხვაში და მარიამობის წინა დღეებში განსაკუთრებით ასე გახელებულნი დაიარებიან კაცთა სავნებელად და საზარალოდ. მაგრამ არა მზაკვარმა აფხაზმაც ეს კარგად იცის და სცდილობს სხვა და სხვა საშუალებით (ჯვარის გამართვა, თმაში სანთლის მიწებება) თავი დაიცვას იმათის ვნებისაგან, ხოლო მარიამობის წინა ღამეს თოფის სროლასა, სიმღერასა და გართობაში მღვიძარეთ ათევს ღამეს. თუმცა მზაკვარი (კუდიანი) მარიამობის წინა ღამით აქეთ-იქით დადის, ანუ ტაბაკონას მთაზე იმყოფება, მაგრამ გამოცდილებიდგან ჩანს, რომ იგი ამავე დროს თავისს სახლშიაც ან კიდევ სხვაგანაც იმყოფება; ერთი და იგივე მზაკვარი ერთსა და იმავე დროს ცხადად უნახავთ ვითომ მგელზე მჯდომარე, მაგრამ ამავე დროს იგი ყოფილა თავის ტოლ-უბრალო ადამიანთა შორისაც. ამიტომ აფხაზი ჰფიქრობს, რომ მზაკვარი ერთიანად კი არ დაიარება, არამედ დადის სამზაკვროდ იმისი სული, ანუ უფრო სწორედ რომ ვსთქვათ, იმისი მეტსული (აფს ჭდა). ამ ალაგს აფხაზები უწოდებენ მკვდრების საცეკვავ ალაგს (აფსცა რ კვა შართა).imageაფხაზებს აქვთ ქრისტიანობისაგან მიღებული და შეთვისებული წარმოდგენა ძლიერ ბუნდად და ბნელად გამოხატული. თუ ჩვენ ხშირად გვესმის სიტყვა ღმერთი (ანცა), ეს უფრო ენის, სიტყვის გასამშვენიერებლად და შესამკობლად იხმარება, ვიდრე საგნად რელიგიურის რწმენისა და თაყვანებისა. წარმართული სარწმუნოება კი აფხაზებისა არის მრავალღმერთოვანი (პოლითეისთური) და როგორც მოსალოდნელი იყო, გაპიროვანება და გაღმერთება ბუნების მოვლენათა და ადამიანის მოქმედებათა იმის უმთავრესს თვისებას შეადგენს.

ლაჟვარდოვანი ცა, რომელიც დღედაღამ განუწყვეტლივ დედამიწას დასცქერის, ხან მრისხანედ მოქრუხული, ხან-კი მოჭედილი ურიცხვის მოკამკამე ვარსკვლავებით, ანუ დამშვენიერებული ქვეყნის მანათობელის მზითა; თვით ქვეყანა, ეს „დედამიწა“, ეს მართლაც დედა და წყარო ყოველის სიკეთისა და უხვებისა ადამიანისათვის; თვით მზე, ეს „თვალი ცისა“, მათბობელი და მანათობელი ქვეყნისა; „ღამის გუშაგი“ — ბადრი მთოვარე, ნელა მცურავი ცის კამარაზე, უკუმრელი და გამფანტავი ღამის წყვდიადისა; შიშის ზარ-დამცემი მრისხანე გრიალი მეხისა; ქარი, ხან საამოდ მშვიდი და წყნარი, ხან კი მუქარით მხეცივით ღრიალა; ცისარტყელა ეს ფერადი ზოლი, რომელიც ასე ლამაზად ზეცას
გაეკვრის, თითქოს მართლაც ცის სარტყელი არისო; ხე, ტყე, მინდორი და სხვადასხვა ყველა გაპიროვანებული ჰყავდა აფხაზსა და მიაჩნდა ღმერთებად. ზოგი იმ სარგებლობისა გამო და ზოგიც იმ ვნებისათვის, რომელთაც ისინი ანიჭებდნენ და მოუვლენდნენ ადამიანს, ერთის სიტყვით, ერთნი შიშისა და კრძალვის მიზეზით არიან პატივსაცემნი, მეორენი ნიშნად მადლობისა.

