საქართველო დროა დავისვენოთ პოლიტიკისგან! 2012, 16 ოქტომბერი, 14:39 შესაძლოა, ჩემი აზრი ცოტათი აბსურდულად მოგეჩვენოთ, დღევანდელი პოლიტიკური მოვლენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუმცა მაინც გადავწყვიტე, ეს სტატია დამეწერა.რასაკვირველია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და აქტიურად ვართ ჩართულები და დაინტერესებულები მიმდინარე მოვლენებით, მაგრამ მაინც გამოვთქვამ ჩემს აზრს და ვიტყვი, რომ მგონი დროა პოლიტიკისგან ცოტა ხნით დავისვენოთ.არ ვგულისხმობ, რომ უყურადღებოდ უნდა დავტოვოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, უბრალოდ მინდა, რომ ხალხი ფსიქოლოგიურად ცოტათი მოეშვას და ის დაძაბულობა მოიხსნას, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ასე აშკარაა.ვფიქრობ, წინა მთავრობამ იმდენად დააშინა და დაძაბა ქართველი ერი, რომ ახლაც უბრალოდ შიში გვაქვს, ვაითუ ვერც ახალმა ხელისუფლებამ გაგვიმართლოს იმედები და საბოლოოდ ისევ მოტყუებულები დავრჩეთ.ხალხო, წლების განმავლობაში აუტანელ გასაჭირში ვცხოვრობდით:უმიზეზოდ იჭერდნენ ჩვენს ახლობლებს, სასტიკად ექცეოდნენ პატიმრებს, ყველა, ვინც კი თავისუფლად საკუთარ აზრს გამოთქვამდა მეორე დღეს, როგორც მინიმუმ, ან სამსახურიდან იყო გათავისუფლებული, ან დაჭერილი, მასმედიიდან ხომ მხოლოდ იმას ვიგებდით, რაც ხელისუფლებას აწყობდა, ვიხდიდით უზარმაზარ გადასახადებს, ვიტანდით ამდენ ტყუილს და უაზრო დაპირებას, გადავიტანეთ ომი რუსეთთან, რასაც ამდენი გაუბედურებული ოჯახი მოჰყვა...მეტი რაღა უნდა მოხდეს?მოდუნდით!რაც არ უნდა იყოს, ამ არჩევნებზე ჭეშმარიტად ქართველი ერის ნება გამოიხატა და ხალხის არჩევანმა გაიმარჯვა, ეს კი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან, ჩემი აზრით, აქამდე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ არ ვარსებობდით, ახლა კი უფრო მეტად გვექნება იმის გამბედაობა, რომ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ და შეშინებულები საკუთარ ნაჭუჭში აღარ ჩავიკეტოთ.რომელ სახლშიც არ უნდა შეიხედოთ, ყველგან მარტო საინფორმაციოა ჩართული, მხოლოდ პოლიტიკაზეა ლაპარაკი და ყველას ერთი აზრი უტრიალებს თავში - ნეტა ახლა რა იქნება?არაფერი რომ არ შეიცვალოს და უბრალოდ გვატყუებდნენ? მესმის, რომ დავიღალეთ და გვინდა უკეთესობა რაც შეიძლება მალე ვიგრძნოთ, მაგრამ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ყველაფერი ერთ დღეში ვერ გამოსწორდება, ბოლოსდაბოლოს, ჯერ პარლამენტი არაა ფორმირებული! 286 6-ს მოსწონს
|