საზოგადოება „ყველაფერი გავყიდე, მათ შორის ლოგინიც და ჩემს გოგონასთან ერთად წავედი“ – ინგა ფერაძე 20 მაისი, 14:19
.
ფეიერვერკივით დაწყებული ცხოვრება და სიბერე უცხო მიწაზე, პანსიონში – ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თითქოსდა ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულ ნიჭიერ გოგონას, ინგა ფერაძეს, ასეთი რთული გზა ექნებოდა გასავლელი. მას ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ვარსკვლავივით ეცხოვრა. 11 თვის იყო, მელოდიების ღიღინი რომ დაიწყო. 2 წლის ასაკში სცენაზე გადიოდა და მღეროდა. 7 წლისამ ჩაიკოვსკის პირველი კონცერტი სმენით გაარჩია, მუსიკალურ სკოლაში შესული კი ოთხ თვეში მეორე კლასში დასვეს. როგორც ყვებიან, ხელის ბუნებრივი ტექნიკა თანდაყოლილი ჰქონდა.
გარეგნობითაც გამორჩეული იყო, ხმის ტემბრითაც და სიმღერის მანერითაც. 17 წლის ასაკში კი ყველაფერი შეიცვალა, ციხეში მოხვდა. მომღერალმა ეს ისტორია „სარკეს” უამბო.
– კაფე “მეტროში” ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდი – მეზობლები მყავდა დაპატიჟებული. იქ იმ დღეს ქეიფობდა ასევე ამ კაფეს დირექტორის შვილი, რომელსაც ახლდნენ საქართველოს ჩემპიონები კრივში. მათ გალახვას მაბრალებდნენ და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავლახავდი?! კაფეში მუსიკა უკრავდა. მოვიდნენ და მითხრეს, ვიცეკვოთო. ვუპასუხე, არ ვცეკვავ და თავი დამანებეთ-მეთქი. ჩემმა მეზობელმა გოგოებმაც უარი უთხრეს. ამის გამო ჩხუბი ატეხეს. იგინებოდნენ, ყვიროდნენ. შეგინება ასე არ უნდა-მეთქი, ავიღე და ბოთლი გავუქანე. არავის მოხვედრია, კედელს მიეფშვნა. ამის მერე ბიჭებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ჩემი ბრალი იყო, ჩხუბი რომ ატყდა, უნდა მომეთმინა, მაგრამ დედის გინებას ვერავის ვაპატიებდი. ჩხუბი გარეთ გაგრძელდა და იქ დაჭრეს ვიღაც. ამ დროს კაფეს ადმინისტრატორი მილიციის დასაძახებლად მიდიოდა. ავდექი და იმას ვაგინე. რა ცუდი სიტყვებიც კი ვიცოდი, ყველაფერი მივახალე… ხულიგნობის მუხლით გამასამართლეს და 8 წელი მომისაჯეს. მთელმა თბილისმა იცის, რომ მაშინ პროკურორმა ბევრი ფული აიღო ამ საქმეში. კაფეს პატრონმა მიჩივლა, რადგან მისი შვილი იყო გარეული… წერილებიც ნახეს, ერთმანეთს რომ სწერდნენ ის მოკრივეები, მოდი, ინგას დავაბრალოთო. ეს ყველაფერი საქმეში იდო, მაგრამ პროკურორმა თვალი დახუჭა. საშინელი კორუფცია მძვინვარებდა… 4 წელი ვიჯექი ციხეში… სიმღერაც ციხეში დავიწყე ბოშების ანსამბლთან ერთად. ვოკალური განათლება არც ახლა მაქვს, ყველაფერი ღმერთმა დამამადლა. სიმღერა რომ დავიწყე, მას მერე აღარც გავჩერებულვარ, – ყვებოდა ქალბატონი ინგა “სარკესთან” საბედისწერო დაბადების დღეზე. მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩაიარა, იყო წარმატება, ლეგენდარულ ანსამბლებში “ორერასა” და “დიელოში” სოლო კარიერა და იყო გაჭირვებაც, რამაც მომღერალი აიძულა, საქართველოდან წასულიყო. ინგა ფერაძე ბოლო წლებში ბრიუსელში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მისი ოცნება საქართველოში