ცოტაოდენის განსხვავებით ცალკე დგანან მეორე გვარის ღმერთები: ადამიანის სხვადასხვა მოქმედებათა, წარმოებათა და ხელოსნობათა გაპიროვანებანი და, მაშასადამე, ამათი ზედამხედველნი, ამათი ღმერთნი. ის ამ მხრივ, რადგან თამამად შესაძლოა ითქვას, რომ აფხაზები აქნობამდისინაც კი იმყოფებოდნენ მწყემსობრულს ხანაში, იმათს მითოლოგიაში პირველი ალაგი უჭირავს საქონლის ზედამხედველსა აითარ-ს (აითარ ლაბა - აითარის ჯოხი, მწყემსის ჯოხი), მაგრამ მიწის მუშაობაც არის გაღმერთებული და ამ ჭირნახულის გაპიროვანებას ჰქვიან, როგორც ქვემოთ დავინახავთ, ანაფანაგა; ფუთკრისას ანანა გუნდა; მჭედლობისას შაშა სხვ. და ყველა ესე გვარი რწმენანი და შეხედულებანი აფხაზებისა დარჩენილია და სჩანს უფრო იმ რელიგიურ წესებისა და ცერემონიებისაგან, რომლებსაც ბევრნი დღესაც აღასრულებენ და რომელთაც ჩვენ სალოცავებს ვუწოდებთ. სალოცავთა აწერილობას ჩვენ შემდეგ შევუდგებით და ეხლა კი ერთს წუთს კიდევ დავუბრუნდებით „ღმერთის“ აფხაზურს სახელწოდებას.

ღმერთი აფხაზურად, როგორცა ვთქვით, არის ანცა. ეს სიტყვა, ჩვენის აზრით, არის მრავლობითი რიცხვი სიტყვისა ან - დედა (ნან-ა). ფორმალურად (გრამატიკურად) აქ არა ვითარი შეცდომა არ არის: მხოლოდ სიტყვა ან (დედა) მრავლობითს რიცხვში ანცა და ღმერთიც ანცა, ე.ი. გარჩევა ხმის აწყვაშია (კვეთება), რომელიც პირველს სიტყვაში (დედები) ხვდება ბოლოდგან მეორე ა-ზე, მეორე სიტყვაში-ი (ღმერთ-ში) ბოლოდგან პირველს ა-ზე. მაგრამ არც ამაშია მაინცა და მაინც დიდი განსხვავება ამ ორ სიტყვათა შორის, რადგან სიტყვა ანცა – ღმერთი გამოითქმის ლაპარაკში იმავე ხმის აწევით, როგორც სიტყვა დედები. მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე საფუძველი ჩვენის მოსაზრების დასამტკიცებლად. სხვა და სხვა სალოცავთა შესწავლისა და შეკრების დროს ჩვენ წავაწყდით შემდეგს ფრაზას: „ანცა რ მზზ“— ღვთის ბრალი მიზეზი. მსხვილად დაწერილი რ, რაც უნდა იყოს იგი, მხოლოდ მრავლობითის რიცხვის მესამე პირის პიროვანთა ნაცვალ სახელთ დაერთვის, ანუ მრავლობითისავე რიცხვის სახელთა არსებითთა, მესამე პირის ფორმით ხმარებულთა, და სახელნი არსებითნი ხომ ამ სახით იხმარებიან უფრო ხშირად ენაში. მაშასადამე, რა რიცხვში ეთანხმება დამოკიდებულებას სიტყვებთან, რომლებიც აღნიშნავენ სახელებს ანუ ნივთებს, რომელთამე ნივთა მქონეთა, ხოლო, რა თქმა უნდა, ქონებული ანუ კუთვნილი ნივთი, ანუ პირი შესაძლოა ერთიც იყოს, რასაც შენიშვნის მაგალითები წარმოადგენენ.

