სხვა საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-7 30 მაისი, 12:05 1. 2024 წელს ასტრონომებმა დაადგინეს ერთ-ერთი შავი ხვრელის, მზის სისტემიდან 1 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ობიექტის ბრუნვის სიჩქარე მის აკრეციულ დისკოზე დაკვირვებაზე დაყრდნობით. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული შავი ხვრელის ბრუნვის სიჩქარე სინათლის სიჩქარის 25%-ზე ნაკლებია. ამავე მეთოდით სხვა შავი ხვრელების შესწავლა და მათ ევოლუციაზე მეტის გაგებაა შესაძლებელი. იხ. წყარო. 2. 2024 წელს ნილს ბორის ინსტიტუტის ასტრონომებმა ჩვენი დაკვირვებადი სამყაროს 3 უძველესი გალაქტიკის ფორმირება დააფიქსირეს. ეს პროცესი 13, 4 და 13, 3 მილიარდი წლის წინ ხდებოდა. ეს გალაქტიკების წარმოქმნის პირველი პირდაპირი გამოსახულებებია ისტორიაში. აქამდე ასეთ შორეულ წარსულში გალაქტიკების ფორმირება არასდროს იყო დაფიქსირებული. იხ. წყარო. 3. ზოგიერთი შავი ხვრელი პლაზმის ნაკადებს სხვადასხვა მიმართულებით ტყორცნის კოსმოსში. მსგავსი ნაკადები ნეგატიურად აისახება ახლომდებარე გარემოში ვარსკვლავთა წარმოქმნაზე. ამ პროცესს ხელს უშლის ხოლმე. ცხადია, პლაზმა პირდაპირ შავი ხვრელების წიაღიდან არ გამოიყოფა, ვინაიდან მათ გრავიტაციას თავს ვერაფერი აღწევს, სინათლეც კი, მაგრამ გარემომცველ სივრცეში ეს ნაკადები მაშინ თავისუფლდება, როცა შავ ხვრელებში ჩამდინარე მატერია მაგნიტურ ველს ხვრელის პოლუსებისკენ მიუყვება და იქიდან მაღალი ენერგიით იფრქვევა. ამ მატერიის გადაადგილების სიჩქარე სინათლის სიჩქარეს მხოლოდ რამდენჯერმე ჩამოუვარდება და ხშირად მილიარდობით ცელსიუსს აღწევს მისი ტემპერატურა. ეს პროცესი აცლის შავ ხვრელებს თავიანთი ბრუნვის ენერგიის ნაწილს. იხ. წყარო. 4. რის გარშემო ბრუნავს ჩვენი გალაქტიკა? პასუხი არაა ცალსახა. ის მოძრაობს ანდრომედას გალაქტიკის მიმართულებით რადიალური მოძრაობით. ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებზე ელიფსური ორბიტა უკვე აღარ გვხვდება, როგორც თანამგზავრების და პლანეტების, პლანეტების და ვარსკვლავების ან ვარსკვლავებისა და გალაქტიკის ცენტრის შემთხვევაში. ამიტომ სწორი იქნება უკვე ამ მასშტაბზე გამოვიყენოთ არა რაიმეს "გარშემო" ბრუნვა, არამედ "მიმართულებით მოძრაობა". როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი მოძრაობს ანდრომედას გალაქტიკის მიმართულებით. ჩვენს გალაქტიკაში 100-დან 400 მილიარდამდე ვარსკვლავია. ანდრომედას გალაქტიკაში კი 1 ტრილიონამდე (1000 მილიარდამდე) ვარსკვლავია. ანდრომედას გალაქტიკა ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეა. ის ჩამოყალიბდა ორი სხვადასხვა გალაქტიკის ერთმანეთთან შეერთებით, შერწყმით. ეს შერწყმის პროცესი 3 მილიარდი წლის წინ მოხდა. ასეთივე რამ განხორციელდება დაახლოებით 4.5 მილიარდ წელიწადში და ანდრომედას და ჩვენი გალაქტიკა ერთმანეთს შეერწყმება, რითაც წარმოიქმნება ძალიან დიდი, გიგანტური ერთიანი გალაქტიკა ტრილიონზე ბევრად მეტი ვარსკვლავით. თუ კაცობრიობა მაგ პერიოდში უკვე იქნება ტიპი 3 ცივილიზაცია, მაშინ ასათვისებლად გვექნება ამდენი ვარსკვლავი და ამდენად დიდი მასშტაბის კოსმოსური წარმონაქმნი. 5. სიმსივნის უძველესი აღწერა ძვ.წ. 1600 წელს შექმნილ ეგვიპტურ პაპირუსზე გვხვდება, რომელიც სავარაუდოდ, უფრო ადრეული წყაროს ასლია. იქ საუბარია მკერდის კიბოზე და აღნიშნულია, რომ ეს დაავადება უკურნებელია. ასევე აღმოჩენილია თავის ქალა კვლავ ეგვიპტეში, რომელზეც დიდი ზომის სიმსივნური წანაზარდი და დამატებით 30-მდე მეტასტაზური მცირე წანაზარდი აღინიშნება. ეს ეგვიპტელი ადამიანი ძვ.წ. 2686 წლიდან ძვ.წ. 2345 წლებს შორის პერიოდში ცხოვრობდა. აღნიშნულ თავის ქალაზე არის მრავალი ნაკაწრი, რომელიც ქირურგიული ხელსაწყოების მიერაა დატოვებული. როგორც ჩანს, ძველი ეგვიპტელი ექიმები ჯერ კიდევ იმ პერიოდში ცდილობდნენ ქირურგიული წესით სიმსივნის მოცილებას. პაციენტი 30 წელს იყო გადაცილებული, როდესაც დაიღუპა. იხ. წყარო. ასევე იხილეთ: საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მე-6; კრებულები1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. მეცნიერება - ნაწილი V 6. სხვადასხვა - ნაწილი I 7. სხვადასხვა - ნაწილი II 8. ქართული მითოლოგია 9. რელიგია 10. საქართველო - ნაწილი I 11. საქართველო - ნაწილი II 12. ქართული სახელმწიფოები 13. პროტოქართველები 14. კავკასიური კულტურები 15. პარანორმალი 16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმებიავტორი: თორნიკე ფხალაძე50 1-ს მოსწონს
|