საზოგადოება წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით 26 აპრილი, 11:09 ეროვნული ტურნირის მზადების ფარგლებში, გარემოსდაცვით თემატიკაზე, 22 აპრილს, 11:00 საათზე, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის N123 აუდიტორიაში, სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე. დებატების ეროვნული ტურნირი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. ღონისძიების ფარგლებში, ილიაუნის წარმატებულმა მოდებატეებმა გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას თავიანთი გამოცდილება დებატების ტურნირის სამზადისთან დაკავშირებით. დებატების ეროვნული ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. 3 1-ს მოსწონს
|