სიტყვა ანცა მრავლობითის რიცხვისა რომ არა ყოფილიყო, არავითარს შემთხვევაში შესაძლებელი არ იქმნებოდა მოხსენებულის აფხაზურის ენის კანონის ძალით ზემორე მოყვანილი კონსტრუქცია: „ანცა რ მზზ“, ე.ი. მრავლობითის რიცხვის მაჩვენებელი მხოლოობითისთვის ხმარებული. ერთად-ერთის სიტყვის შემობრუნება, რომელიც შესაძლოა იმაში მდგომარეობდეს, რომ სიტყვა ანცა იქმნება, როგორც მხოლოობითს, ისე მრავლობითშიაც, ერთ გვარად იხმარებოდეს, ე.ი.იქნება იგი არ იბრუნებოდეს, მაგრამ ამგვარ გამოკამათებას არც ლოგიკური და არც გრამატიკული ფასი და საფუძველი არ უძევს. სიტყვა ღმერთი, როდესაც იგი აღნიშნავს საზოგადოდ ცნებას ღმერთზე, ყველა ენაზე იბრუნება ორისავე რიცხვით, თუკი ენის კანონით შესაძლოა იმისი ბრუნვა, აფხაზურ სიტყვას ან-ცა-ს არა ვითარი დამაბრკოლებელი მიზეზი არ მიუძღვის ამ მხრივ.

ამ გვარად სიტყვა ან-ცა დგას მრავლობითს რიცხვში და, რომ მრავლობითის რიცხვის დაბოლოება მოვაშოროთ, დარჩება ან - დედა, ერთის სიტყვით, თანამედროვე სიტყვა ან-ცა (ღმერთი წარმოსდგა სიტყვისაგან, რომელიც ნიშნავს დედას, და, მაშასადამე, ზემოთ მოყვანილი ფრაზა: „ანცა რ მზზ“, უფრო სწორე იქმნება გადაეთარგმნოთ: დედათა (ღმერთთა) მიზეზი. ამ სალინგვისტიკო მოსაზრებაზე, რაიცა ჩვენ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია, ბევრს არაფერს არ ვამყარებთ აფხაზების პირვანდელის რელიგიის გამოკვლევის საქმეში. ჩვენთვის ამ დროებით ისიც საკმაოა, რომ სიტყვით ანცა სულ სხვა იგულისხმებოდა უწინ, ვიდრე ეხლა, და რომ ენამაც დაამტკიცა ისტორიულნი ცნობანი იმის შესახებ, რომ აფხაზების რელიგია უძველესის დროიდამ იყო პოლიტეისთური. ხოლო წარმართულ ღმერთებს „დედა, დედანი“ დაერქმოდათ როგორც მშობლებს, წყაროს, მიზეზს ადამიანისათვის მავნესა ანუ მარგებელის საქმისა და მოვლენისას. ამ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება ისიც, რომ უწინ მითოლოგიაში მდედრობითის სქესის ღმერთებს ეჭირათ უპირველესი ალაგი.

როგორც ქვემოთ ვნახავთ ამას, ბევრნი მოვლენანი ბუნებისა გაპიროვანებულნი არიან მდედრობითის სქესის ღმერთებად. წყლის ზედამხედველი — ღმერთი, „წყლის დედა“ ქალია; მიწაც — „დედამიწაც“ მდედრობითის სქესისად არის გაპიროვნებული, ამას გვიმოწმებს იმისი სახელწოდება, რასაც ქვემოდ დავინახავთ, — ეს მით უფრო, რომ თითქმის ყველა ერს ამ სქესისად ჰქონდა წარმოდგენილი დედამიწა; აგრეთვე არის „ქარი ქალბატონი“, კიდევ არინ ჟაბრან, ჯაბან — ძროხათა წინაპარი (მდედ.), თხათა წინაპარი (მდედ.); არის ყანის მავნე ღმერთი ჯაჯა და სხვა და სხვ. მაჰმადიანობისა და უფრო ქრისტიანობის შეხებისათანავე ძველად ძველნი რელიგიურნი რწმენანი და წარმოდგენანი, ცხადია, თანდათან ეცვლებოდათ აფხაზებსა და ვრცელდებოდა იმათში აზრი ერთ არსებითს ღმერთზე, ცისა და ქვეყნის შემოქმედზე. ამისდაგვარად თვით სიტყვა ანცაც ნელ-ნელა ცვლილებაში შედიოდა, თუ მორფოლოგიურად არა, ლოგიკურად მაინც. ბოლოს, როდესაც პირვანდელნი რწმენანი გაძევებულნი იქმნენ, თუ სრულიად ვერა, უმრავლესობის გონებიდგან მაინც, და როდესაც ერთ-ღმერთობის იდეამ გაიმარჯვა, მაშინ სიტყვა ანცამ სრულიად დაჰკარგა თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და გახდა ამ უკანასკნელის აზრის გამომხატველი. ხოლო თავის უწინდელის მნიშვნელობითა და მრავლობითის რიცხვის ფორმით იგი დარჩა ძველს რელიგიურს ცერემონიათა ენაში, რომელიც გარემოებათა და ჟამთა ძლიერებით ნაკლებად იცვლება და იბღალვის, სიტყვა ღმერთი თავისის ეხლანდელის ფორმითა და შინაარსით კვლავ ღებულობს მრავლობითს რიცხვსა.