დაბრუნება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ოცნება ვერ ახდა. ის უცხოეთში 2023 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგა ფერაძეს ერთი ქალიშვილი დარჩა. მომღერალი წლების წინ “სარკეს” პირად ცხოვრებასა და ქალიშვილზე უყვებოდა. – 4 ქმარი მყავდა. პირველად 21 წლის ასაკში გავთხოვდი, მეორედ – 25 წლის, მესამედ – 28 წლის, ბოლოს – 31 წლის. პირველი ქმარი მიყვარდა, მაგრამ პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო… მეორე ქორწინებისას მივხვდი, რომ არ მიყვარდა და წამოვედი… ოთხივე არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ… ერთი ქმარი განსაკუთრებით მიყვარდა, მაგრამ მან განსაკუთრებით მატკინა გული და იქ დამთავრდა ყველაფერი… მერე უნგრელი ქმარი მყავდა. ფიზიკური ურთიერთობა არ მქონია მასთან. ფული გადავუხადე და ფიქტიური ქორწინება გავაფორმე, რადგან საზღვარგარეთ მინდოდა წასვლა. უნგრეთში სხვადასხვა კლუბში ვმღეროდი, მაგრამ უთბილისოდ ვერ ვძლებდი, თან მაშინ დედა ცოცხალი მყავდა. პერიოდულად ჩამოვდიოდი. ბოლოს კი ვეღარ გავძელი და დავბრუნდი… შვილი უფალმა გამომიგზავნა. ჩემს გვარს ატარებს. საქართველოდან წასვლა მაშინ მომინდა, როცა ბავშვს ცარიელა სუპს ვაჭმევდი. არანაირი კონცერტი აღარ იმართებოდა. მთელ საქართველოს უჭირდა. დედა გარდამეცვალა და რა მექნა, აღარ ვიცოდი. ეკლესია კი მეხმარებოდა ხანდახან პროდუქტებით, მაგრამ… ყველაფერი გავყიდე, მათ შორის ლოგინიც და ჩემს გოგონასთან ერთად ბრიუსელში წავედი. ახლაც იქ ვცხოვრობ… ჩემი გოგონა ჩემი სიცოცხლეა. ორი შვილიშვილი მყავს – ბიჭი და გოგო და მათით ვხარობ. არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს. უფლის მადლობელი ვარ, ასეთი ლამაზი ოჯახი რომ მაჩუქა. მშობლები რომ დამეღუპა, სულ მარტო დავრჩი. ღმერთმა კი ამის შემდეგ გამომიგზავნა ბავშვი… ნერვიულობისგან დიაბეტი დამემართა და კიდევ ათასი ავადმყოფობა, მაგრამ მორწმუნე ვარ, ღმერთი ჩემთან არის და ყველაფერი კარგად იქნება. სოციალური ბინა მომცეს. ჩემი საკუთრება არ არის, მაგრამ იქიდან ვერავინ გამაგდებს. ჩემი შვილი მხატვარია და დიზაინერად მუშაობს. მე სახელმწიფო დოტაციაზე ვარ. ავადმყოფობის გამო მომცეს ეს სტატუსი. აქედან რომ წავედი, 225 კილო ვიყავი. 4 ოპერაცია გამიკეთეს კუჭზე, 2 – თვალებზე, – გვიამბო ქალბატონმა ინგამ, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მონაზვნისას ადარებდა. “მე ცასა და დედამიწას შუაში მგონია ჩემი თავი. უზომოდ მიყვარს უფალი. ადრე ბევრი რამ არ მესმოდა, მაგრამ ახლა ბიბლია ზეპირად ვიცი… ჩემს ცხოვრებას თანამედროვე მონაზონის ცხოვრებას შევადარებდი. რა გზაც მე გავიარე, ერთის კი არა, ალბათ ოცდაათი ადამიანის სიცოცხლეს უდრის. ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ეს არის ჩემი გზა ამ დედამიწაზე, ამიტომ არაფერს ვნანობ”, – უთხრა „სარკეს“ წლების წინ მომღერალმა. . ხათუნა მაღრაძე - ჟურნალი „სარკე“ 148 2-ს მოსწონს |
ერთი არ გამოდგა, მეორე არ გამოდგა, მესამეს და მეოთხეს რაღას მიყვებოდი შე ცხონებულო?