საქართველო "მის გარეშე ჩიტი ვერ გადაიფრენს და დამლაგებელი ვერ დაინიშნება სამსახურში"-რას წერდნენ ღარიბაშვილის მამაზე 6 წლის წინ? 2023, 12 სექტემბერი, 15:28
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განმარტებით, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერულ რეისის თანხა 34 ათასი ევროს ექვივალენტი გადაიხადა პრემიერის მამამ, ამჟამად პენსიონერმა ტარიელ ღარიბაშვილმა.
"საზოგადოებას მინდა დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს შესაბამისი ლარის კურსით.... ვფიქრობ, რომ გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარუიშსწორება მოხდებოდა არა საბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარისშორება მოხდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი, " - აცხადებს ანზორ ჩუბინიძე. "შაბათის ფორმულას" ინფორმაციით ტარიელ ღარიბაშვილი უმუშევარია - ოფიციალურად არ ფლობს არანაირ ბიზნესს, მაგრამ მის მფლობელობაში დედოფლისწყაროში უზარმაზარი სახლი და 2 500 ჰექტარი მიწაა. მიწების უმეტესი ნაწილი პრემიერის მამამ 2015 წელს შეიძინა, ამ მიწებზე ის ხორბალს თესავს. პენსიონერი ტარიელ ღარიბაშვილის საკარმიდამოს ფართობი სოფელ ხორნაბუჯაში წლიდან წლამდე მატულობს. დოკუმენტების მიხედვით, 1 წლის წინ გასახლებული მეზობლის სახლის ადგილას, პრემიერის მამა კიდევ ერთ შენობას აშენებს. სავარაუდო თანხა, რომელიც ღარიბაშვილების ოჯახს ჯამში სახლების, ეზოს და აუზის მოწყობა დაუჯდა, გაცილებით აღემატება არა მარტო ტარიელ ღარიბაშვილის პენსიას, არამედ იმ შემოსავალსაც, რასაც პრემიერმინისტრი წლიდან წლამდე ხელფასის სახით იღებს. აი რას წერდა "დედოფლისწყაროს ახალი ამბები" 2017 წლის ნოემბერში: "ტარიელ ღარიბაშვილი- კაცი, რომელიც "არ ერევა" არაფერში და მაინც ერთპიროვნულად მართავს დედოფლისწყაროს რაიონს. ძალიან დიდი იმედები იყო ხალხში, რომ თვითმმართელობის არჩევნების მერე მაინც დამთავრდებოდა ყოფილი პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კლანური მმართველობა რაიონში, მაგრამ სულ ტყუილი გამოდგა ეს იმედები. დედოფლისწყაროში ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც 21 ხმით კვლავ საკრებულოს თავმჯდომარედ, ყოფილი პრემიერის ცოლის ბიძა, ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი გოგილაშვილი აირჩიეს, რომელიც ტარიელ ღარიბაშვილის მეზობელი და მარჯვენა ხელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ჯემალ კოტაშვილი- ტარიელ ღარიბაშვილის მეგობარი, სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მიხეილ ბახუტაშვილ- ტარიელ ღარიბაშვილის მეზობელი, საბათლოს და სოფელ ხორნაბუჯის გამგებლები, კარენ მუსაელიანი და მერაბ მაძღარაშვილი- ტარიელ ღარიბაშვილის კადრები. ასევე უცვლელი რჩებიან კადრები ძალოვან სტრუქტურებშიც, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი ბუბუნაური, კახეთის სახმარეო დაცვის ხელმძღვანელი სანდრო იაკობიშვილი, რაიონის სუსის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი და ასე უსასრულოდ შეიძლება რომ ჩამოითვალოს. ფაქტიურად, დედოფლისწყაროს რაიონს ისევე მართავს ტარიელ ღარიბაშვილი.როგორც დედოფლისწყაროს მოსახლეობა აცხადებს, მის გარეშე ჩიტი ვერ გადაიფრენს და დამლაგებელი ვერ დაინიშნება სამსახურში, მას ემორჩილება რაიონის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პირად საუბრებში არაერთხელ დაადასტურეს თვით რაიონის მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, რომ ყველა საკითხს ჭრის ისევ ტარიელ ღარიბაშვილი. "ეს ადამიანი, ფაქტიურად არის ფეოდალი რაიონის, თავისი ნათესავის 'ზურაბ გონაშვილის, ზედმეტი სახელი"კაკაშას" საშუალებით განაგებს რაიონს, ატერორებს ბიზნესებს, მოსახლეობას, სხედან წილებში, არ ვიცი როდის უნდა დამთავრდეს ამათი პარპაში და ამათი კლანები როდის უნდა მოგვშორდნენ/"-აცხადებენ მოსახლეობაში. ტარიელ ღარიბაშვილმა შეკითხვაზე, თუ არ ერევა არაფერში, რატომ დადიოდა სოფელ სოფელ, რატომ პირდებოდა ხალხს ბანკის ვალების გადახდას, რატომ დაარიგა ნახევარი ცხვარი, 10 ლიტრი ღვინო და 20 ლარი უბნებზე, რატომ იდგა მთელი დღე სოფელ ხორნაბუჯის საარჩევნო უბანთან, გვიპასუხა, რომ -" ეს არჩევნებზე დავეხმარე ოცნებას, ახლა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ არ ჩავერიო არაფერში, ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომ მე ვერევი, საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატს უკვე რამდენჯერმე შეეშალათ ჩემთან და მე გავარკვევ ამას" როგორც ამბობენ ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს, არ ერევა, ყოფილი პრემიერის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი, მაგრამ მაინც ერევა რაიონის დიდი ფეოდალი საკადრო სტრუქტურებში. სურათზე მარცხნიდან მეორე, ტარიელ ღარიბაშვილი, მესამე ირაკლი შიოლაშვილი, მეოთხე ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სოფელ სამთაწყაროში." ტარიელ ღარიბაშვილი 2011 წლიდან ოფიციალურად პენსიაზე, იგი მანამდე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის (ყოფილი წითელწყარო) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული იყო, რა დროსაც გადადგომის შესახებ თავად განცხადება გააკეთა, მაშინ დადიოდა ხმები, რომ რადგან მისი ვაჟი, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდის თავმჯდომარეა, ტარიელ ღარიბაშვილს ივანიშვილთან სიახლოვის გამო საჯარო სამსახურიდან წასვლა აიძულესო. 407 2-ს მოსწონს
|