საყურადღებოა აგრეთვე: „აშაცა ჩაფაცა“ გამჩენნი გამომსახველნი (გამომჭედელნი), სიტყვანი აგრეთვე მრავლობითის რიცხვისანი, რადგან ეს „გამჩენი გამომსახავი“ ერთი არ არის, არამედ ორი, ანუ მრავალი, ქრისტიანულის სწავლით ესენი ანგელოზებად არიან გადაქცეულნი. ამ „გამჩენგამომსახავთა“ მიერ იბადება ყოველი „ახალი სული“. დაბადებისათანავე ისინი უწერენ ახალდაბადებულს იმის თავგადასავალს, ბედ-იღბალს, სიცოცხლისა და სიკვდილის დროს და ვითარებას, ერთის სიტყვით, ისინი აძლევენ ყოველსა სულს შუბლის წერას (ლახინწრა), ბედის საწერელს. აფხაზი დარწმუნებულია, რომ ადამიანის შუბლზე სწერია იმისის ბედის საწერელი და ეს ყველას შეუძლიან ნახოს თვალითაც. გამჩენ-გამომსახავთა გადაწყვეტილება და განჩინება აუცილებელია, ჩვენ შენიშვნაში მოგვყავს ერთი ამბავი აფხაზებისა ამის დასასურათებლადვე.

არანაკლებ საინტერესოა აგრეთვე ეშმაკის სახელი აფხაზურად — ავზთაა, რომელიც, მგონი, ჰნიშნავს ღვინოს მომყვანსა. ლექსიკოლოგია - ამ სიტყვისა, როცა კარგად გამოირკვევა, საკმაოდ დაგვანახვებს აფხაზთა ძველს შეხედულობასა და წარმოდგენას ეშმაკზე. იგი არის შემოკლებული ფორმა მრავლობითის რიცხვის მესამე პირის კუთვნილობითის ნაცვალ სახელისა, რ ტ (რა არის, საიდგან და როგორ წარმოსდგა ეს, ამაზე ეხლა სიტყვას ვეღარ გავაგრძელებთ). აი მაგალითები: ურთ რ შყ — მათ მათი (თავისი) წიგნი — მათი წიგნი; აწლაქვა რ მო ხურუქვა — ხეები მათი (თავიანთი) ტოტები — ხეთა ტოტები; ურთ რ ბჟ — იმათ; მათი — (თავიანთი) ხმა — იმათი ხმა; აძბაცა რ ხ შვ — მსაჯულთა ჭკუა; ათფჰაცა რ კასქვა — ქალების თავსახურავები; ახიშცა რ შაქი — მწყემსთა თოფი.
მრავლ რიც. დაბოლოება აფხაზურ ენაზე არის; ცა, ანუ ქვა. სხვათა შორის, როცა სიტყვა მხოლოობითს რიცხვში ბოლოვდება იმავე ცათი, მაშინ იგი იღებს მრავლობითში. მეორე დაბოლოვებას (ქვა). აცა — ტყავი; აცაქვა — ტყავები ანცა — ღმერთი; ანცაქვა — ღმერთები. ცნობილია, რომ როგორც ძველს რელიგიურს წესებსა და ცერემონიებში დარჩენილია ხშირად ხალხის უუძველესნი გარემოებანი ცხოვრებისა (ინდოეთის ბრამინები დღესაც მწვეტ-წვერიანის ჯოხის ტრიალით ხვრეტენ მეორე ხის ნაჭერს და ამ სახით აჩენენ თავიანთ რელ. ცერემონიათათვის „წმინდა“ ცეცხლსა, ერთი უძველესი სახსართაგანი ცეცხლის გასაჩენად), ისე ძველს რელიგიურს ენაში დაცულია უუძველესი ფორმანი სიტყვისა და ენისანი.

ორი კაცი გავიდა საქურდლად ღამით. ამ დროს ძლიერმა წვიმამ მოასწრო და წვიმისაგან ერთის სახლის დერეფანს შეეფარნენ. შეიხიზნენ თუ არა ფაცხაში, დაინახეს, რომ მრავალი დედაკაცი შეგროვილიყო შიგ, რადგან იქ იწვა მშობიარე დედაკაცი. ცოტას ხნის შემდეგ დაიბადა ქალიშვილი. მყისვე ჩამოვიდნენ დამბადებლები-გამომსახავები. ერთმა ჩამოსულთაგანმა სხვათა შორის სთქვა: „ახლად დაბადებული იმ ერთს ქურდს ერგოს ცოლად, რომელიც გარედგან შემოიხედავსო. ეს იყოს იმისი ბედის წერაო“. კვერი დაჰკრა მეორემაც. ამისმა მომსმენმა ქურდმა, რომელსაც ნახევარი გზა ცხოვრებისა გავლილი ჰქონდა, სთქვა: მე აგერ მოვხუცდი და ეს კი ეხლა დაიბადაო; ღმერთმა ამაშოროს მაგისი ცოლად შერთვაო, და გაიფიქრა ჩვილის მოკვლა. შინ სახლში ქურდულად შევიდა - დიდის ხნის ღამის თევის შემდეგ ყველას აქა იქ მიეძინა, - აიყვანა ჩვილი და კარში გავიდა. დანით მუცელი გაუპო, ეგონა. მაშინვე მოკვდებოდა, და ზევით ბანზე შეაგდო ძაღლი არ შესჭამსო. შემდეგ ქურდებმა გასწიეს თავისის გზისაკენ. ბალღის ტირილი ერთს დედაკაცს მოესმა: ჩამოიყვანეს, ჭრილობა აბრეშუმის ძაფით გაუკერეს და მოარჩინეს. იმ ქურდმა, რომელსაც დიდის ხნიდგან ცოლის შერთვა განზრახული ჰქონდა, ვერც ერთს ქალზედ ვერ მოახერხა დაქორწილება, ამასობაში იგი ქალიც გაიზარდა, გასათხოვარი გახდა და შეხვდა იმ კაცს. ცოლ-ქმრობით ცხოვრების დროს წარსულის მოგონებაში ყოველივე ეს გარემოებაც გამოაშკარავდა, აი ასე აუცილებელია და გარდუვალი გამჩენ გამომსახავთა გადაწყვეტილება და იმათგან დასკვნილი ბედის საწერელი. ავზთაა - ეშმაკი რთული სიტყვაა: პირველი შემადგენელი სიტყვად ჩვენ მიგვაჩნია ავ - ღვინო; მეორე წარმოსდგება ზმნისაგან ააარა - მოკრება (ყურძენზე და არა ღვინოზე), ძღვნა, თუ პირვ. ნახევარს ეშმაკის სახელის წოდებისას ვაწარმოებთ სიტყვისაგან აოვ - კაცი, მაშინ მთელი სიტყვა ავზთა იქნება დაახლოვებით შემდეგს შინაარსს შეიცავდეს: კაცი, ვისაც უძღვნეს.

წყაროები:
ივერია, N165, 1888 წელი,
ივერია, N167, 1888 წელი,
ივერია, N169, 1888 წელი,
ივერია, N173, 1888 წელი,
ივერია, N175, 1888 წელი,
ივერია, N179, 1888 წელი,
ივერია, N180, 1888 წელი.

1
107
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
107
  
19 ივნისი, 20:00
ოჩამჩირლები ქრისტიანები არიან, გუფაუთელები ან მუსლიმია ან სულაც წარმართი.
სერიოზულად გიმუშავია, ციკნის მოპარვა ახლაც იციან.
0 1 1